როგორ ავიცილოთ თავიდან კომპიუტერული კისრის სინდრომი

კომპიუტერის გარეშე თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია. კომპიუტერი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი და აუცილებელი ატრიბუტი გახდა, თუმცა ხშირად ადამიანები ისე ეჯაჭვებიან მას, რომ, ფაქტობრივად, მთელ დღეს და ხშირად ღამესაც კომპიუტერთან ატარებენ.

დიდი დროის კომპიუტერთან ან მობილურ მოწყობილობებთან გატარებისას, ხერხემლის კისრის ნაწილზე დიდ დატვირთვა მოდის, და დროთა განმავლობაში კომპიუტერული კისრის სინდრომი ყალიბდება.

აღნიშნული სინდრომის მქონე ადამიანი ისე გამოიყურება, თითქოს რაღაცის ახლოდან დანახვა  სურს. მას კისერი წინ აქვს წაზიდული. როდესაც კისერი მუდმივად ასეთ მდგომარეობაშია, ორგანიზმში ჯანმრთელობისათვის საზიანო პროცესები ვითარდება.

პრობლემათა ასარიდებლად აუცილებელია სამუშაო კუთხის სწორად მოწყობა.
ამისათვის:

1. კომპიუტერის მონიტორი თვალების დონეზე უნდა იყოს განთავსებული;

2. მცირე ზომის გამოსახულებათა დათვალიერებისას საჭიროა მონიტორზე მათი გადიდება და არა მონიტორთან მიახლოება, თავის დახრის კუთხე მინიმალური უნდა იყოს;

3. მუშაობისას მხრების სწორად დაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს, მხრები არ უნდა დაიძაბოს, ამისათვის კლავიატურა ოპტიმალურ სიმაღლეზე, კომფორტული კუთხით დახრილ მდგომარეობაში უნდა იყოს განთავსებული;

4.  სავარძლის სიმაღლე ისეთი უნდა იყოს, რომ მუხლები და ბარძაყები ერთ სწორ ხაზზე იყოს დაფიქსირებული;

5. ტერფები გვერდიგვერდ უნდა იყოს განთავსებული, ფეხის ფეხზე გადადება არ არის სასურველი.

ამ სინდრომის მქონე ადამიანთა რიცხვი ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება. მდგომარეობის გამოსწორება მარტივად შეიძლება, თუ ადამიანი დროულად მიაქცევს ამ პრობლემებს ყურადღებას.

სპეციალისტები შემდეგ ვარჯიშებს გვირჩევენ:
1. თავი წრიულად ამოძრავეთ ჯერ მარცხენა, შემდეგ კი მარჯვენა მიმართულებით;

2. თავი დახარეთ წინ ისე, რომ ნიკაპით მკერდს შეეხოთ, შემდეგ კი მაქსიმალურად უკან გადახარეთ;

3. თავი შემოაბრუნეთ ჯერ მარცხნივ, შემდეგ კი მარჯვნივ რამდენიმეწამიანი დაყოვნებით;

ყურადღება მიაქციეთ ასევე თვალებს, პერიოდულად მოაშორეთ ისინი მონიტორს, რადგან მათი დაძაბვა-დაღლაც იწვევს კომპიუტერთან რეფლექსურად მიახლოებას, რაც ძაბავს ხერხემალს.
კომპიუტერთან ჯდომისას შეეცადეთ ზურგი გამართული გქონდეთ.

ყველა აღნიშნული წესის დაცვა აგარიდებთ ჯდომისას შექმნილ დისკომფორტს და კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობით გამოწვეულ პრობლემებს.

ლელა დევდარიანი