33 წლის წინ მერაბ კოსტავა საეჭვო ვითარებაში დაიღუპა

თავისუფლებისთვის ბრძოლის დროს არაერთხელ დაპატიმრებული და გაციმბირებული მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისში მომავალ გზაზე, ავტოავარიაში დაიღუპა. ავტოავარიის დეტალები და გამომწვევი მიზეზები დღემდე ბუნდოვანია

merab kostava

13 ოქტომბერი საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. 33 წლის წინ, 1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისში მომავალი ავტომობილი, რომელშიც მერაბ კოსტავა 2 თანამებრძოლთან ერთად იჯდა, ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა. მერაბ კოსტავა შემთხვევის ადგილიდან პოლიციის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, როდესაც ის გზაში, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. როგორც ავტომობილის მძღოლი, თამარ ჩხეიძე ყვება, მას ექიმმა მკლავში ნემსი გაუკეთა, რასაც კოსტავა სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა და მომხდარს, მასზე თავდასხმად აღიქვამდა.

მერაბ კოსტავა, თბილისში, 1939 წლის 26 მაისს დაიბადა. მის აღზრდასა და ცხოვრებისეული ღირებულებების ჩამოყალიბებაში, მნიშვნელოვანი წვლილი ოჯახის წევრებს მიუძღვით.

 მერაბ კოსტავა საქართველოს ისტორიის ფურცლებზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ის იყო ქართველი საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნული გმირი, უფლებადამცველი, მუსიკათმცოდნე და პოეტი. იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ლიდერი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და რაც მთავარია, ებრძოდა საბჭოთა რეჟიმს, რის გამოც რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს.

მერაბ კოსტავას ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი 1946 წლიდან იწყება, როდესაც სწავლა თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში დაიწყო. სწორედ აქ გაიცნო და დაუმეგობრდა ზვიად გამსახურდიას. მათი ერთობლივი წვლილი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესია.

კოსტავა აქტიურად იბრძოდა საზოგადოების გამთლიანებისთვის რის გამოც, 1977 წელს, ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის დააპატიმრეს, მასთან ერთად დააკავეს ზვიად გამსახურდიაც. მერაბი, 3 წელი პერმში იჯდა, 2 წელი გადასახლება მიუსაჯეს, თუმცა, გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს და 5 წელი დაუმატეს, როგორც “ხულიგანს” და ციმბირში გაამწესეს.

   ციხესა და გადასახლებაში ყოფნისას მერაბ კოსტავამ 13 თვეზე მეტი იშიმშილა.
 1975 წელს ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციის „საერთაშორისო ამნისტიის“ (Amnesty International) წევრად აირჩიეს. ამ ორი მეგობრისა და თანამებრძოლის თაოსნობით 1976 წელს თბილისში დაფუძნდა „საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი“.

  1978 წლის 13 ივნისს აშშ-ის სენატი 90 ხმით 1-ის წინააღმდეგ შეუერთდა ნორვეგიის, ბელგიისა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტართა ჯგუფს და მერაბ კოსტავა, სხვა დისიდენტებთან ერთად, ნობელის პრემიაზე, მშვიდობის განმტკიცების დარგში წარადგინეს.

  მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდიასთან ერთად 1987-1989 წლებში გამართული თითქმის ყველა საპროტესტო აქციის, გაფიცვის, შიმშილობის, დემონსტრაციის ორგანიზატორი და აქტიური მონაწილე იყო.

  გარდა პოლიტიკური საქმიანობისა მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისთვის მინიჭებული აქვს ორი პრემია — დავით აღმაშენებლის და მწერალთა კავშირის.

  სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, მერაბ კოსტავას ინიციატივით,შეიქმნა საქართველოს საადგილმამულო მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდი, რომელიც ითვალისწინებს იმავე მიზნების აღსრულებას, რასაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული “სათავადაზნაური ბანკი”.

სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლის დროს არაერთხელ დაპატიმრებული და გაციმბირებული მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისში მომავალ გზაზე, ავტოავარიაში დაიღუპა. ავტოავარიის დეტალები და გამომწვევი მიზეზები დღემდე ბუნდოვანია. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

დოკუმენტური ფილმი მერაბ კოსტავას დაღუპვის დეტალებზე – როგორ მოხდა ავტოავარია?

 

ავტორი: ქეთა მელიქიშვილი


“ხატავდა ყველაფერზე, ყოველი დღე ხატვით იწყებოდა და მთავრდებოდა”

რუსთაველის თეატრის მხატვრების შემოქმედებას თბილისში კიდევ ერთი ბინა ინახავს

მწერალი, რომელიც სამარადჟამოდ დაიბადა მკითხველთა გულში – ოთარ ჭილაძე 90 წლის გახდებოდა

თბილისელებს მერია ავარიული სახლების რეაბილიტაციის ახალ პროგრამას სთავაზობს

ვასილ ამაშუკელის შემოქმედებითი გზა – როგორ შეიქმნა პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი

პოდკასტი