ფეისბუქ სტატუსები 08:30-საათზე ერთ წიგნად
“თავისუფალ თეატრში” ქართველ ფილოლოგ გია მურღულიას ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნს “ცხრის ნახევარზე” ჰქვია, რომელშიც იმ ფეისბუქ სტატუსების ერთიანობას შევხვდებით, რომელსაც ავტორი სოციალურ ქსელში, ყოველ დილით, სწორედ ცხრის ნახევარზე აქვეყნებდა.
როგორც გია მურღულია ამბობს, წიგნის იდეა გამომცემლობა “ინტელექტს” ეკუთვნის.
“დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში სტატუსებს სოციალურ ქსელში ერთსა და იმავე დროს ვაქვეყნებდი. ეს პოსტები ჩვენს ცხოვრებას, ლიტერატურას, ხელოვნებას, ადამიანურ ურთიერთობებს, ისტორიას, ბევრ ისეთ რამეს ეხება, რაც ადამიანებისთვის საინტერესოა, თუ ამბავს ლაკონიურად მოუყვები. ვეცადე, ასე გამეკეთებინა და როგორც ჩანს, ინტერესიც გაჩნდა. ასე დაიბადა ეს წიგნიც”, – განაცხადა ფილოლოგმა.
ღონისძიებაზე, წიგნიდან ამონარიდები “თავისუფალი თეატრის” მსახიობებმა წაიკითხეს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი წიგნის იდეა, დღევანდელ სინამდვილეში ნამდვილად სასიხარულოა.
“მიხარია, რომ “თავისუფალმა თეატრმა” არაჩვეულებრივ ადამიანს უმასპინძლა, მოაზროვნეს, რომელთან მეგობრობითაც ამდენი წელია, ვამაყობ. წიგნის წაკითხვის ბედნიერება უკვე მქონდა, ნამდვილად არაჩვეულებრივია”, – განაცხადა ავთანდილ ვარსიმაშვილმა.
სალომე ხომასურიძე