“პიტბული არ არის “ძიძა” ძაღლი, ის არ უნდა იყოს ბავშვთან” – ძაღლმა 2 წლის ბაშვი დაგლიჯა
თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე დღეს, ორი წლის ბავშვი პიტბულმა დაგლიჯა. ძაღლი, ბავშვის ოჯახს ეკუთვნის. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

როგორც მედია სააგენტო “24”-ს კინოლოგმა, არმენ არაქელიანმა განუცხადა, თვითმარქვია სპეციალისტები ხშირად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ პიტბული არის უწყინარი, “ძიძა” ძაღლი, რომლითაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ და ინფორმაციის არქონის გამო, მძიმე შედეგებს ვიღებთ.
მისივე თქმით, ძაღის ეს ჯიში მიღებულია სპეციალური სელექციის საფუძველზე, როგორც მებრძოლი ძაღლი. ეს არის მუშა ძაღლი, რომელსაც სჭირდება ფიზიკური, გონებრივი აქტივობები და არ უნდა იყოს ოთახში პატარა ბავშვებთან, ის არ არის “ძიძა” ძაღლი.
„არაფერი იციან ძაღლის ამ ჯიშის ისტორიის შესახებ. ეს არის ძაღლი, რომელიც გამოიყვანეს სპეციალურად ბრძოლისთვის, ჩხუბისთვის. იმ დროს, როდესაც ეს ჯიში შეიქმნა, სპეციალური სელექციის საფუძველზე, სპეციალისტები იმ ძაღლებს, რომლებიც ადამიანის მიმართ აგრესიას ავლენდნენ ან აძინებდნენ, ან მოშენებაში არ რთავდნენ. დღეს ეს კანონი მორღვეულია. უკვე ყველაფერი თვითნებურად ხდება და აღარანაირ კონტროლს არ ექვემდებარება მათი მოშენება”, – განუცხადა “24”-ს კინოლოგმა, არმენ არაქელიანმა.
მისივე თქმით, როდესაც პატარა ბავშვი ეთამაშება ან აწვალებს ძაღლს, ამ დროს შეიძლება მან უნებურად ატკინოს. პიტბულისთვის ეს კბენის საკმარისი მიზეზი შეიძლება იყოს. სხვა ჯიშის ძაღლმა შესაძლოა უბრალოდ განაგრძოს ატანა.
“აქ ჯიშის და ძაღლის აღზრდის პრობლემა არ არის. ხალხი ზრდის პიტბულს სახლში, როგორც დეკორატიულ ჯიშს. ასეთ შემთხვევებზე პირდაპირ პატრონია პასუხისმგებელი. როდესაც ძაღლს ვიყვანთ, უნდა გავეცნოთ რისთვის არის ის ჯიში შექმნილი”, – ამბობს კინოლოგი.
მისივე თქმით, ადამიანი, ვინც პიტბულის სახლის პირობებში გაზრდას გადაწყვეტს, მასზე უნდა აიღოს საკმარისი პასუხისმგებლობა და ცხოველს შესაბამისად უნდა მიხედოს.
„პატრონი ცდილობს, ძაღლს შეაწმინდოს ხელი, რომელიც თვითონ აიყვანა. ყველა ძაღლს სჭირდება ფუნქცია. მონადირე ძაღლს ხომ სჭირდება ნადირობა და მინდორში სირბილი, ძებნა, ასევე პიტბულს სჭირდება ფიზიკური აქტივობა და თუნდაც ჩხუბი, რომელიც აკრძალულია კანონით. 90-იან წლებში საქართველოში ყოველ მეორეს პიტბული ჰყავდა, მაგრამ დაგლეჯის ამდენი შემთხვევა არ იყო. გარდა ჩხუბისა, მას ნადირობისთვისაც იყენებენ. უცხოეთში პოლიციაშიც ჰყავთ, ასევე შეჯიბრებებზე გამოჰყავთ, ტვირთების გადაზიდვასა და სიმაღლეში ხტომაში ძალიან წარმატებულია ეს ჯიში. პრობლემა კი ისაა, რომ ჩვენ ვზრდით და ვეპყრობით მას არასწორად”, – განაცხადა კინოლოგმა.
ქეთა მელიქიშვილი
ასევე წაიკითხეთ :
“პიტბული არ არის დეკორატიული ჯიში, სანამ აიყვანთ, წაიკითხეთ”: კინოლოგი
იქნებ, საწვრთნელ მოედნებზე ასწავლიან ძაღლებს აგრესიას?! – კინოლოგი

