მიუსაფარი ცხოველების პოპულაცია და ძაღლების ორთაბრძოლები გაკონტროლდება

მიუსაფარი ცხოველები ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად იქცა, როგორც დედაქალაქში, ასევე ქვეყნის რეგიონების მოსახლეობისთვის.

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჩართულობით პარლამენტმა დაიწყო კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისთვის და პოპულაციის მართვისთვის ეფექტიანი გზების დასახვას ითვალისწინებს.

აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში დარეგულირდება: ცხოველების გამრავლების, რეგისტრაციის, მეპატრონეების მხრიდან ცხოველების მიტოვების, ცხოველების ორთაბრძოლების, ასევე ბიზნეს სუბიექტების – მომშენებლების, ვეტერინარული კლინიკების, ცხოველთა ბაზრობებისა და სასტუმროების საქმიანობა.

კანონპროექტში ასევე გათვალისწინებული იქნება შესაბამისი სისხლის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა ცხოველების მიმართ არასათანადოდ მოპყრობის და მესამე პირის დაზიანების შემთხვევაში, რომელიც მეპატრონეების მიერ აუცილებელი უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფით იქნება გამოწვეული.

ამ თემასთან დაკავშირებით მედია სააგენტო “24” -ი ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქალაქის – სიღნაღის მცხოვრებს გაესაუბრა, სადაც ადამიანები ხშირად ხდებიან მიუსაფარი ცხოველების აგრესიის ობიექტი.

მოქალაქის თქმით, ქალაქში ფეხით სიარული შეუძლებელი გახდა. უამრავი უპატრონო, მშიერი ძაღლია, რომლებმაც უკვე ასზე მეტი ადამიანი, მათ შორის ტურისტებიც დაგლიჯეს, თუმცა აღნიშნულზე რეაგირება არავის მოუხდენია.

“ღამის სიღნაღში ფეხით სიარული შეუძლებელი გახდა, მშიერი ძაღლების სიმრავლის გამო. მეტიც, ადგილობრივები სამსახურებიდან სახლებში რომ დაბრუნდნენ, ერთმანეთს ელოდებიან, ბევრნი რომ ვიქნებით, ადვილად მოვიგერიებთო”, – აცხადებს მოქალაქე.

რესპონდენტმა ცხოველთა უფლებების დამცველებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არა მარტო ცხოველების, არამედ ადამიანების უფლებებიც სათანადოდ უნდა იყოს დაცული.

თაკო ბოკუჩავა


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი