ევროპული სტანდარტებით შერჩეული ფილმები ქართულ სკოლებში – საფრთხე თუ კინო ენის სწავლება
მოზარდების პრობლემებით ჩვენი საზოგადოება მაშინ ინტერესდება, როცა ტრაგედია დატრიალდება. რა ფასეულობებით იზრდებიან ბავშვები, რა ღირებულებები უყალიბდებათ, რა ახდენს მათ ფსიქიკაზე გავლენას, რამდენად სრულყოფილად არის ჩართული სახელმწიფო და საზოგადოება მათ სწორად აღზრდაში, ეს საკითხები დიდი ხანია მეასეხარისხოვნად იქცა. ბავშვების სულიერი სამყარო დროზე და სხვადასხვა გაუგებარ პროექტებზეა მინდობილი.
პროექტის -„კინო სკოლაში“ – ერთი შეხედვით უწყინარი სახელწოდება, ასევე უწყინარი და მომხიბვლელი იდეით – მოზარდებში კინოგანათლების შეტანა, ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება – არც ისე უვნებლად გამოიყურება.
პროექტს „კინო სკოლაში“ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ახორციელებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი 2014 წელს დაიწყო. მათი პრიორიტეტი არის რეგიონები და სოფლები, თუმცა ფილმები თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც აჩვენეს მოსწავლეებს. პროექტი უკვე 2000 სკოლაში შევიდა.
მედია სააგენტო “24” დაინტერესდა ფილმების რეპერტუარით, რომელსაც სკოლებში აჩვენებენ. ინფორმაციის მოძიების შემდეგ, უამრავი კითხვა გაჩნდა: ვინ არჩევს საჩვენებელ ფილმებს, რამდენად არის გათვლილი ეს ფილმები სკოლის ასაკის მაყურებლისთვის და სხვ.
ამ კითხვებით ეროვნული კინოცენტრის კინოგანათლების მიმართულების პროექტების მენეჯერ თეა გაბიძაშვილს მივმართეთ.
მისი განმარტებით, პროექტი “კინო სკოლაში” მოიცავს ფილმების ჩვენებას და დისკუსიას. ფილმები შერჩეულია სპეციალისტების, კინომცოდნეების, ფსიქოლოგების მიერ, საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე.
“2014 წელს, როდესაც დაიწყო პროექტი, მაშინ გაიმართა ტრენინგი, რომელშიც ჩართულები იყვნენ: განათლების სამინისტროს რეკომენდაციის შედეგად შერჩეული ფსიქოლოგი, განათლების ექსპერტი, კინომცოდნე და დრამატურგი”, – განაცხადა თეა გაბიძაშვილმა, თუმცა არ დაგვისახელა კონკრეტული სახელები, რათა ამ ადამიანებსაც გავსაუბრებოდით, თუ რა კრიტერიუმებით შეარჩიეს სკოლაში საჩვენებელი ქართული თუ უცხოური ფილმები.
საინტერესო არის ისიც, თუ როგორ შეუძლიათ ბავშვებს კინო ჩვენებაში მონაწილეობა, რა ეტაპების გავლა უწევთ და არის თუ არა პროექტის შესახებ მშობელი ინფორმირებული.
„სკოლაში იქმნება კლუბი და ბავშვს სურვილისამებრ შეუძლია კლუბში გაწევრიანდეს. პროექტში ძირითადად VIII-XI კლასის მოსწავლეები არიან აქტიურად ჩართული. პროექტის შესახებ განაცხადი მიდის სკოლაში, რომელიც აცნობს ინფორმაციას მოსწავლეებს და სურვილის შემთხვევაში, რეგისტრირდებიან ბავშვებიც. მშობლის როლი არის ის, რომ ბავშვი მათგან უბრალოდ ნებართვას იღებს”, – გვიპასუხა თეა გაბიძაშვილმა.
მისივე თქმით, დასაწყისში ბავშვებს აჩვენებენ კინო კლასიკას, მაგალითად, ჩარლი ჩაპლინის ფილმებს.
“ბავშვებს კინო ჰგონიათ ის იაფფასიანი სერიალები, რომლებიც ტელევიზიით გადის. ამიტომ, ვცდილობთ ფილმებისადმი მათი დამოკიდებულება შევცვალოთ. ჩაპლინის შემდეგ, ბავშვების ინტერესიდან გამომდინარე ირჩევა ფილმები”, – განაცხადა მან.
დავინტერესდით, რატომ იყო სიაში ფილმი „ხანგრძლივი ნიშნობა“, რომელსაც, რამდენიმე ქართულ საიტზე ასაკობრივი ცენზი ადევს. პროექტის ხელმძღვანელს ამის შესახებ ვაცნობეთ, რაზეც გვიპასუხა:
“ყველა ფილმს აქვს ასაკობრივი ცენზი და თუ თქვენ სადღაც ისეთ საიტზე იპოვეთ, სადაც არასწორად ჰქონდა მინიჭებული, მაგაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ჩვენ ბრიტანული საერთაშორისო სტანდარტებით მინიჭებული ცენზების მიხედვით შერჩეული ფილმები გვაქვს”, – განუცხადა “24”-ს თეა გაბიძაშვილმა.
მიუხედავად პასუხის უსიამოვნო ტონისა, გადავწყვიტეთ სხვა ფილმებზეც გაგვემახვილებინა ყურადღება, რადგან ჩამონათვალში ბავშვისთვის შეუფერებელი არაერთი ფილმი არის, მათ შორის: „საცოლის ცხედარი“, „შურისმაძიებლები“, „ფსიქო“, „გრან ტორინო“ და ა.შ. – აქედან გამომდინარე, გაგვიჩნდა კითხვა, მოახდენს თუ არა ასეთი ფილმების შინაარსი მოზარდებზე უარყოფით გავლენას და არის თუ არა ევროპული სტანდარტებით შერჩეული ფილმები, ქართველი ბავშვების ფსიქოლოგიისთვის უსაფრთხო?
„სად ჩათვალეთ ის, რომ რაიმე ფილმი მოახდენდა ბავშვზე უარყოფით და არასწორ გავლენას? რა შეიძლება იყოს სტრესული ბავშვისთვის? იმისთვის, რომ სწორად გაიგონ შინაარსი, მოცემულია კითხვები, მასალა, თუ როგორ უნდა მოხდეს ფილმის წარდგენა. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ფილმი არის ამოცანა, რომელიც შეიძლება გაიგოს ან ვერ გაიგოს ბავშვმა? ჩვენი მიზანია, ბავშვებმა ნახონ ფილმი და შემდეგ იმსჯელონ. შეუძლებელია, რომ ამან თვითშეფასებაზე იმოქმედოს! აქ სწორი და არასწორი პასუხი არ არსებობს, რომ ფილმი არის ამის შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვი, როგორ აღიქვამს ამ ფილმს და ასევე ის, რომ მისი დახმარებით დაიწყოს აზროვნება. ნეტა, რის შესახებ არის ეს ფილმიო?“ – განაცხადა თეა გაბიძაშვილმა.
პასუხის შესაბამისად ვკითხეთ, თუ რას ასწავლიდა ფილმი „ფსიქო“, რაზეც გვიპასუხა, რომ თითოეულ ფილმს აქვს თავისი სასწავლო მასალა და განხილულია ყველა ის თემატიკა, რაზეც შეუძლია ბავშვებს მსჯელობა.
მკითხველს ვაძლევთ საშუალებას თავად განსაჯოს ფილმის შესაძლო უარყოფითი გავლენა ბავშვზე, ამიტომ, გთავაზობთ სადისკუსიო თემებს ფილმ “ფსიქოდან”, რომელიც პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზეა მოცემული და რომელზეც თავად თეა გაბიძაშვილმა ისაუბრა.
1. ნორმანი მკვლელობების წინ დედის პარიკს იფარებს და ისე უსწორდება თავის მსხვერპლს, რა არის ამის მიზეზი? როგორია მისი დამოკიდებულება მშობლის მიმართ და რატომ ინახავს მის გვამს სარდაფში?
2. ჰიჩკოკის სხვა ფილმების მსგავსად, ამჯერადაც პერსონაჟი, რაღაცის გამო ისჯება. შეეცადეთ ახსნათ, როგორი პიროვნებაა მარიონი და რატომ კლავს მას ნორმანი?
3. თქვენ რომ რეჟისორი ყოფილიყავით, როგორ დაასრულებდით ფილმს და როგორია ფილმის საფინალო კადრის თქვენეული ახსნა ?
მედია სააგენტო “24”-ი შეეცადა გაერკვია, ამ ყველაფერზე არის თუ არა საქმის კურსში განათლების სამინისტრო. გვითხრეს, რომ პროექტის ორგანიზატორები არ არიან, უბრალოდ, სკოლებთან შუამდგომლობენ.
„ჩვენთან მოსულ განაცხადს შესაბამისი დეპარტამენტი განიხილავს, რამდენად არის სასარგებლო ამ ღონისძიებებში ბავშვების ჩართვა და ამის შემდეგ, შედის ან არ შედის პროექტი სკოლაში. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა”, – განაცხადეს განათლების სამინისტროში.
პროექტზე – “კინო სკოლაში”, სიღრმისეული ინფორმაცია არც პარლამენტში აქვთ. როგორც პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა, ქეთევან დუმბაძემ გვითხრა, პროექტის შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა სიღრმისეულ ინფორმაციას არ ფლობს. კონკრეტულად, არ იცის რომელ ფილმებს უჩვენებენ ბავშვებს, ვინ და რატომ შეარჩია ეს ფილმები და ა.შ.
საკუთარი შეფასებებით რომ არ დავღალოთ მკითხველი, თემასთან დაკავშირებით კომენტარი ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს ვთხოვეთ. მან ბავშვის აზროვნების სწორად განვითარებაში მშობლისა და სახელმწიფოს როლზე გაამახვილა ყურადღება.
რამაზ საყვარელიძის თქმით, აშშ-ის ხელისუფლება და კერძო სექტორი მაქსიმალურად მობილიზებულია ადამიანებს პოზიტივი ჩაუნერგონ, თუნდაც ფილმებიდან. ამის მაგალითია ის, რომ ამერიკული ფილმების დიდი პროცენტი “ჰეფი ენდით” მთავრდება. საქართველოში ამ ტენდენციის არარსებობის გამო, ახალგაზრდების უმეტესობა ქვეყნიდან გარბის. ყველა ფიქრობს იმაზე, რომ საქართველოში ყველაფერი ცუდი ხდება, ამიტომ აუცილებელია, ბავშვებს თავიდანვე პოზიტივი ჩავუნერგოთ.
ფსიქოლოგის შეფასებით, დღევანდელ მშობელთა თაობას უამრავი ხარვეზი აქვს. მათი განათლების დონის და განწყობების “ამომქაჩავი” კი მედია უნდა იყოს, რომელმაც თავის დროზე, გარდამტეხი ცვლილებები მოახდინა ქართული საზოგადოების ცნობიერებაზე.
“ილია ჭავჭავაძემ ჟურნალით შეატრიალა ქართველების ცნობიერება”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე და იქვე დასძენს, რომ ქართული მედია და კინო დღეს, მხოლოდ კომერციული ინტერესებით ხელმძღვანელობენ.
მისი თქმით, ყველა მედიასაშუალებას არ აინტერესებს მოზარდის სწორი განვითარება, ამიტომ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მოზარდების კინოგანათლებაზე, მსჯელობისა და კინო ენის სწორ სწავლებაზე.
რამაზ საყვარელიძე იხსენებს ერთ მეტად მნიშვნელოვან ისტორიას, რომელიც პირდაპირ კავშირშია უცხო ქვეყნის კულტურის გავლენასთან.
„ერთი პერიოდი მედიის საკითხებით ვიყავი დაკავებული. პროექტი გვქონდა მედია საშუალებებზე. მაშინ, უცხოეთიდან ჩამოდიოდნენ ექსპერტები. მახსოვს, 2 ფრანგი ექსპერტი იყო ჩამოსული. ერთ-ერთის ნათქვამი ჩამრჩა მეხსიერებაში. საუბარი იყო საზოგადოებრივი ტელევიზიის განვითარებაზე. – ეს აუცილებელიაო, იმიტომ, რომ თქვენ ღარიბი ქვეყანა ხართო. ჩვენ თქვენნაირი ღარიბი არ ვართ, მაგრამ გვაქვს საზოგადოებრივი ტელევიზია, ისევე, როგორც გერმანიას. გვაქვს იმიტომ, რომ ამერიკულმა კულტურამ არ წაგვლეკოს და ჩვენ ჩვენი სახე შევინარჩუნოთო”, – იხსენებს რამაზ საყვარელიძე.
მისი აზრით, ინდივიდუალურობის შენარჩუნება აუცილებელია და რაც სხვა ქვეყნისთვის კარგია, აპრიორი არ ნიშნავს, რომ ჩვენთვისაც კარგი იქნება.
როგორც ბავშვთა ფსიქოლოგი რუსუდან სტურუა “24”-თან საუბარში აღნიშნავს, ფილმს დიდი გავლენა აქვს არა მხოლოდ ბავშვებზე, არამედ მოზრდილებზეც. მათი დადებითი ფაქტორი ვლინდება მაშინ, როდესაც მოსწავლეებს უჩვენებენ ბიოგრაფიულ, ისტორიულ, შემეცნებით, კულტურულ განსხვავებულობაზე აქცენტირებულ ფილმებს. მისი თქმით, დადებით კონტექსტში მიწოდებული ასეთი თემები გავლენას ახდენს მოზარდის ცნობიერების ჩამოყალიბებაზე.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვებს ყველაფრის მიმართ ემოციური და გამძაფრებული დამოკიდებულება აქვთ. ეს არის მათი იდენტიფიკაციის პროცესი ამიტომ, ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია ძალიან ფაქიზად მიეწოდოს. კინოს უარყოფითი გავლენა აქვს, როდესაც მასში ნაჩვენებია აგრესია, ჩაგვრა, ნარკოტიკის მოხმარება და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, მოზარდზე ნეგატიურად აისახება და ამას არაერთი კვლევა ადასტურებს”, – აცხადებს რუსუდან სტურუა.
ფსიქოლოგი ყურადღებას ამახვილებს მოზარდის ემოციურობასა და მიმბაძველობაზე. მისი განმარტებით, როდესაც ბავშვი ხშირად უყურებს ფილმებს, ამ დროს, ემოციური გასადავება ხდება (აღარ რეაგირებს ემოციურ მოვლენებზე, არ გამოხატავს ემოციას. რედ.), აქვს შფოთვა და დეპრესია. ამიტომ, რას ვაყურებინებთ მნიშვნელოვანია. მუდმივად აგრესიისა და ძალადობის ამსახველი ფილმები მათ აფიქრებინებს, რომ ეს ქმედება მისაღები და დამკვიდრებულია საზოგადოებაში.
მისი თქმით, ფილმები სპეციალისტების და ფსიქოლოგების მიერ, აუცილებლად ასაკის მიხედვით უნდა შეირჩეს.
„ბავშვები ხშირად იმეორებენ ფილმში ნაჩვენებ ქცევებს, ცდილობენ მათ მიბაძონ, მით უმეტეს, თუ მასში მათი საყვარელი მსახიობები მონაწილეობენ. ამიტომ აუცილებელია, ამ რისკების სწორი შეფასება და განსაზღვრა. ხშირად ბავშვები ვერ ასხვავებენ ფილმისა და რეალური ცხოვრების მომენტებს, რადგან ბევრი მსგავსებაა და ფილმის სიუჟეტი რეალური ცხოვრების ბევრ მომენტს შეიცავს. შესაძლოა უარყოფითი გავლენის მქონე ფილმს ახსნა-განმარტება მოსდევდეს, თუმცა ეს ყოველთვის არ იცავს ბავშვს ფსიქოლოგიური ზიანისგან”, – განაცხადა ფსიქოლოგმა.
დღეს, ყველა თანხმდება იმაზე, რომ სკოლის მოსწავლემ ყველა ჟანრის ფილმი არ უნდა ნახოს, რადგან მოზრდილი ადამიანებისგან განსხვავებით, მათ შედარებით სუსტი ფსიქიკა აქვთ და ფილმი შესაძლოა საზიანო და სავალალო აღმოჩნდეს მისთვის. მით უმეტეს, რომ ფილმების ცუდი გავლენის არაერთი მაგალითი არსებობს.
საკითხის ყველა კუთხით განხილვის შემდეგ, მკითხველს ვუტოვებთ არჩევანის შესაძლებლობას. განსაჯეთ, რამდენად სწორად ან არასწორად არის შერჩეული ფილმები, რომლებსაც თქვენ შვილებს აჩვენებენ სკოლაში. ამიტომ, გთავაზობთ პროექტის საჩვენებელი ფილმების მცირე ჩამონათვალს:
“გრან ტორინო”, “საცოლის ცხედარი”, “ფსიქო”, “ფანჯარა ეზოს მხარეს”, “ხანგრძლივი ნიშნობა”, “ხელმაკრატელა ედვარდი”, “გაღმა ნაპირი”, “ქუჩის დღეები”…
ფილმები სრულად იხილეთ აქ : http://kinoskolashi.ge/ka/films/foreign#
როგორც შარლ ლუი მონტესკიე იტყოდა – “ადამიანები მცენარეებივით არიან, თუ კარგი მოვლა არა აქვთ, ისინი კარგად არ იზრდებიან”.
ბავშვის სწორი აღზრდა კი ოჯახის, სკოლის, ბაღის და ჩვენი ანუ სოციუმის უპირველესი ვალდებულებაა.
ავტორი: ქეთა მელიქიშვილი