მთავრობა მოსახლეობის მასობრივ მიგრაცია გრანტებით “ებრძვის”
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის მიხედვით, ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 88 მოქალაქეს შემოსავლის გაჩენისა და დასაქმების მიზნით, გრანტი გადაეცემა. დასაქმებაში იგულისხმება თვითდასაქმებაც.
“მნიშვნელოვანია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მოქალაქეებს შემოსავლის წყარო გაუჩნდათ და ქვეყნის დატოვება აღარ მოუწევთ”, – აცხადებენ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში.
მათი ცნობით, რეინტეგრაციის პროგრამა პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს. ემიგრანტები, რომელთაც გრანტი მიენიჭებათ, სასურველი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის, საჭირო ტექნიკას და ინვენტარს თავად აირჩევენ. პროექტების დაფინანსების მსურველთა განცხადებების მიღებას კი სააგენტო წელიწადში ორჯერ გამოაცხადებს.
88 გამარჯვებული ბენეფიციართა სია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ინგა ფუტკარაძე