„მოუთმენლად ველი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას და ცოტას ვღელავ, რადგან ეს ჩემი ბოლო მუნდიალი იქნება “ – მესი

კატარის მსოფლიო ჩემპიონატი ლიონელ მესისთვის ბოლო დიდი ტურნირი იქნება, სადაც ის ეროვნული ნაკრების მაისურს მოირგებს. ამის შესახებ ლეომ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განცხადა:

„მოუთმენლად ველი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას და ცოტას ვღელავ, რადგან ეს ჩემი ბოლო მუნდიალი იქნება. არგენტინა ნებისმიერ გუნდთან სათამაშოდ მზად არის. რთული ჩემპიონატი იქნება, მაგრამ ვეცდებით, საუკეთესოდ გამოვიდეთ“.

 

“ოქროს ბურთის” შვიდგზის მფლობელს მსოფლიო ჩემპიონატი არასდროს მოუგია, ყველაზე ახლოს მასთან 2014 წელს იყო, როცა არგენტინამ ფინალი წაგო.

 

“ეს, ალბათ, ჩემი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია, ჩემი უკანასკნელი შანსი – მივაღწიო ამ დიდ ოცნებას, რომელიც მაქვს”, – თქვა მესმიმ.

 

“პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი ამბობს, რომ ფიზიკურად თავს ძალიან კარგად გრძნობს და განსაკუთრებულად არ ემზადება.

 

“ვფიქრობ, რომ შესანიშნავ მომენტში ვარ, როგორც პიროვნულად, ასევე ფიზიკურად და არანაირი პრობლემა არ მაქვს”, – დასძინა მესიმ, რომელმაც შაბათს თანაგუნდელებისგან მოშორებით მსუბუქი ვარჯიში ჩაატარა.

 

მესისთან ერთად გასულ წელს არგენტინამ საერთაშორისო თასი მიიღო, როცა ფინალში ბრაზილია დაამარცხა კოპა ამერიკაზე.

35 წლის ფეხბურთელი არგენტინის სახელით პირველ მატჩს დღეს, სამშაბათს, საუდის არაბეთთან ითამაშებს. საუდის არაბეთთან შეხვედრის შემდეგ, C ჯგუფში არგენტინა მექსიკასა და პოლონეთსაც დაუპირისპირდება.

 

ავტორი: ელენე ვადაჭკორია