„ლაღი სული, წრფელი გული შეინახეთ“- დღეს მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეა

1880 წლის 21 ნოემბერს ქართველი მწერალი, ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი – მიხეილ ჯავახიშვილი – დაიბადა.

მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებებში ასახულია იმ პერიოდში ერისთვის მტკივნეული საკითხები, რომელიც აქტუალობას დღესაც არ კარგავს და გვახსენებს ჩვენს მოვალეობას სამშობლოს წინაშე. პირველი მოთხრობა “ჩანჩურა”, 1903 წელს, გაზეთ “ცნობის ფურცელში” გამოაქვეყნა.

ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა გაზეთ “ივერიას” (1904 წ. ) და “გლეხს” (1906 წ.). რევოლუციური მოძრაობის განვითარება გამოიხატა მოთხრობაში “ჯილდო”. 1907 წელს მწერალი გაერიდა ხელისუფალთა დევნას, ერთხანს პარიზის უნივერსიტეტში სწავლობდა, იმოგზაურა ევროპაში. თხუთმეტწლიანი დუმილის შემდეგ მოთხრობა “ტყის კაცით” (1923 წ.) დაიწყო მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების II პერიოდი.

მის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ადამიანის ვალი სამშობლოს, ხალხის, ოჯახის წინაშე. 1933-1934 წლებში გამოვიდა ჯავახიშვილის რჩეულ თხზულებათა ოთხტომეული. თუმცა, შემოქმედებით ზენიტში მყოფ მწერალს მრავალი საინტერესო ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი. წინააღმდეგობა საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა: ის სტალინის პერიოდის დიდი წმენდის მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში.

მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს. მიხეილ ჯავახიშვილზე ცენზურა მხოლოდ 1950-იანი წლების ბოლოს მოიხსნა. რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ გამოიცა მისი ნაწარმოებები. მწერლის შემოქმედება თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე.

„ყველაფერი დაიკელით, ყველაფერზე უარი სთქვით… ოღონდ სიხარულს გაუფრთხილდით… ლაღი სული, წრფელი გული შეინახეთ“ – მიხეილ ჯავახიშვილი.

 

ავტორი: ელენე ვადაჭკორია


თბილისის კამერულ თეატრში თოჯინური სპექტაკლი ,,დონ კიხოტი – მისტერია თოჯინებისთვის“ გაიმართა

ელენე აბაშიძე – ქალი, რომელიც მსოფლიომ აღიარა

“ხატავდა ყველაფერზე, ყოველი დღე ხატვით იწყებოდა და მთავრდებოდა”

რუსთაველის თეატრის მხატვრების შემოქმედებას თბილისში კიდევ ერთი ბინა ინახავს

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, კიბოს სკრინინგის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართება

პოდკასტი