მადრიდში ნატოს 68-ე საპარლამენტო ასამბლეა მიმდინარეობს
დღეს ალიანსის წევრები ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციის პროექტს კენჭს უყრიან. რეზოლუციაში მთავარ საფრთხედ რუსეთია მოხსენიებული. ამასთან, რეზოლუციის ზოგიერთი შესწორება ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მოუწოდებს, რუსეთი არსებული რეჟიმის პირობებში, ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიაროს.

საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ასევე დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ,,ონლაინ“ მიმართვაც.
,,თითქმის 9 თვის წინ ვლადიმერ პუტინის მიერ დაწყებული პროვოცირებული კრიმინალური ომით, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას და ლიბერალურ დემოკრატიულ ღირებულებებს, საფრთხე ემუქრება“, – ხაზს უსვამს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჯერალდ ქონოლი.
,,ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, ვიყოთ მტკიცედ უკრაინის გვერდით იმდენი ხანი, რაც გამარჯვებას დასჭირდება, რათა რუსეთმა მის მიერ ჩადენილ საზარელ დანაშაულებზე, პასუხი აგოს“, – ამბობს ის.
ასამბლეაზე საუბარი შეეხება ფინეთისა და შვედეთის პროგრესს ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციის კუთხით. ნატოს ოფიციალური პოზიციით, ფინეთი და შვედეთი იზიარებენ დემოკრატიულ ღირებულებებს და ალიანსს წევრობით გააძლიერებენ.
ასამბლეას ესწრება საქართველოს დელეგაცია, მათ შორის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები.
რეზოლუციაში საუბარია საქართველოს შესახებ. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურის წევრი. ამასთანავე, რეზოლუცია მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს ნატოს პარტნიორ ქვეყნებს თავდაცვისუნარიანობისა და მედეგობის ამაღლებასა და გაძლიერებაში. მეტიც ასამბლეა, ალიანსის წევრებს მოუწოდებს მალე მიიღოს საქართველოსთვის საჭირო პაკეტების იმპლემენტაცია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ნატოს გაცხადებული პოზიცია არის ის, რომ ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება.
ავტორი: ინგა ფუტკარაძე

