დეოლიგარქიზაციიდან რეგიონულ უსაფრთხოებამდე – რატომ უპირისპირდებიან კელი დეგნანს

“დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი”, რომელიც ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებით ერთ-ერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად იქცა, მმართველ პარტიასა და ე.წ. მთავარ ოპოზიციურ ძალას შორის პოლიტიკური კინკლაობის საგნად იქცა. მთელს ამ პროცესში პერიოდულად ისმის პრეტენზიები დასავლელი პარტნიორების, განსაკუთრებით აშშ-ს მისამართით.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” ამერიკის შეერთებულ შტატებზე შეტევაში ადანაშაულებს. ამისთვის, მისივე თქმით, “სპეციალური უჯრედი” შეიქმნა მმართველი პარტიიდან გასული 4 დეპუტატის სახით.

“სამწუხაროდ, უკვე კარგა ხანია, რაც “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო შეტევა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებზე. შეიძლება ითქვას, სპეციალური უჯრედიც კი შეიქმნა. ჯერ სამეული იყო, ახლა ცხრანი არიან, “ხალხის ძალა” დაირქვეს და ყოველდღიურად ცილს სწამებენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და ჩვენს პარტნიორ ქვეყანას. არ ვიცი, რომელი ხალხის ძალად მიაჩნიათ თავი, მაგრამ მათი მიზანი აშკარად დასავლეთის დისკრედიტაციაა ქართულ საზოგადოებაში. ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობა გამწვავდეს. ვერავის დააჯერებ, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” გარეშე მოქმედებენ”, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მიმართ კრიტიკულ შენიშვნებზე უარს არც “ქართული ოცნების” ლიდერები ამბობენ. ასე, მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. საქმე ეხება დეოლიგარქიის შესახებ კანონს.

შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთის ქვეყნების სხვა ელჩების ფონზე, აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის შემუშავების პროცესში გამორჩეულად აქტიურია.

დეგნანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში შეიმუშავეს და რომლის ანალოგზეც მუშაობს “ქართული ოცნება”, ვენეციის კომისიიდან გაიწვიეს. კანონპროექტი მიღებამდე ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტებმა უნდა განიხილონ.

“ვფიქრობ, გარკვეული დაბნეულობა არსებობს, რადგან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში შეიმუშავეს, ვენეციის კომისიიდან გაიწვიეს. ეს არის კანონის ახალი სფერო, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტებმა განიხილონ კანონპროექტი, სანამ მას დაამტკიცებენ. ევროპის სამართლის ექსპერტების დასკვნის მიღება ძალიან სასარგებლო ნაბიჯი იქნება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის დეოლიგარქიზაციის კანონის დამტკიცებამდე“, – განაცხადა აშშ-ს ელჩმა.

როგორც დეპუტატი მათიკაშვილი აცხადებს, კელი დეგნანი დაბნეულობას ქმნის, რადგან  ევროსაბჭოში აცხადებენ, რომ უკრაინული კანონპროექტი არ გამოუთხოვია. “ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ ვენეციის კომისიაში ერთი და იმავე შინაარსის ორი დოკუმენტის გაგზავნას, აზრი არ აქვს.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში დროულად გაგზავნა საქართველოს მთავრობას, ასევე ურჩია, თბილისში ორდღიანი ვიზიტით მყოფმა, ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ.

მისივე თქმით, მომდევნო თვეებში საქართველოს მოუწვევს დიდი შრომა იმის საჩვენებლად, რომ მზად არის გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველოს ყველა მოქალაქე, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ამ მიზნისკენ იმუშავებს.

მან ისაუბრა ასევე, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში, ყველა პოლიტიკური ძალის ჩართულობის აუცილებლობაზე.

აღსანიშნავია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ე.წ მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ – “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც” – მოამზადა, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მათი პროექტი ოლიგარქების დაცვაზეა ორიენტირებული და არა დეოლიგარქიზაციაზე და  როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად სრულიად აბსურდული პროექტია.

მაშინ, როდესაც ორივე პოლიტიკური ძალა ერთმანეთს “საკუთარი ოლიგარქების” ინტერესების დაცვაში ადანაშაულებს, ერთმანეთს დეოლიგარქიზაციის მიმართულებით მცდელობებს უწუნებენ და საერთო სივრცეში დასხდომას ვერ ახერხებენ.

თემას პარლამენტის ტრიბუნიდან გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 18 ნოემბერს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას “ხალხის ხმის” დეპუტატებს მოუწოდა აშშ-ს ელჩის მიმართ უფრო ზომიერი განცხადებები გააკეთონ, დეგნანის მისამართით კითხვები თუ არსებობს, უნდა დაისვას, მაგრამ “ზომიერების ფარგლებში”.

მეორე მხრივ, პრემიერი ამბობს, რომ დამთავრდა ის დრო, როცა საქართველოში პოლიტიკური ძალები ქვეყნისთვის საზიანო დირექტივებს ასრულებდნენ.

“ყველას მოვუსმენთ, მაგრამ, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, იმას გავაკეთებთ. რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ჯერ ის უნდა გავაკეთოთ. უცხოელ პარტნიორებს და მეგობრებს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ მიუღებელია შეურაცხყოფის მიყენება, როცა თავს ესხმიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს. როგორც მთავრობის მეთაური, მოგიწოდებთ, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები აშშ-სთან, ევროპულ სახელმწიფოებთან”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.  

ამ ფონზე, ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, საქართველოს ჰაერივით სჭირდება ამერიკასთან პარტნიორობის შენარჩუნება, მით უფრო, რეგიონში არსებული და ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით.

“სულ იდილიური ურთიერთობა შეიძლება არ გვქონდეს, შეიძლება გავაკრიტიკოთ კიდეც ბევრი რამ, მაგრამ არა ისე, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლება აკეთებს”, – მიაჩნია ვახტანგ ძაბირაძეს.  

“ოცნებასა” და ნაციონალებს – ე.წ. პროდასავლურ და ე.წ. ანტიდასავლურ ძალებს შორის მუდმივი კინკლაობის პარალელურად, საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები ზიანდება. ხალხს აინტერესებს ქვეყნის წინსვლა და განვითარება და არა სხვადასხვა პოლუსს შორის პოლიტიკური გარჩევები, განსაკუთრებით კი, ოლიგარქების თემით ხმალაობა.

შორენა ღავთაძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი