საინტერესო ფაქტები 1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან
1938 წელს ფიფას რიგით მესამე მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, რომელსაც 4-19 ივნისს საფრანგეთმა უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ წინასწარი შეთანხმებით, მსოფლიო ჩემპიონატი ორ კონტინენტზე, ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში, რიგრიგობით უნდა გამართულიყო, მაგრამ ფიფამ გადაწყვეტილება შეცვალა და 1936 წლის 13 აგვისტოს, ბერლინში მასპინძელ ქვეყნად, საფრანგეთი აირჩია. მსოფლიო ჩემპიონატს კვლავ ევროპამ უმასპინძლა. ფიფას გადაწყვეტილებამ, ლათინური ამერიკის ქვეყნები განაცვიფრა და ევროპაში ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის გამო, შეჯიბრში ურუგვაი და არგენტინა არ მონაწილეობდნენ. ამასობაში, მონაწილეობა ესპანეთმაც ვერ მიიღო ესპანეთის სამოქალაქო ომის გამო. საფრანგეთში მხოლოდ ბრაზილიისა და კუბის ეროვნული გუნდები გაემგზავრნენ.
ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ბურთი და ევროპიდან პირველი რადიორეპორტაჟი
1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, ორი განსაკუთრებული მოვლენა დაერთო. ჩემპიონატზე პირველად გამოიყენეს ბურთი თასმების გარეშე, რომელიც იდეალურად მრგვალი და სრულიად ახალი ტექნოლოგიით იყო დამზადებული. ბურთს ნიპელი შიგნიდან ჰქონდა დამაგრებული, რაც იმ დროისთვის, იშვიათი მოვლენა იყო.
ევროპიდან საფეხბურთო მატჩების რადიორეპორტაჟი სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე, კერძოდ კი, ბრაზილიაში პირველად გადაიცემოდა, რომლის კომენტატორი, ბრაზილიელი რადიოწამყვანი – გალიანო ნეტო იყო, რომელიც იმ დროისთვის, დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
ლეონიდასი – ტურნირის ,,ბომბარდირი“
ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი, ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი, ლეონიდას სილვა გახდა, რომელმაც ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა. სილვა პელეს გამოჩენამდე, ყველზე დიდ ბრაზილიელ ფეხბურთელად მიიჩნეოდა. გულშემატკივრებმა მას ,,შავი მარგალიტი“ უწოდეს. ლეონიდასმა პოლონეთთან მატჩში (6:5) ,,ჰეთ-თრიკიც“ შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ სილვა ,,მაკრატელა“ დარტყმის ერთ-ერთ გამომგონებლად ითვლება.
ბრძოლა ბორდოში
მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე უხეში, გაძევებებითა და ტრამვებით სავსე მატჩი, ბრაზილიასა და ჩეხოსლოვაკიას შორის, ნახევარფინალური შეხვედრის დროს გაიმართა. 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირმა, ოლდრჟიხ ნეედლიმ, ფეხი მოიტეხა. ჩეხოსლოვაკიის მეკარე პლანიკმა კი, ხელი. გარდა ამისა, მოედნიდან სამი ფეხბურთელი გააძევეს, მათ შორის, ორი ბრაზილიელი, ერთი კი, ჩეხი. საფეხბურთო მოედანზე ისეთი შერკინება გაიმართა, რომ გულშემატკივრებმა მას ,,ბრძოლა ბორდოში“ უწოდეს. ამ შერკინების შედეგად, ბრაზილიის ნაკრებმა 2:1 მოიგო და ნახევარფინალის საგზურის მფლობელიც გახდა.

,,ბრძოლა ბორდოში“
ბრაზილიის მარცხი
ნახევარფინალურ ტურში ერთმანეთს იტალია და ბრაზილია დაუპირისპირდნენ. იტალიის ნაკრები ამ დროს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის სტატუსს ატარებდა. ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა კი, მათთან შეხვედრის დროს, თავისი გუნდის ლიდერის, ლეონიდასის დასვენება გადაწყვიტა იმის გამო, რომ ის ფინალისთვის უკეთ მომზადებულიყო. თუმცა, ეს გადაწყვეტილება ბრაზილიის ნაკრებისთვის, საბედისწერო აღმოჩნდა, რადგან მათ იტალიამ 2:1 მოუგო და ფინალური ტურის საგზური ჯუზეპე მეაცას გუნდმა მოიპოვა.

სტადიონი “მარსელი”
იტალია – ორგზის მსოფლიო ჩემპიონი
ბრაზილიის ნაკრების წევრები დარწმუნებული იყვნენ, რომ ფინალში გავიდოდნენ, ამიტომ, მარსელი-პარიზის ერთადერთ ავიარეისზე, ბილეთები წინასწარ შეიძინეს. მიუხედავად იმისა, რომ დამარცხდნენ, ბრაზილიელებმა შეძენილი ბილეთების იტალიელებისთვის დათმობაზე უარი თქვეს და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები, პარიზში, ფინალური მატჩის ჩასატარებლად მატარებლით გაემგზავრნენ. ფინალურ ტურში, იტალია უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის, უნგრეთს საკმაოდ ძლიერი ნაკრები ჰყავდა.
ეს ბრძოლა, იტალიის გამარჯვებით დასრულდა. იტალიამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 1938 წელს, უკვე ზედიზედ მეორედ მოიპოვა. იტალიის 1934 და 1938 წლების გუნდები ერთპიროვნული მსოფლიო ჩემპიონატის ჩემპიონები არიან იმავე მწვრთნელის, ვიტორიო პოცოს ხელმძღვანელობით. ამ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და მუნდიალი 1950 წლამდე ვეღარ ჩატარდა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ალბერტ ლებრანი 1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მონაწილეებს ესალმება
აღსანიშნავია, რომ ნიკეს ოქროს თასი აპენინელთა კაპიტანს, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო იტალიელ ფეხბურთელს, ჯუზეპე მეაცას საფრანგეთის პრეზიდენტმა ალბერ ლებრანმა გადასცა.
XX საუკუნის 30-იან წლებში იტალია მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო გუნდი იყო და ეს ფინალშიც კარგად გამოჩნდა – 4:2. იტალიური ფეხბურთის მემატიანეები წერენ, რომ პარიზული პაექრობის წინ, ნაკრების ,,თავკაცმა“ ვიტორიო პოცომ ფეხბურთელებს ბენიტო მუსოლინის ელვა-დეპეშა წაუკითხა. დუჩე ბიჭებს მხოლოდ ერთი წინადადებით მიმართავდა: „გამარჯვება ან სიკვდილი!“ ეს მოკლე მოწოდება მხოლოდ პატრიოტიზმის გაღვივებას რომ არ ისახავდა მიზნად, თითოეულმა იტალიელმა შესანიშნავად იცოდა.
იტალია პირველი გუნდი გახდა, რომელმაც მთავარი საფეხბურთო თასი შეინარჩუნა, ხოლო ტრიუმფატორთა ,,თავკაცი“ – ვიტორიო პოცო, დღემდე ერთადერთია, რომელმაც გუნდი საფეხბურთო ოლიმპზე ორჯერ აიყვანა.
ავტორი: სალომე ხომასურიძე

