თამაზ ბაძაღუას შემოქმედებას თბილისის მწერალთა სახლში გაიხსენებენ

მწერალთა სახლში დღეს, 19:00 საათზე, ქართველი დრამატურგისა და პოეტის, თამაზ ბაძაღუას პოეზიის საღამო გაიმართება.

„გაუთენარი დღეები გზაფრავს, ვერ ამობობღდი ბინდის ხაროდან,
ჩაგძახი, როგორც ჭერახდილ საფლავს, სადაც ბავშვივით მოგიხაროდა.
ჩაგძახი, თუმცა ამაოდ ვბილწავ სიტყვას, გულზე რომ გამხია კეცად,
და ზეცასავით იხსნება მიწა და მიწასავით ღამდება ზეცა“.

პოეტი, რომელმაც დროს გაუსწრო, – ასე აფასებენ ლიტერატორები თამაზ ბაძაღუას შემოქმედებას. პოეტი 1959 წელს სოფელ ნახუნავოში დაიბადა. 1975 წელს ამავე სოფლის სკოლა დაამთავრა და იმავე წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. I კურსის სტუდენტმა პირველი სამეცნიერო ნაშრომი სტუდენტთა 38 სამეცნიერო კონფერენციაზე „პერსონოლოგიური ანალოგია“ წარმოადგინა.

1980 წელს თამაზმა უნივერსიტეტის დამამთავრებელი ნაშრომი ოთარ ჭილაძის რომანზე „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ დაწერა და ამავე წელს მუშაობა მხატვრული თარგმანის მთავარ სარედაქციო კოლეგიაში დაიწყო.

1982 წელს, 23 წლის ასაკში პირველი წიგნი „მესამე ზარი“ გამოსცა. ოჯახიც იმავე წლებში, ახალგაზრდა ასაკში შექმნა. 1985 წელს გამომცემლობა “განათლებამ” პოეტის მიერ თარგმნილი ჯაკომო ლეოპარდის ლექსები დასტამბა. ბაძაღუას, ასევე თარგმნილი აქვს პიერ პაოლო პაზოლინის, მიქელანჯელო ბუონაროტის, გიიომ აპოლინერის, რაინერ მარია რილკეს ლექსები.

პოეტი დრამატურგიაშიც მუშაობდა. ის ახალგაზრდა დრამატურგთა ბიჭვინთვის სემინარის უცვლელი წევრი გახლდათ. მისი პირველი პიესა „იფიგენია“ იყო. სხვადასხვა დროს თამაზის პიესები: „რეკვიემი ვერცხლის ქორწილისთვის“, „ღუზა ჩაუშვი“, ანგელოზო”, „ძველი როიალი“ წარმატებით იდგმებოდა რუსთავის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობისა და “ერთი მსახიობის თეატრებში”.

პოეტსა და დრამატურგს დიდი ხანი არ დასცალდა მოღვაწეობა, ის 1987 წლის 5 ნოემბერს 28 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში, ოჯახთან ერთად ტრაგიკულად გარდაიცვალა. თამაზ ბაძაღუა, მისი მეუღლე და შვილი ნახუნავოს სოფლის სასაფლაოზე, მარტვილის მონასტერთან ახლოს არიან დაკრძალულები.

“თუ ახლა მკერდზე დუმილი მაწვიმს, არ გამიმხილო – რისთვის და რატომ?
მე ჯერ მოვკვდები ღმერთების თვალწინ და მერე ჩემთვის – ჩუმად და მარტო“.

 

ავტორი: თაკო ბოკუჩავა