სვეტიცხოვლის ტაძარი – მწვერვალი, რომელიც საუკუნეებს უძლებს

სვეტიცხოველი საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარია, რომელიც მცხეთაში, თბილისიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.
სწორედ სვეტიცხოველია საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქთა აღსაყდრების ადგილი. შუა საუკუნეებში, საქართველოს მრავალი მეფის, მათი ოჯახის წევრებისა და პატრიარქთა საკრძალავი, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან ( ოშკი, ბაგრატი და ალავერდის ტაძრები ), რომელიც დიდებულების ამაღელვებელ განცდას ქმნის.
საქართველოში, სვეტიცხოველი ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა. ის საუკუნეთა განმავლობაში, ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა.
ჯერ კიდევ IV საუკუნეში, გაქრისტიანებულ მირიან მეფეს, წმინდა ნინოს რჩევით, აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 1970-1971 წლებში, სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებისას, მისი საძირკვლის კვალი აღმოაჩინეს. ასევე, იმ ბაზილისკის გეგმაც შემოხაზეს, რომელიც წმინდა ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, იქვე, V საუკუნის II ნახევარში, ვახტანგ გორგასალმა ააშენა. XI საუკუნეში, დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე, ქართლის კათალიკოსმა მელქისედეკმა, ახალი ტაძარი ააგო, რომლის ხუროთმოძღვრადაც არსუკისძე მიიწვია.
სვეტიცხოვლის მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დასრულდა. ტაძარი არსებობის მანძილზე, არაერთხელ გადაკეთდა.
1283 წელს, მიწისძვრამ დააზიანა და XIV საუკუნეში, მისი გუმბათი, გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა. იმავე საუკუნის ბოლოს, ,,იავარჰყვეს სპათა ლანგ-თემურისათა“ – დასავლეთის მკლავის ბურჯები მოანგრიეს, გუმბათის ყელი დააქციეს, მაგრამ მთელი ნაგებობის დანგრევა, ვერ შეძლეს. სვეტიცხოველი XV საუკუნის დასაწყისში, მეფე ალექსანდრე დიდმა, კაპიტალურად შეაკეთებინა. 1656 წელს კი, როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის თაოსნობით, გუმბათის ყელი კვლავ აღადგინეს.
სვეტიცხოვლის ტაძარი, გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ წაგრძელებული სწორკუთხედია. სივრცეში ჯვრის სახეა შექმნილი გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი ოთხი მკლავით. ის მნახველზე თავისი აზიდული პროპორციებით, ნათლად გამოხატული აგებულებით, პლასტიკურობითა და გრანდიოზული შიდა სივრცით, საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. ტაძარი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სადაც უფლის კვართი და წმინდა ელია წინასწარმეტყველის მოსასხამია დაკრძალული.
მიუხედავად იმისა, რომ სვეტიცხოვლის ტაძარმა არაერთი ცვლილება განიცადა, ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანდა და ჩვენამდე ვერ მოაღწია, ხოლო შიდა ინტერიერში, კედლების შეთეთრების შედეგად, მისი მთლიანობისთვის აუცილებელი, სხვა ორგანური ელემენტებიც დაიკარგა, სვეტიცხოველი დღემდე, ერთ-ერთი მწვერვალია, თავისი მხატვრული ღირებულებებით. მწვერვალი, რომელიც კიდევ ბევრ საუკუნეს გაუძლებს – ,,ხელოვნებაა თავად უკვდავება. მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი. ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს, მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი“.
სალომე ხომასურიძე

