მსოფლიოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა, საქართველოში ეს თარიღი პირველად 2009 წელს, სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობამ აღნიშნა, რის შემდეგაც ეს თარიღი ყოველ წელს აღინიშნება.

1939 წლის 28 ოქტომბერს ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პრაღაში სტუდენტებმა და პედაგოგებმა დემონსტრაცია გამართეს, რომელიც ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების წლისთავს მიეძღვნა. დემონსტრაციას მშვიდობიანად არ ჩაუვლია, ფაშისტებმა იქ შეკრებილი საზოგადოება დაარბიეს და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი იან ოპლეტალი დახვრიტეს.
უდანაშაულო სტუდენტის მკვლელობამ საზოგადოების პროტესტი გამოიწვია და იან ოპლეტალის დაკრძალვა საპროტესტო მსვლელობაში გადაიზარდა. საპასუხოდ, ფაშისტებმა მსვლელობის მონაწილე ათობით სტუდენტი დააპატიმრეს, დაარბიეს სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი, 1200-ზე მეტი სტუდენტი დააპატიმრეს, საკონცენტრაციო ბანაკში გამოკეტეს და მათგან 9 აქტივისტი დახვრიტეს.
1941 წლის 17 ნოემბერს, ლონდონში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, სადაც პრაღაში დაღუპულ ჩეხ სტუდენტთა პატივსაცემად, 17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.
დღეს საქართველო განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ახალგაზრდებს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სტუდენტებზე ზრუნვა და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
ავტორი: თაკო ბოკუშავა

