მარიტა მეფარიშვილი – ერთ წამში დასრულებული 13 წელი

13 ოქტომბერი- ჩვეულებრივი დღე, რომელმაც შეძრა საქართველო და ერთი ოჯახისთვის კი, ტრაგედიად იქცა.
ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ 2 მოზარდს დენმა დაარტყა. მარიტა მათ დასახმარებლად მივიდა, რაც მისი გარდაცვალებით დასრულდა. დიახ, დახმარების სურვილმა იმსხვერპლა პატარა გოგონა.
13 წლის მარიტა მეფარიშვილი თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. მასწავლებლები ახასიათებენ მას, როგორც წყნარ, მშვიდ, არაჩვეულებრივ და ღიმილიან გოგონას. სწავლის პარალელურად, მარიტა ჩოგბურთით იყო გატაცებული და მის სპორტულ კარიერაზე მამა -დავით მეფარიშვილი ზრუნავდა. სწორედ ის იყო მარიტას მწვრთნელი. გოგონა მზიურის ჩიგბურთის კორტებზე ვარჯიშობდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სპორტული კარიერა არც ისე ხანგრძლივი გამოდგა, მაინც მიაღწია იმას, რომ საკუთარი სახელი ჩაწერა ქართული ჩოგბურთის ისტორიის ფურცლებზე.
ჩოგბურთზე შეყვარებულმა მარიტამ, 2021 წელს, საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მას დადებითად იხსენებენ მეგობრები და ახლობლები.
“ბროწეულის ყვავილივით მშვენიერი იყო მარიტა” – წერენ სოციალურ ქსელში.
” ამდენ მშიშარა ტურას, ამდენ უპასუხისმგებლო ლაჩარ ჩინოვნიკს და ტენდერთყლაპიას აჯობა 13 წლის მარიტამ – მოსწყდა მშრალ ადგილს, ისე, რომ არც კი დანანებია, ისე, რომ არც კი შეშინებია და მეგობრის გადასარჩენად უკვდავებაში გადახტა…. ეს ერთი სიფრიფანა, კიკინიანი, ლამაზი გოგო… როგორი მონდომებით, აჩქარებული სუნთქვითა და სპორტული სისხარტით ხტება ჩოგბურთში საქართველოს 13 წლის ჩემპიონი მეგობრის გადასარჩენად დენგაჟღენთილ შადრევანში – კლიპივით ვხედავ, სულ ვხედავ…. გმირი, ხარ, მარიტა!!! და გმირი მშობლები ზრდიან მხოლოდ ასეთ შვილებს” – წერს, ჟურნალისტი ესმა კუნჭულია, სოციალურ ქსელში.
მედია სააგენტო “24” მწუხარებას გამოთქვამს მარიტას გარდაცვალების გამო.

