ბავშვის დაღუპვაზე კალაძის პირველი კომენტარი: “დაისჯება ყველა!”

თბილისში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც დღეს სამი არასრულწლოვანი ბავშვი დაზარალდა, ხოლო ერთი მათგანი დაიღუპა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პირველი კომენტარი უბედური შემთხვევიდან რამდენიმე საათში გააკეთა.
როგორც კალაძე აცხადებს, მომხდარის გამო თავზარდაცემულია და ყველა შესაბამისად დაისჯება.
“უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემულები ვართ ყველა. რაც შეეხება გამოძიებას, დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად… უდიდესი თემა არის, უმძიმესი. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და ყველას გაეცემა პასუხი”, – თქვა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ვაკის პარკში აუზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე დედაქალაქის მერიის ცენტრალური კონტრაქტორი კომპანია “გრინსერვისია”, ქვეკონტრაქტორების შესახებ ინფორმაციას კალაძე არ ფლობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ კომპანია “ცხადია, შემოწმებული იყო”…
თბილისის ვაკის პარკი დღეს ტრაგედიის მოწმე გახდა. პარკში არსებულ ახალრეაბილიტირებულ შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. ორი ბავშვი შოკური მდგომარეობით ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი, 13 წლის გოგო, კლინიკაში გარდაიცვალა. ხოლო მესამე, რომელიც კონტაქტური იყო – იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაშია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა).

