სახელისუფლებო რესურსი არჩევნებზე – ამ პირობებში რა გვეშველება?

არჩევნებზე, გარდა გაყალბებისა, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი, თუ არა მეტი პრობლემა, არის სხვადასხვა სახელისუფლებო რესურსის არსებობა და ხშირად მიზანმიმართული გამოყენება. სახელისუფლებო რესურსი არის მინიმუმ შემდეგი სახეობების:
1. სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული მმართველი პარტიის აქტივისტები;
2. სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ის ადამიანები, რომლებიც მმართველი პარტიის მხარდამჭერები არ არიან, მაგრამ იმის შიშით, რომ შემდგომში რამე სამსახურებრივი პრობლემები არ შეექმნათ, მაინც ხმას აძლევენ მმართველ პარტიას;
3. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შიში, ან მოსყიდვა, რომ თუ ხელისუფლებას არ მისცემს ხმას არჩევნებზე, დახმარებას მოუხსნიან, ან პირიქით, თუ ხმას მისცემს, გარკვეული სახის დახმარებას გამოუყოფენ;
4. საპატიმრო დაწესებულებებში ან პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების შიში ან მოსყიდვა, რომ თუ სახელისუფლებო ძალას არ მისცემენ ხმას არჩევნებზე, რაღაც ცუდს მოუწყობენ, ან პირიქით, თუ ხმას მისცემენ, ხელს შეუწყობენ;
5. ბიზნესის მოსყიდვა, რომ თუ კომპანიის თანამშრომლები ხმას მისცემენ მმართველ პარტიას, ტენდერს მოიგებს/მოაგებინებენ, ან სულაც პირდაპირი შესყიდვის წესით კონტრაქტს გაიფორმებს/გაუფორმებენ. ან უკვე მოხდა აღნიშნული და იგი ხელისუფლებასთან „ვალშია“, რომ არჩევნებზე ხმებით დაეხმაროს. ასევე, გარკვეული შეღავათები ან სარგებელი ექნება საგადასახადო მიმართულებით, სესხების დაფინანსების კუთხით, გრანტების მოპოვებისა თუ სხვა ნაწილში. ან პირიქით, იმის შიში, რომ თუ ხმას არ მისცემენ სახელისუფლებო ძალას, შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეექმნას მათ ბიზნესს.
აი, ეს არის მინიმუმ ის სახელისუფლებო რესურსი, რასაც როგორც წესი, მუდმივად იყენებს მმართველი პარტია არჩევნებზე და ეს გაყალბებაზე უარესიც კია საბოლოო შედეგების გათვალისწინებით. აქედან ერთ-ერთი განსაკუთრებული პრობლემა კი დღევანდელ სინამდვილეში, არის სახელმწიფო დაწესებულებებში უკანონოდ გაბერილი შტატები, რომელსაც როგორც წესი, შემდეგ საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს ხელისუფლება.
აი, დავუშვათ, არის ასეთი კონკრეტული მაგალითი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 80/36 ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს, მესტიის მერიამ თუ პირდაპირ როგორ დაარღვია კანონმდებლობით (საკრებულოს დადგენილებით) განსაზღვრული ხელშეკრულებით დასაქმებულთა რიცხოვნობის ზღვარი და ერთდროულად როგორ ჰყავდა დასაქმებული, დასაშვებზე 22-ით მეტი პირიც კი. საკრებულოს დადგენილებით, დასაქმებულების მაქსიმალური რიცხოვნობა განისაზღვრა 41 ერთეულით, ხოლო ზღვარი დარღვეულია 11 თვის განმავლობაში და პირობითად, იანვარში ხელფასი გაცემული იყო 61, ხოლო თებერვალში 63 დაქირავებულზე. არათუ ის, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში ხშირად არის გაბერილი შტატები, მაგრამ სათავისო კანონს იღებენ და ასე ხდება ამის დაკანონება, ამ შემთხვევაში ესეც უგულებელყვეს და ადგილი ჰქონდა პირდაპირ კანონდარღვევას.
ეს არის პირდაპირი სისხლის სამართლის საქმე – ა) სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ან ბ) სსკ-ის 342-ე მუხლი – სამსახურებრივი გულგრილობა. არადა, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ამ ანგარიშის შემდეგაც კი, თანამდებობაზეა უკვე დიდი ხანია. ეს ის კონკრეტული ერთი მაგალითია, როდესაც კანონი პირდაპირ დაარღვიეს, თორემ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახელმწიფო დაწესებულებებში, გაბერილი შტატები ხშირად უკანონოდ აქვთ დაკანონებული.
დასაქმების ხელშეწყობა ხელისუფლების მოვალეობაა, მაგრამ ადამიანი რეალურად და სამართლიანად უნდა დაასაქმო და არა საკუთარი საარჩევნო თუ სხვა პირადი მიზნით. აი, ასეთი დარღვევებისა და ზოგადად, სხვადასხვა სახელისუფლებო ბერკეტების პირობებში, საერთოდ, რა თავისუფალ არჩევნებზე და რა სამართლიანობაზე ან დემოკრატიაზეა საუბარი. ეს ყველაფერი არის სიყალბე და ადამიანების აბუჩად აგდება. ყველა ზევით ჩამოთვლილს, რომ საარჩევნო ოქმებში ყალბი მონაცემების შეტანა და სრული აბდაუბდა ემატება, როგორც ეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე იყო, უკვე ცხადია, რომ ჯერ კიდევ ჯუნგლების ცხოვრების წესიდან ვერ გამოვსულვართ. არადა, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, რა დიდი კულტურის პატრონი ქვეყანა ვიყავით და რა დასანანია, დღეს რომ ასეთები ვართ.

