ესპანეთი, პორტუგალია და ლათინური ამერიკის ქვეყნები, საქართველოს კულტურას სატელევიზიო არხებით გაეცნობიან

საქართველოს ესპანეთის პოპულარული სატელევიზიო გადაცემა Me voy a comer el mundo-ს (მე ვმოგზაურობ სამყაროში) ჟურნალისტები ეწვივნენ, რომლებიც პრესტურის ფარგლებში, ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ, ვრცელ სიუჟეტს ამზადებენ.

​ჟურნალისტებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს. ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, სიუჟეტი სამი სატელევიზიო არხით: Canal Cocina, Selekt, El Gourmet, ესპანეთში, პორტუგალიასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში გადაიცემა.

ინფორმაციის თანახმად, სატელევიზიო გადაცემის ფორმატი 50-წუთიანია და ამ დროის განმავლობაში, მილიონობით მაყურებელი საქართველოს ტურისტულ მიმართულებასთან ერთად, ქართულ კულტურასა და სამზარეულოსაც გაეცნობა.

როგორც ცნობილია, გადამღები ჯგუფის წევრები, თბილისს, მცხეთასა და წალკის დაშბაშის კანიონს ეწვივნენ. პრესტურის მიზანი – ესპანეთიდან, პორტუგალიიდან და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან, ტურისტების საქართველოს კულტურით დაინტერესება და მოზიდვაა. ეს ფაქტი, საქართველოს შესახებ, ცნობადობის ამაღლებასაც ემსახურება.

ავტორი: სალომე ხომასურიძე