მთავრობის მოლოდინით, აგვისტოს ბოლოს საწვავი საგრძნობლად გაიაფდება

ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის მოლოდინით, აგვისტოს ბოლოსთვის ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები „საგრძნობლად შემცირდება“.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დავითაშვილმა ეს კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელ ირაკლი ლექვინაძესთან ერთად საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

„ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კერძო სექტორთან ერთად განიხილება საწვავის ბაზარზე კონკურენციის, ასევე საწვავით მომარაგების იაფი წყაროების მოძიების საკითხები, რამაც შესაძლებელია უზრუნველყოს ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის არსებული ფასების შემცირება“,- იუწყება სამინისტროს პრესცენტრი.

პრესცენტრი ასევე წერს, რომ „ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ მიმდინარე თვის ბოლოსთვის გასამართ სადგურებზე საწვავის ფასები საგრძნობლად შემცირდება“.

11 აგვისტოს ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტო „როიტერსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი 2022 წლის მარტის ნიშნულამდე ჩამოვიდა და ერთ გალონზე (დაახლოებით 4.5 ლიტრი) 4 აშშ დოლარი შეადგინა.

მსოფლიო ბაზარზე ფასებმა რეკორდულ ნიშნულს ივნისში მიაღწია, როდესაც ერთი გალონი საწვავის ფასი 5.02 აშშ დოლარი გახდა. ფასების ზრდა, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრას უკავშირდება.


პოდკასტი