დღეს გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა

“იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი”.

სურათი გადაღებულია ქ. სოხუმში, კაფე “ამრას” ფონზე. ფოტო დაცულია ლიტერატურის მუზეუმში

დღეს გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა

ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს, სოფელ ჭყვიშში, მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. როგორც ცნობილია, პოეტის მამა ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი მასწავლებელი იყო, რომელიც შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა.

   

 

სურათზე გალაკტიონის დაბადების თარიღი, ძველი სტილით არის მითითებული. ჩანაწერი ამოღებულია სოფელ ჭყვიშის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მეტრიკული წიგნიდან.

გალაკტიონი 1900-1908 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1908 წლიდან კი, სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1910-11 წლებში მასწავლებლად მუშაობდა. 1917-1918 წლებში, მოსკოვსა და პეტროგრადში იმყოფებოდა.

1914 წელს გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი კრებული გამოვიდა, რომელმაც გამოცემისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა. 1919 წელს კი, მეორე კრებულმა – ,,არტისტულმა ყვავილებმა“ ავტორს, ,,გენიალური გალაკტიონისა“ და ,,პოეტების მეფის“ სტატუსი მიანიჭეს. საქართველოს ეროვნული არქივი, ამ წიგნის ეგზემპლარს ინახავს, გალაკტიონის ლექსების ფრაგმენტები წიგნის ყდაზე, სწორედ დათიკო ყიფიანის გადმოწერილია.

,,პოეტების მეფე“ – გალაკტიონი, 1919 წლიდან თბილისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. სწორედ ამ წლებში იყო ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის კანცელარიის საქმის მწარმოებელი.

1922-23 წლებში პოეტი -,,გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს“ – გამოსცემდა.

1924 წელს კი, ,,გენიალური გალაკტიონი“ ჟურნალ ,,მნათობის“ ერთ-ერთი ფუძემდებელი გახლდათ.

,,გალაკტიონის შემოქმედება, რომანტიკული სამყარო იყო, სადაც პოეტმა მინიშნების, ნიუანსებისა და ასოციაციების საშუალებით, ადამიანის ყველაზე ფაქიზი განცდები, იშვიათი უშუალობითა და სილამაზით აამეტყველა“. თითქოს, გალაკტიონ ტაბიძის პოეზია, ორგანულად ერწყმოდა და აგრძელებდა ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებას. გალაკტიონის ლექსები მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი.

განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, გალაკტიონ ტაბიძის განსაკუთრებული სიყვარული მისი ცოლის, ოლღა ოკუჯავას მიმართ. პოეტისა და ოლღას სიყვარულის ისტორია, თავიდანვე ,,აკრძალვებით“ დაიწყო, რადგან ოლღას მამა ფიქრობდა, რომ პოეტი, ოჯახის მოვლა-პატრონობას ვერ შეძლებდა. ამიტომ, როდესაც ოლიამ წმინდა ნინოს სასწავლებელი დაამთვარა, მამამისმა, სტეფანე ოკუჯავამ, მასწავლებლად ჭიათურის სკოლაში გადაიყვანა. თუმცა, ამ ფაქტმა, ორ ერთმანეთზე უგონოდ შეყვარებული ადამიანის ისტორიას, ხელი ვერ შეუშალა. გალაკტიონი ჩუმად ჩადიოდა ოლიას სანახავად.

საბოლოოდ, სტეფანე იძულებული გახდა, ამ ქორწინებას დათანხმებულიყო და წყვილმა, 1916 წლის 23 აგვისტოს იქორწინა. მათი ქორწინება, სამოქალაქო წესით, 1921 წლის 15 ოქტომბერს გაფორმდა.

ახალდაქორწინებულები მოსკოვში გაემგზავრნენ. პოეტს ძალიან უნდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ვერ მოახერხა. ოლღამ კი, სამსახურიც მალე იშოვა და უმაღლეს პოლიტიკურ კურსებზეც ჩაირიცხა, გალაკტიონი კი იძულებული გახდა, რომ ქუთაისში დაბრუნებულიყო.

 

საყვარელ მეუღლესთან განშორებამ გალაკტიონ ტაბიძე კიდევ უფრო მეტად დაადარდიანა, რაც მკაფიოდ იგრძნობა იმ წერილებში, რომელსაც წყვილი ერთმანეთს დიდი ხნის განმავლობაში წერდა.

აღსანიშნავია, რომ ოლღასთან ქორწინებამდე, გალაკტიონ ტაბიძის მუზა, ქართველი მერი შერვაშიძე იყო, რომელსაც პოეტი პირადად არ იცნობდა. მისმა ნახვამ პოეტში დიდი შინაგანი გარდატეხა გამოიწვია და შემდეგ ეტაპებზე, სულ სხვაგვარი ლექსების შექმნა დაიწყო. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ მერი შერვაშიძე ულამაზესი ქალბატონი გახლდათ, რომელიც დაოჯახების შემდეგ, პარიზში ცხოვრობდა. მერი შერვაშიძე პარიზში ცხოვრების პერიოდში, კოკო შანელის მოდელი გახდა. თუმცა, მისი ცხოვრებაც სირთულეებით სავსე აღმოჩნდა.

გალაკტიონ ტაბიძის ტრაგიზმით სავსე ცხოვრებაში, სახალისო ფაქტებიც მოიპოვება. მაგალითად, უბის წიგნაკი, რომელსაც პოეტი ხშირად მოიხმარდა და მნიიშვნელოვანი, საინტერესო ფაქტების ჩანიშვნის გარდა, მასში ხატავდა კიდეც. საქართველოს ეროვნულ არქივს, პოეტის უბის წიგნაკები, შემონახული აქვს. გალაკტიონის ერთ-ერთი ჩანახატი კი, ტიციან ტაბიძის შარჟია.

გალაკტიონის ცხოვრება თავიდან ბოლომდე საინტერესო და სევდანარევი ფაქტებითაა აღსავდე. ამ ბუმბერაზი ადამიანის ქმნილებებმა, ქართული პოეტიკა ახალ ეტაპზე დააყენა. მისი შემოქმედება, რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში. გალაკტიონის ნიჭიერებას საზღვრები არ ჰქონდა. ლადო ასათიანმა პოეტს ,,ლექსის მეორედ მოსვლაც“ კი უწოდა.

არაერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოების შექმნის, უდიდესი პოპულარობის მოპოვებისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე მაინც სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან კი, კვალი მის შემოქმედებასაც დაამჩნია და პოეზიას განსხვავებული რიტმი შესძინა.

აღსანიშნავია, რომ ბოლშევიკური ხელისუფლება, გალაკტიონის მეამბოხე სულის მქონე მეუღლეს, ოლღა ოკუჯავას ,,ტროცკისტობის“ ბრალდებით დევნიდა. ის 1929 წელს დააპატიმრეს და 3 წლით გადაასახლეს. მეორედ კი, 1936 წელს დაიჭირეს, 1937 წელს გაასამართლეს, 1941 წელს კი, დახვრიტეს.

ოლღას გარდაცვალების შემდეგ, გალაკტიონი კიდევ უფრო უიმედო გახდა, მაგრამ ცხოვრებას აგრძელებდა. ,,პოეზიის მეფე“, საკუთარ შემოქმედებაში, ამ უიმედობას ყოველთვის ხაზს უსვამდა. სამწუხაროდ, მის წერილებსა და ნაწარმოებებში, მწერლის სიკვდილისკენ ლტოლვა თითქოს მუდამ იგრძნობოდა.

გალაკტიონ ტაბიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით, 1959 წლის 17 მარტს დაასრულა, თუმცა, მისი სიკვდილით, ,,გენიალური გალაკტიონი“ არ დასრულებულა. ათეულობით წლებია მისი შემოქმედება, ქართული ლიტერატურის მწვერვალია, ეს წლები კი, მალე საუკუნეებად იქცევა.

 

ავტორი: სალომე ხომასურიძე

 

 


“ქართული თეატრის ამბავი, ანუ…” – თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი 100 წლის გახდა

ქართული ცეკვის ილეთით გინესის მსოფლიო რეკორდი – გიორგი კვანჭიანის წარმატება მილანში

კულტურის სამინისტრო ქალი რეჟისორებისთვის კონკურსს აცხადებს

ეროვნულ გალერეაში ჯემალ და გიორგი კუხალაშვილების ერთობლივი გამოფენა მიმდინარეობს

თბილისის კამერულ თეატრში თოჯინური სპექტაკლი ,,დონ კიხოტი – მისტერია თოჯინებისთვის“ გაიმართა

პოდკასტი