“თქვენი სახლი ზღურბლთან არ მთავრდება” – ვანდალიზმის მოუგვარებელი პრობლემა
საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, გასართობ და დასასვენებელ სივრცეებში, სკვერებში ხშირად ვხვდებით დაზიანებულ ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით ახალ რეაბილიტირებულ სკვერებში.

მოქალაქეების არამოქალაქეობრივი დამოკიდებულება იმ გარემოსადმი, რომელშიც ცხოვრობენ საზოგადოების მწვავე პრობლემად იქცა. ადამიანები აზიანებენ ინფრასტრუქტურას, წვავენ სკამებს, ჯღაბნიან კედლებს და არ უფრთხილდებიან იმ გარემოს, რომელსაც განსატვირთად კვლავაც მიაკითხავენ.
გლდანის VI მიკრორაიონის ახალრეაბილიტირებულ სკვერში კიდევ ერთი ვანდალიზმის ფაქტი მოხდა. ახალგაზრდებმა სკამებს საყრდენები მოაგლიჯეს და იქვე ცეცხლი დაანთეს. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ფეისბუქმომხმარებლებმა ვანდალების დასჯა მოითხოვეს.
ახალრეაბილიტირებული სკვერის ფართობი 10 000 კვ/მ-ია. პარკი გათვლილია ყველა ასაკის ადამიანზე. მოწყობილია ყველა სახის ინფრასტრუქტურა, სარწყავი სისტემა, სხვადასხვა ასაკის ბავშვის/მოზარდის გასართობი სივრცეები, სტადიონები და სხვ.
ვანდალიზმის ფაქტს გამოეხმაურა თბილისის საკრებულოში გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, კონსტანტინე ზარნაძე.
როგორც მან მედია სააგენტო “24”-ს განუცხადა, აღნიშნულ სკვერში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები და ვანდალიზმის ფაქტის ჩამდენები კანონის ფარგლებში, აუცილებლად დაისჯებიან.
მისივე თქმით, სკვერში მერიის უსაფრთხოების სამსახურმა საგანგებოდ დაამონტაჟა ვიდეო კამერები, ვანდალიზმის ფაქტის ამსახველი მასალები გადაგზავნილია კრიმინალურ პოლიციაში, სადაც მიმდინარეობს გამოძიება და დამნაშავეების იდენტიფიცირება.
“სკვერების რეაბილიტაცია ისევ ხალხის ფულით ფინანსდება. ჩემი აზრით, გასამკაცრებელია კანონი, რათა აღიკვეთოს მსგავსი ფაქტები”, – განაცხადა დეპუტატმა.
თბილისში ასევე, ხშირია თავად ვიდეოკონტროლის კამერების დაზიანების ფაქტები. როგორც მედია სააგენტო “24”-ს საკრებულოს დეპუტატმა კონსტანტინე ზარნაძემ განუცხადა, ხშირად კამერებს ქვების სროლით აზიანებენ და ამას “თამაშს” ეძახიან.
“გმირთა მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელში ბავშვებმა 3 კამერა დააზიანეს. ესროდნენ ქვებს. ეს იყო თამაში, – ვინ გატეხდა კამერას. ფაქტის გამოძიებისას შესაძლებელი გახდა მათი იდენტიფიცირება. პოლიციაში დაიბარეს ვანდალიზმის შემოქმედი არასრულწლოვნები მშობლებთან ერთად. შედეგად, ოჯახს ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. გადაიხადეს კამერის საფასური, რომელიც მათი შვილების არასწორი ქმედების გამო დაზიანდა”, – ამბობს დეპუტატი.
ზარნაძის თქმით, ხშირია ქურდობის ფაქტებიც. მერიას სარწყავი სისტემების დალუქვა არაერთ ლოკაციაზე მოუწია.
არსებობს ჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ ამსხვრევენ საკალათბურთო ფარის სტანდარტების შესაბამისად არსებულ უკანა მინას მხოლოდ იმიტომ, რომ თამაშობდნენ და მოგებული იქნებოდა ის, ვისი ნასროლი ქვაც მინას ჩაამსხვრევდა.
პრობლემის გადაჭრის გზად, დეპუტატს, საუბარი და ინფორმაციის მიწოდება ესახება. მხოლოდ კანონის გამკაცრება ვერაფერს შველის, თუ მოქალაქეობრივი თვითშეგნება არ შეიცვალა. ადამიანები უნდა დარწმუნდნენ, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურის მოფრთხილება, მათი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა.
„ გლდანში ერთ-ერთი ვანდალური ფაქტის შემდეგ, შევკრიბე მოსახლეობა და პირდაპირ ვუთხარი – როგორც სახლში დაუზიანდებათ რამე ნივთი და იმას საკუთარი ფინანსებით აკეთებენ, ასევე გააკეთებენ ამ სკვერში დაზიანებულ ნებისმიერ რამეს. საბედნიეროდ, საუბარმა შედეგი გამოიღო და მას შემდეგ, სკვერს ყურადღება ექცევა და ზოგადად, უფრო მეტად მოწესრიგებულია ის უბანიც. ვერანაირი კანონმდებლობა და კანონის გამკაცრება ვერ გვიშველის, სანამ არ გავითავისებთ, რომ კორპუსიც, ეზოც, რაიონიც და ეს ქვეყანაც ჩვენი საერთო სახლია”, – განაცხადა დეპუტატმა.
ავტორი: ქეთა მელიქიშვილი

