ევროკავშირის საშინაო დავალების შესრულება მძლავრი პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე

ხუთი თვეა, რაც საქართველომ ევროკომისიისგან 12-პუნქტიანი საშინაო დავალება მიიღო. თუ მას შეასრულებს, ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ამისთვის ხელისუფლებას თავისი გეგმა აქვს, არასამთავრობო ორგანიზაციებს – თავისი.

კიდევ ერთ, მესამე გეგმაზე მუშაობენ დიდი ოპოზიციური პარტიები. მოწოდება, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების გარშემო დაპირისპირებული პოლიტიკური მხარეები გაერთიანებულიყვნენ და ერთ მაგიდასთან დამსხდარიყვნენ, არ გამოვიდა. სადაო ბევრი აქვთ, განსაკუთრებით კი, დავის საგანი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი – დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი აღმოჩნდა. მთავრობამ იმ იმედით, რომ განსახილველი არ გახდებოდა დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინული მოდელი, რომელიც ევროკომისიის მიერ მოწონებული იყო, თარგმნა და ქართულ რეალობას მოარგო.

„სწორებას ვაკეთებთ ევროპულ სტრუქტურებზე. თუკი მათი მხრიდან პრაქტიკულად მოწონებულ იქნა ეს [უკრაინული] მოდელი, მაშინ ლოგიკურია, რომ იგივე მოდელი, ჩვენთან მიმართებით, პოზიტიურად შეფასდეს. ამიტომ ჩვენ რაიმე ახალი კანონი არ შეგვიქმნია, ავიღეთ უკრაინული მოდელი, ვთარგმნეთ და იგივე პრინციპებზე დაფუძნებით უნდა დავაინიციროთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, რომელიც ასევე დეოლიგარქიზაციის საკითხზე „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია.

თუმცა, ოპონენტები მიიჩნევენ, რომ უკრაინული კანონი საქართველოს კონტექსტს არ ითვალისწინებს და ის, შესაძლოა, პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღადაც იქცეს. ოპოზიციის გადამეტებული ღელვა დეოლიგარქიზაციის კანონის მიმართ საზოგადოებაში ბევრ კითხვას აჩენს, თუმცა, ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა, აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკავშირის რეკომენდაციები ზოგადია და ის კონკრეტულ პირებს არ უკავშირდება.

“ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს უკავშირდება კონკრეტულ ადამიანს, ამიტომ, როცა საუბარია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე, ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს მთავრობას, ვენეციის კომისიაზე გაიტანოს შესაფასებლად ეს კანონპროექტი და ვნახოთ, რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი ქვეყანას იმ მიზნამდე, რომელიც გაწერილია ამ პრიორიტეტებში”, – განაცხადა ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას.

მისივე თქმით, ევროკავშირს საქართველოსგან სჭირდება ეროვნული კონსენსუსი 12-ვე პუნქტზე და ამ თანხმობაში მნიშვნელოვანია სწორედ პარლამენტში არსებულ პარტიებს შორის თანამშრომლობა. ევროკომისარი იმედოვნებს, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა სწორად შეაფასებს იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირი 12-პუნქტიანი რეკომენდაციის სახით აძლევს ქვეყანას.

ოლივერ ვარჰეის თქმით, ქვეყნის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსი უნდა შედგეს.

“იმედია, დღეს იქნება მკაფიო დასტური ყველას მხრიდან. მთავრობას, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, თუმცა, ყველაზე მეტი წილი გასაკეთებელია პარლამენტის მხრიდან”, – განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში.

ოლივერ ვარჰეის სტუმრობას და პოზიტიურ განცხადებებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციის წევრების შეფასებით ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი, მათივე თქმით, საქმეში ბოლომდე ჩაუხედავი ადამიანი, ნებსით თუ უნებლიედ, ხელს უწყობს “ოცნების” სახელით მოძრავ უსინდისოთა ბრბოს, მისი შეხედულებები არის შეფერილი პოლიტიკური აფილაციით და ეს პოლიტიკური აფილაცია არის პარტიასთან, რომელიც არის “ევროსკეპტიკური”, – ასე აფასებენ ოპოზიციურ წრეებში ოლივერ ვარჰეის საქართველოში სტუმრობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ოპოზიციას დაბოღმილ, გამწარებულ და შურით აღვსილებს უწოდებს. მისი თქმით, ევროკომისარმა პოზიტიური გზავნილი ჩამოიტანა ოპოზიცია კი, მას თავს დაესხა.

“ამაზე მეტი რა მტკიცებულება სჭირდება საზოგადოებას? ამ ადამიანებს არ უხარიათ, არც ქვეყნის წარმატება, არც პოზიტიური შეფასება. ჩვეულებრივ ხართ დაბოღმილი, გამწარებული, შურით აღვსილნი, საშინელებაა!” – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციის წევრებს პარლამენტში, სადაც 18 ნოემბერს, ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა.

პრემიერმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციონერ დეპუტატს, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს გიორგი ვაშაძეს მახინჯი, მჩაგვრელი და დიქტატორული რეჟიმის შემოქმედების თანამონაწილე უწოდა:

“როგორ ბედავთ საერთოდ თქვენ, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ მახინჯი, მჩაგვრელი დიქტატორული რეჟიმის და სისტემის, რომელიც ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა, კერძო საკუთრების განცდა და ცნება საერთოდ არ არსებობდა ქვეყანაში, ძარცვავდა კეზერაშვილი, თქვენი მთავარი ფორმალური თუ არაფორმალური მმართველი, ოლიგარქი, რომელმაც ჯერ ჯარი, ბიზნესი გაძარცვა და ახლა ევროპელი პენსიონერები. როგორ აძლევთ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ აქეთ გადმოხვიდეთ შეტევაზე? ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი. ეს იყო შეთქმულება და ამაზე ვისაუბრეთ“!

პრემიერის გაღიზიანება ვაშაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც პრემიერი დაადანაშაულა იმაში, რომ საქართველოს დღეს ევროკავშირის სტატუსი არ აქვს. მისივე თქმით, მმართველი პარტიის არჩევანი არის ოლიგარქიული რეჟიმი და არა ძლიერი საქართველო.

“თქვენ, სამწუხაროდ, არ ირჩევთ ევროპისკენ გზას და არ ირჩევთ ძლიერი საქართველოსკენ გზას. თქვენი გზა არის რუსეთისკენ, რადგან თქვენ გინდათ ოლიგარქიული რეჟიმი, სადაც ელიტა მდიდარია, ხალხი ღარიბი. სადაც საქართველოს მოქალაქეები გარბიან და მათ ადგილს იკავებენ რუსეთის მოქალაქეები. ამ არჩევანს თქვენ, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გააფორმებთ იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი ერთად, აუცილებლად გაგცემთ პასუხს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მედია სააგენტო “24” – თან საუბრისას ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციაც და „ქართული ოცნებაც“ დამნაშავეა ამ პროცესებში. მისივე თქმით, ერთი მხრივ, მთავრობას არ სურს აღნიშნული 12 პუნქტის შესრულება და ევროკავშირისგან კანდიდატობის სტატუსი, „რაზედაც მიუთითებს მათი მხრიდან დაუფიქრებელი ქმედებები”, მაგრამ, ასევე სურთ, რომ ეს ოპოზიციას დაბრალდეს. მეორე მხრივ კი, ოპოზიცია მთავრობას ამაში ხელს უწყობს.

“ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა მას? “ქართული ოცნების” დამარცხება, თუ პირველ რიგში, კანდიდატის სტატუსი ქვეყნისთვის. კანდიდატის სტატუსს თუ მივიღებთ, ამის შემდეგ დაიწყება ყველაფერი ნამდვილი, დეოლიგარქიზაციაც, ნამდვილი დემოკრატიაც და სასამართლოს რეფორმაც. ოპოზიციას არ უნდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ჩაიწეროს ქულები და ამიტომ, არ თანამშრომლობს მასთან. მეორე მხრივ კი, ხელს უწყობს “ქართულ ოცნებას” იმაში, რომ 2024 წლის არჩევნების დროს “ოცნებამ” ოპოზიციას დააბრალოს კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება. ორივე მხარე დამნაშავეა ამ პროცესში”, – განუცხადა “24”-ს პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე აზრით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საიდან იქნება ნათარგმნი “დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი”, მთავარია ევროკავშირმა მიიღოს და აღიაროს. საერთოდ არ უნდა ხდებოდეს ეს მსჯელობის საგანი.

“ევრკავშირისთვის, თუ მისაღები იქნება უკრაინული მოდელიდან ნათარგმნი და გადმოწერილი “დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი”, მაშინ, რა პრობლემა გვაქვს, რა არის აქ სადაო? ჩვენი მოპასუხე დღეს არის ევროკავშირი”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ამ ფონზე, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებაზე საუბარი, ალბათ, გაუგებარი და საკმაოდ რთულია. დაპირისპირების მასშტაბების გაზრდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პარლამენტის სხდომაზეც კარგად გამოჩნდა. 12-პუნქტიანი საშინაო დავალების პირველი პუნქტის შესრულებაც კი, რომელიც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას გულისხმობს, ძალიან რთულია ქართულ პოლიტიკური წრეებისთვის. დესტრუქციული ოპოზიცია უარს ამბობს სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე, პრემიერ-მინისტრმა კი, კვლავ ოფიციალურად განაცხადა, რომ პოლიტიკური ოპონენტებისთვის კარი ღიაა.


პარლამენტმა „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტი მიიღო

უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

,,საქართველო არასოდეს დაიჩოქებს მტრის წინაშე“- საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ცხოველთა წამებისა და მათდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდა

დაექვემდებარება თუ არა ელექტრო გაყვანილობებისა და ელექტრო დანადგარების მოწყობა-სამონტაჟო სამუშაოები ლიცენზირებას

პოდკასტი