ექიმის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 7ლარი, ექთნის 4,4 ლარი გახდება
2023 წლის პირველი იანვრიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სტაციონარული კომპონენტის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლებს, სამედიცინო პერსონალის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის ვალდებულება დაეკისრებათ.
აღნიშნულის ფარგლებში, ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით, თვეში დაახლოებით 1260 ლარით, ხოლო ექთნების საათში 4,4 ლარით, თვეში საშუალოდ 792 ლარით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ მედპერსონალის საათობრივი ანაზღაურება ყოველწლიურად გაიზრდება და 2025 წელს ექიმის შემთხვევაში 9 ლარი, ხოლო ექთნის – 5,6 ლარი იქნება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, მინიმალური ხელფასის საპილოტე რეჟიმი ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, (რესპუბლიკური საავადმყოფო) ხორციელდება. მთლიან სექტორში საუბარია 60 ათასამდე დასაქმებულზე.
“საპილოტედ, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ უკვე გავუშვით მინიმალური ანაზღაურების სისტემა, სადაც მინიმალურ ფიქსირებულ ანაზღაურებას ვაძლევთ ექიმებს. იმ მომგებიანობიდან გამომდინარე, რაც სექტორს აქვს, მოვუწოდებ, თავისის სურვილით გადახედოს მათ ხელფასებს, აიღოს ჩვენი მაგალითი, რა შეიძლება, ამ შესაძლებლობიდან გამომდინარე იყოს მინიმალური ანაზღაურება, ექიმებისთვის და ექთნებისთვის. მათ უნდა ჰქონდეთ ის ღირსეული ანაზღაურება, რასაც თავიანთი შრომიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე იმსახურებენ,” – განაცხადა მინისტრმა.
თაკო ბოკუჩავა