ყაზახეთს რუსული გავლენისგან თავის დაღწევა სურს(?) – თოყაევი მეორე ვადით აირჩიეს

ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებიდან თითქმის 1 წლის შემდეგ, ქვეყანამ მოქმედი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი მეორე ვადით აირჩია. წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ პრეზიდენტმა ხმების 82.45% , მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა, ჟიგული დაირაბაევმა კი 3.33 % მიიღო. ამომრჩეველთა აქტივობამ 69.43% შეადგინა.

“ხალხმა ნათლად გამოხატა ჩემდამი ნდობა და უნდა გავამართლო”, – განაცხადა 69 წლის თოყაევმა.

ყაზახეთში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ხელისუფლებამ წლის დასაწყისში არეულობები ძალისმიერი მეთოდით ჩაახშო. ცენტრალური აზიის რესპუბლიკაში მოქალაქეები თხევადი ნავთობის ფასის მოულოდნელ ზრდას აპროტესტებდნენ, რომელიც შემდეგ ანტისამთავრობო აქციებსა და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა. აქციის ძალის გამოყენებით ჩახშობის შედეგად 230 ადამიანი დაიღუპა.

იანვრის პროტესტის შემდეგ თოყაევმა რეფორმები შეიმუშავა, რომელიც პარლამენტის გაძლიერებას, პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებასა და საპრეზიდენტო ვადის 7 წლით შემცირებას გულისხმობს. რეფორმების შედეგად თოყაევი თანამდებობაზე 2029 წლამდე დარჩება. თუმცა, გატარებული რეფორმების მიუხედავად, ქვეყანაში დაძაბულობა გრძელდება.

წინა კვირას, ყაზახეთის პოლიციამ 7 ადამიანი სახელმწიფოს გადატრიალების ბრალდებით დააკავა. ყასიმ თოყაევმა თანამდებობა 2019 წელს, ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პირველი და ერთადერთი პრეზიდენტის – ნურსულთან ნაზარბაევის შემდეგ დაიკავა.
ნურსულთან ნაზარბაევის გადადგომა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისთვის უჩვეულო მოვლენაა, ვინაიდან აქ ავტორიტარი მმართველები ძალაუფლებას თავიანთი სიცოცხლის განმავლობაში ნებაყოფლობით იშვიათად თმობენ. ნაზარბაევმა გადადგომის დროს განაცხადა, რომ ქვეყანას “ლიდერების ახალი თაობა” სჭირდება. თოყაევი იმ დროს პარლამენტის სპიკერი იყო და ნაზარბაევის ხელით შერჩეულ მემკვიდრედ ითვლებოდა.

ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ნაზარბაევის პატივისცემის მიზნით დედაქალაქ ასტანას ნურსულთანი უწოდა, რომელსაც სექტემბერში ისევ ასტანა გადაარქვა. სავარაუდოდ, ეს იმის ნიშანია, რომ თოყაევი ნაზარბაევისგან დისტანცირებას ცდილობს, რომლის სახელსაც საჯაროდ გამოსვლის დროს თითქმის აღარ ახსენებს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ თოყაევი რუსული გავლენისგან თავის დაღწევასაც ცდილობს.

აღნიშნულის არგუმენტად, 17 ივნისს სანქტ-პეტერბურგში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, ყასიმ ჟომართ-თოყაევისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მოჰყავთ. ყაზახეთის პრეზიდენტმა მაშინ პუტინის თანდასწრებით განაცხადა, რომ რუსეთისგან განსხვავებით მისი ქვეყანა არ აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ “სახალხო რესპუბლიკებს” და მას კვაზი სახელმწიფოებრივი ტერიტორიები უწოდა. მაშინ, როდესაც 2014 წელს, ყირიმის ანექსიისას, თოყაევი აცხადებდა, რომ “ანექსია ძალიან ძლიერი სიტყვაა იმისთვის, რაც ყირიმში მოხდა”.

ყაზახეთის ეკონომიკა რუსეთზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული და უკრაინის ომის ნეგატიურ გავლენას განიცდის. თუმცა, ყახაზეთის პრეზიდენტმა მოსკოვი უკრაინაში შეჭრის გამო გააკრიტიკა, მაგრამ დასავლურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ არ შეუერთდა. მან ასევე უარი თქვა ე.წ. რეფერენდუმის აღიარებაზე, რომლის მიხედვითაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინის 4 რეგიონის – ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონბასისა და ლუგანსკის – ანექსია მოახდინა. ამასთან, ყაზახეთმა რუსეთის ფედერაციის ასობით ათასი მოქალაქე მიიღო, რომლებმაც ქვეყანა მას შემდეგ დატოვეს, რაც პუტინმა ე.წ. მობილიზაცია გამოაცხადა.

მთავრობის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, Reuters-ს განუცხადა, რომ თოყაევის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით, ყახაზეთი რუსეთს შესაძლებელია კიდევ უფრო დაშორდეს, ვინაიდან მასობრივმა ანტისამთავრობო გამოსვლებმა პრეზიდენტს უჩვენა, რომ დისტანცირება არამხოლოდ ნაზარბაევისგან, არამედ პუტინისგანაც სჭირდება. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ყახაზეთი მოსკოვის ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირედ რჩება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში. ამიტომ, ყაზახი პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ თოყაევი ნაზარბაევის მრავალპოლარულ საგარეო პოლიტიკას გააგრძელებს და როგორც რუსეთთან, ისე დასავლეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას შეეცდება.

 

წყარო: Reuters

ავტორი: ინგა ფუტკარაძე


“მიმდინარეობს უკრაინის ავღანიზაცია, რომ სამხრეთ კავკასია მთლიანად აიწეწოს” – მაია ნიკოლეიშვილი

საბერძნეთში დამსაქმებელთა მხრიდან ძალადობის ობიექტებს შორის 38% კაცია, 62% – ქალი

“უკრაინის ხელისუფლება რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს” – ილია II მსოფლიო პატრიარქს მიმართავს

23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა

22 მარტი წყლის საერთაშორისო დღეა – სასმელი წყლის დეფიციტის საფრთხე საქართველოში

პოდკასტი