დისბაქტერიოზს ყველაზე ხშირად ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება იწვევს

მეგობარი ბაქტერიების შესავსებად შეიძლება გამოიყენოთ საკვები, მაგალითად, მაწონი, ტრადიციული მეთოდით დამზადებული მწნილი.

დისბაქტერიოზი ჯანმრთელ ნაწლავში მეგობარ და არამეგობარ ბაქტერიებს შორის თანაფარდობის დარღვევის შედეგია. დისბაქტერიოზის ყველაზე ხშირი მიზეზი ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენებაა.

ჩვენს ორგანიზმში ბუნებრივად არსებული რამდენიმე მილიონი ბაქტერია ზრუნავს იმაზე, რომ დისბაქტერიოზი აგვაცილონ თავიდან. ჯანმრთელ ნაწლავში მეგობარი და არამეგობარი ბაქტერიების თანაფარდობა დაცულია.
არ დაგავიწყდეთ, დისბაქტერიოზი არის დიაგნოზი, რომელიც მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის შედეგად დგინდება. დისბაქტერიოზი ნიშნავს ბაქტერიების თანაფარდობის რაოდენობრივ და თვისობრივ ცვლილებას.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ბაქტერიების ნორმალური ფლორის შენარჩუნება უფრო ადვილია, ვიდრე აღდგენა. შესაბამისად, დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა უფრო მარტივი და გონივრულია, ვიდრე მისი მკურნალობა. სწორედ ამიტომ, დაუშვებელია ანტიბიოტიკების თვითნებური მოხმარება, ანტიბიოტიკის დოზის მკურნალობის ხანგრძლივობის დარღვევა, ანტიბიოტიკების გამოყენება სიცხის დამწევად, ვირუსის წინააღმდეგ დაავადების პროფილაქტიკისთვის.

აგრეთვე, დაუშვებელია პრობიოტიკების და პრებიოტიკების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ, თუ გაქვთ ფაღარათი, აშკარა მიზეზის გარეშე, გაგიგრძელდათ დიარეა, შეგაწუხათ ყაბზობამ, გაქვთ საერთო სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება და სხვა.

გაითვალისწინეთ, მეგობარი ბაქტერიების შესავსებად შეიძლება გამოიყენოთ საკვები. მაგალითად, მაწონი, ტრადიციული მეთოდით დამზადებული მწნილი. თქვენი ნაწლავის მდგომარეობის შესაბამისად მეგობარი ბაქტერიების საკვებად გამოიყენეთ: რძის ნაწარმი, პარკოსნები, ხახვი, ნიორი და სხვა.

სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია: სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი.