მონოპოლია, მაღალი ინფლაცია, განუკითხაობა ჯანდაცვის სისტემაში – საქართველოში ექთნების დეფიციტია

საქართველოში 4-ჯერ ნაკლები ექთანია, ვიდრე ქვეყანას სჭირდება. ექთნები რამდენიმე საავადმყოფოში ერთდროულად მუშაობენ, რაც მათ გადაღლას იწვევს. მედპერსონალის გადაღლა კი უშუალოდ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აისახება.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1 იანვრიდან ექიმების საათობრივი ანაზღაურება 7 ლარი იქნება, ექთნების კი 4 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სამედიცინო პერსონალის სახელფასო მინიმალური ზღვარი წესდება. შესაბამისად, ექიმების ანაზღაურება თვეში 1260 ლარით განისაზღვრება, ხოლო ექთნების 792 ლარით. ამასთან, მედპერსონალის ანაზღაურება ყოველწლიურად გაიზრდება და 2025 წელს ექიმის საათობრივი ანაზღაურება 9 ლარი იქნება, ექთნის 5,60 ლარი. მინიმალური ხელფასის საპილოტე რეჟიმი რესპუბლიკურ საავადმყოფოში განხორციელდება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ექთნებს რეგიონებში საათში 1. 20 – 1.10 ლარს უხდიან, 4 ლარიანი მინიმალური ანაზღაურების დაწესება, მათ შემოსავალს გაზრდის. თუმცა, ქვეყანაში არსებული 11.5 %-იან ინფლაციისა და პროდუქტების გაძვირების ფონზე, ექთნებსა და ექიმებს საარსებოდ 700 ლარი ვერ ეყოფათ.

“სოლიდარობის ქსელის” პროფკავშირების გენერალური მდივანი რევაზ კარანაძე ფაქტს ხელფასების სტანდარტიზებისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს. მისი განცხადებით, ექთნებს, რომელთაც 140 და 180 ლარი აქვთ ხელფასი, მინიმალური ხელფასის დაწესების შემდეგ, ხელფასები 700 ლარამდე გაეზრდებათ, რაც მათთვის შვება იქნება, თუმცა, დიდი კლინიკებისა და ქალაქების შემთხვევაში, ხელფასის ზრდა პროფესიიდან კადრების გადინებას ვერ შეაჩერებს.

 

“ციციშვილის კლინიკაში ანაზღაურება 2.80 ლარია და ხელფასის 4.40 ლარამდე გაზრდა, მაინც ზრდაა. კლინიკებში დასაქმებული ექთნების უმეტესობას ხელფასები 10, 12 და 15 წელია არ მომატებიათ”, – ამბობს კარანაძე მედია სააგენტო “24”-თან საუბრისას.

ისმის კითხვა, რა უნდა იყოს ის მინიმალურ თანხა, რაც ექთნების გადინების პროცესს შეაჩერებს?

საქართველოში 4-ჯერ უფრო ნაკლები ექთანია, ვიდრე ქვეყანას სჭირდება. ექთნები რამდენიმე საავადმყოფოში ერთდროულად მუშაობენ, რაც მათ გადაღლას იწვევს. მედპერსონალის გადაღლა კი უშუალოდ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აისახება.

რევაზ კარანაძის მოსაზრებით, ექთნების გადინების უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ეს პროფესია არაპრესტიჟულია სწორედ დაბალი ხელფასები გამო. ამიტომ ახალი სამუშაო ადგილები ამ მიმართულებით არ იქმნება.

პროფკავშირების გენერალური მდივანი ამბობს, რომ ,,სოლიდარობის ქსელმა“ სამედიცინო პერსონალისთვის ე.წ. საცხოვრებელი და არა საარსებო ხელფასი (Living Wage) შეიმუშავა. ეს ტერმინი, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, ჯერ კიდევ არ დაუმკვიდრებია.

“სოლიდარობის ქსელის” ინფორმაციით, 2020 წლის მონაცემებით, მედპერსონალმა სტაბილურად ერთ სამსახურში რომ იმუშაოს, საცხოვრებელი ქირის გარეშე, ხელზე 1272 ლარი უნდა აიღოს.

გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის შემდეგ 2 წელი გავიდა, ინფლაცია კიდევ უფრო გაიზარდა. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში.

“ახალციხეში ექთნების ანაზღაურება 180 ლარია, ქობულეთში 140-150 ლარი, შუახევში კი, მაღალმთიანი რეგიონის სტატუსიდან გამომდინარე – 300 ლარი. ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია “ევექსს” ბაზარზე მონოპოლია აქვს. სწორედ ის ადგენს თამაშის წესებს და სხვა კლინიკებს უწევთ მისი თამაშის წესებში ჩაერთონ”, – ამბობს კარანაძე.

პრობლემის გადაჭრის მთავარ გზად რევაზ კარანაძე სახელმწიფოს მხრიდან მეტ კონტროლს, ბაზარზე მონოპოლიის აღმოფხვრას, რეგულაციების შემოტანას, ჯანდაცვის კომერციალიზაციის შემსუბუქებას მიიჩნევს. იგი საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველო, მთელი ევროპის მასშტაბით, ე.წ. კომერციული და განუკითხავად დაურეგულირებელი ჯანდაცვის სისტემით პირველ ადგილს იკავებს.

მინიმალური ხელფასი მიღებული პრაქტიკაა ევროპის ბევრ ქვეყანაში. მაგალითად – დანიაში, იტალიაში, შვედეთში, ფინეთში. მინიმალური ხელფასის არ არსებობა პრობლემას წარმოადგენს სასწრაფოს ექიმებისთვისაც. მაგალითად, უფროსი ექიმის ხელფასი ერთ მორიგეობაზე 140 ლარია. 10 წლის განმავლობაში კი, მათ ხელფასი მხოლოდ 30 ლარით გაეზარდათ. ეს იმ ფონზე, როდესაც ექიმები და ექთნები 12 საათის განმავლობაში მორიგეობენ და 14-მდე პაციენტს ემსახურებიან, ხოლო მისაღები პაციენტების დადგენილი ნორმა 3-4 -ია.

ანაზღაურებით უკმაყოფილო სასწრაფო დახმარების ექიმებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარე წელს არაერთხელ გამართეს და ხელფასების 100%-ით მომატება მოითხოვეს, სახელმწიფო კი მხოლოდ 10%-ით უზრდის.

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ჯანდაცვის დაფინანსებაზე ბიუჯეტიდან 1 მლრდ 600 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. სოფლის ექიმებსა და ექთნებს ხელფასი 100 ლარით გაეზრდებათ.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი თენგიზ ვერულავა სიახლეს დადებითად აფასებს. მისი თქმით, სწორედ იმის გამო, რომ საქართველოში მინიმალური ხელფასი არ არსებობს, ქვეყანაში ექთნების დეფიციტია.

“ექთნების ანაზღაურება არის ძალიან დაბალი. ზოგჯერ 300 ლარი ან ზოგჯერ უფრო ნაკლები. ექთნებმა საერთოდ დატოვეს ჯანდაცვის სფერო. ერთ ექიმზე მოდის 0.9 ექთანი, რაც ცხადია მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია”, – აცხადებს თენგიზ ვერულავა მედია სააგენტო “24”-თან საუბრისას.

როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება შეეხება იმ სამედიცინო პერსონალს, რომელთა დამსაქმებელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს.

 

 

თენგიზ ვერულავას შეფასებით, საქართველოში სამედიცინო ორგანიზაციების 85%-ზე მეტი არის კერძო კლინიკები. იმდენად, რამდენადაც არ არსებობს მინიმალური ხელფასის ზღვარი, კერძო ორგანიზაციას უფლება აქვს, ექთანს ხელფასი მისი შეხედულებისამებრ გადაუხადოს. შედეგად, სახელმწიფოს მიერ მინიმალური ხელფასის განსაზღვრა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, სამედიცინო დაწესებულებების კონკურენციას გაზრდის.

“ექიმები და ექთნები, რამდენიმე სამედიცინო ორგანიზაციაში მუშაობენ, რათა ნორმალური ხელფასი გამოუვიდეთ. როდესაც დაწესდება საათობრივი ანაზღაურება, ეს შვებას მისცემს ორ ან მეტ სამსახურში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს”, – აცხადებს ვერულავა.

ამ ფონზე, რეგიონებში სამედიცინო პერსონალის დეფიციტია. პაციენტები სათანადო მომსახურებას ვერ იღებენ. მედია სააგენტო “24” აღნიშნული პრობლემის შესახებ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს ესაუბრა.

როგორც რაჭაში, ონში მცხოვრებმა მოქალაქემ გვითხრა, სასწრაფო დახმარება გამუდმებით აგვიანებს და ერთი ექიმი ბევრ ფუნქციას ითავსებს.

“არ არის ნორმალური საავადმყოფო, ორსული ქალები ამბროლაურში გადაჰყვათ. სასწრაფოს 2 საათიც კი დაუგვიანია”, -ამბობს ადგილობრივი ონიდან.

რაც შეეხება ხაშურს, ხაშურის მკვიდრი აცხადებს, რომ ხაშურის კლინიკებში, ექიმებსა და ექთნებს ხელფასებს 3 თვით უგვიანებენ. ამასთან, თუ კი პაციენტს ლაბორატორიაში ანალიზის ჩაბარება სურს, რეგისტრატურაში თანხის გადახდის ნაცვლად, თანხას პირდაპირ ლაბორატორიაში უხდის ექიმს.

საინტერესოა, რა მდგომარეობაა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში. ახალქალაქის მცხოვრები “24”-ს უყვება, რომ რაიონში ჰოსპიტლებისა და ექიმების საკმარისი რაოდენობა არ არის.

ახალქალაქის მცხოვრებლებს განსაკუთრებული პრობლემა აქვთ ექიმების სიმცირის გამო.

“ახალქალაქიდან ბევრი სტუდენტი მიდის თბილისში სასწავლებლად, მაგრამ უკან აღარ ბრუნდებიან”, – ამბობს მოქალაქე ახალქალაქიდან.

მისი თქმით, ექიმები კლინიკებში სწორედ დაბალი ხელფასის გამო არ რჩებიან. ახალქალაქში ექთნებს 160 ან 170 ლარი აქვთ.

მოქალაქე მედია ,,24“-ს ეუბნება, რომ როდესაც მათ სამედიცინო პროცედურის სწრაფად მიღება სჭირდებათ, მოქალაქეები ექთნებს ხელზე 20 ან 30 ლარს აძლევენ.

“ეს იმის გამოა, რომ მათ ძალიან დაბალი ხელფასი აქვთ. ეს არ არის ნორმალური. მაგათაც აქვთ ოჯახი და ზრუნვა უნდათ. კლინიკაში რომ მივდივარ, ვფიქრობ, არავის აინტერესებს, მოვკვდები თუ გადავრჩები”, – ამბობს ის.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დიდი ხანია ექიმი აღარ ჰყავთ. როგორც აქაურები გვიყვებიან, წარსულში სოფელს ერთი პედიატრი – ქეთინო ექიმი ემსახურებოდა. ის იყო ყველას მკურნალიც და იმედიც. ახლა სოფელი სასწრაფო დახმარების ექიმებისა და ექთნები იმედად არის, რომლებიც პაციენტს მხოლოდ პირველად დახმარებას აღმოუჩენენ და დანიშნულებას არ აძლევენ. სოფლის მოსახლეობას სურს სოფელს საკუთარი ექიმი და ექთანი ჰყავდეს.

“სასწრაფო დახმარება მაშინვე რაიონში მიგვარბენინებს. ასაკოვანი ადამიანი ვარ, მაქვს მაგის შესაძლებლობა, რომ მერე ყვარლიდან ტაქსითი დავბრუნდე უკან? განა არ შეიძლება 2-3 სოფელს ერთი მკურნალი ექიმი და ექთანი რომ დაუნიშნონ? არც ერთი მთავრობის დროს ჩვენი დარდი არავის ჰქონია. აფთიაქიც კი არ იყო აქამდე სოფელში. თუ რომელიმე მეზობელი წავა თავის საქმეზე ქალაქში, იმას ვაბარებთ ხოლმე წამლებს”, – აცხადებს სოფლის მკვიდრი, ასაკოვანი მამაკაცი.

ახალქალაქში პრობლემაა სასწრაფოს დაგვიანების კუთხითაც. მოქალაქის განცხადებით, მისი სოფელი ქალაქიდან 10 წუთის სავალზე მდებარეობს, მაგრამ სასწრაფო 30-50 წუთის დაგვიანებით მიდის. ამასთან, პრობლემაა 112-თან დაკავშირებაც. 112-ის სომხურენოვანი ოპერატორი მოქალაქეებს გვიან პასუხობს.

“ვინც ქართული არ იცის, რა გააკეთოს, ხომ არ უნდა მოვკვდეთ”, – ამბობს ახალქალაქის მაცხოვრებელი.

პრობლემა იმდენად კომპლექსურია, რომ მხოლოდ საშუალო ხელფასის განსაზღვრით, ცხადია, ვერ მოგვარდება. მოსახლეობა და მედიკოსები იმედოვნებენ, რომ ამ სფეროს მიმართ ქვეყნის მთავრობა უფრო მეტ ინტერესს გამოიჩენს და მხოლოდ ფასადური განცხადებებითა და რეფორმებით არ შემოიფარგლებიან. პრობლემაა ისიც, რომ გაქრობის პირასაა ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი, ექთნის პროფესიას. ახალგაზრდები უკვე იშვიათად იჩენენ ინტერესს ისეთი პროფესიების მიმართ, საიდანაც მომავალში, დაბალი შემოსავალი ექნებათ. ამ სფეროში არსებული აშკარა მონოპოლია კი, პრობლემებს ნამდვილად არ შეამცირებს.

ინგა ფუტკარაძე


“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა

,,მეტი სისხლი-მეტი სიცოცხლე“ -14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა

გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა

შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გამარტივდა

საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 8 შემთხვევა დაფიქსირდა

პოდკასტი