რა შეემთხვა ქართველ ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძეს უცხოურ კლუბში

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის, კარიერაში ცვლილებებია. ზაფხულიდან მოყოლებული ის უნგრეთში თამაშობს, “ფეჰერვარის” გუნდში, რომელიც ორშაბათს “უიპეშტს” დაუპირისპირდა. შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძის გუნდი დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ, ამ მოვლენამდე, ფეხბურთელმა ნახევარი სეზონი “უიპეშტის” კლუბში გაატარა. ის წარმატებული თამაშებით დაწინაურდა და მაღალი რეიტინგის გამო, “ფეჰერვარმა” მისი დაბრუნება გადაწყვიტა.

ქართველმა ფეხბურთელმა, მატჩის შემდეგ, ყოფილი თანაგუნდელები ნახა, მაისურიც გაუცვალა და მოედანი “უიპეშტის” ფორმით დატოვა. ამ საქციელმა უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია “ფეჰერვარის” გულშემატკივრებსა და ხელმძღვანელობაში. კლუბმა შესაბამისი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც განმარტებულია, რომ ბუდუ ზივზივაძემ უპატივცემულობა გამოავლინა “ფეჰერვარის” მთლიანი შემადგენლობის მიმართ, რის გამოც ის დაისჯება და აღარ იქნება პირველი გუნდის წევრი. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი სეზონის დამთავრებამდე ჰქონდა გაფორმებული, ბოლო მონაცემებით, მეორე გუნდში მოუწევს თამაში.

ბუდუ ზივზივაძის განმარტებით, მისი ქმედება პროვოკაციული არ იყო, მაგრამ ეს პასუხი კლუბმა არ მიიღო. ხელმძღვანელობა ჯერ არ აპირებს გადაწყვეტილების შეცვლას.

აღსანიშნავია, რომ, მატჩის შემდეგ, ფეხბურთში, ყოფილ თანაგუნდელებთან მისალმების პრეცედენტი პირველად არ მომხდარა, მაგრამ ამ მოვლენას ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება არ მოჰყოლია.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ბუდუ ზივზივაძის მენეჯერი, ლაშა ოდილაძე, ,,ფეჰერვარის“ სპორტულ დირექტორთან დალაპარაკებას გეგმავს.

ფოტო: molfehervarfc.hu

მეგი მიქაბერიძე