ეროვნული არქივის კინოთეატრში ოთარ მეღვინეთუხუცესის ფილმების რეტროსპექტივა მიმდინარეობს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი ქართველი მსახიობის, ოთარ მეღვინეთუხუცესის, დაბადებიდან 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მისი მონაწილეობით გადაღებული ფილმების რეტროსპექტივას მასპინძლობს.

ღონისძიების გახსნაზე, სტუმრებმა მისი მონაწილეობით, ,,დიდოსტატის მარჯვენა“ იხილეს. ,,დიდოსტატის მარჯვენასთან“ ერთად, მაყურებელს ქართველი ლეგენდარული მსახიობის მონაწილეობით, არაერთი ფილმის ნახვის შესაძლებლობა ექნება.
25, 26 და 27 ნოემბერს, კინოჩვენების ფარგლებში, მაყურებელი ისეთ მხატვრულ ფილმებს იხილავს, რომლებიც დასკანირებული და აღდგენილია. ამ ფილმებს შორისაა ისეთი ცნობილი, ქართული უალტერნატივო ხელოვნების ნიმუშები, როგორიცაა: „ვედრება“ (1967, რეჟისორი თენგიზ აბულაძე), „ცოტნე დადიანი“ (1971, რეჟისორი ალექსანდრე ჟღენტი), „თავადის ქალი მაია“ („ერთი ცის ქვეშ“) (1961, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე), „ნატვრის ხე“ (1976, რეჟისორი თენგიზ აბულაძე), „ტარიელ გოლუა“ (1968, რეჟისორი ლევან ხოტივარი), „მზე შემოდგომისა“ (1973, რეჟისორი თემურ ფალავანდიშვილი).
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კინოჩვენებებზე დასწრება, ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.
ავტორი: სალომე ხომასურიძე

