რუსეთის პრეზიდენტი ბირთვული იარაღის “სამართებელივით ქნევას” არ აპირებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს.

PHOTO: REUTERS რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

მისი განცხადებით, მსოფლიოში ბირთვული ომის საფრთხე იზრდება, თუმცა რუსეთმა იცის, თუ რა არის ბირთვული იარაღი და მისი სამართებელივით ქნევას არ აპირებს.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსული სტრატეგია საპასუხო დარტყმაზეა დაფუძნებული. კერძოდ, თუ კი მტერი რუსეთს დაარტყამს, პასუხს რუსეთიც გასცემს.

“ჩვენ ჩვენს მოკავშირეებს ყველა საშუალებით დავიცავთ. ჭკუიდან არ შევშლილვართ. ვაცნობიერებთ, თუ რა არის ბირთვული იარაღი. ბირთვული იარაღი ჩვენთვის არის არა მაპროვოცირებელი, არამედ შემაკავებელი ფაქტორი”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ადამიანის უფლებათა საბჭოს ონლაინ შეხვედრაზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე და განაცხადა, რომ “სპეცოპერაცია” ხანგრძლივი ვადით გაგრძელდება, თუმცა იგი რუსეთში დამატებითი მობილიზაციის გამოცხადების საჭიროებას ვერ ხედავს. პუტინმა პარალელი პეტრე I-თანაც გაავლო და განაცხადა, რომ უკრაინის ომს რუსეთისთვის ახალი ტერიტორიების “შეძენა” უნდა მოჰყვეს. მისი თქმით, ახლა რუსეთი აკონტროლებს აზოვის ზღვას, რომლისთვისაც პეტრე დიდიც იბრძოდა.

ბირთვულ საშიშროებაზე კომენტარი გააკეთა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა. მისი განცხადებით, საერთაშორისო ზეგავლენამ იმუშავა და რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ამ ეტაპზე აღარ არსებობს.

“ამ დროისთვის ჩვენ რუსეთი შევაჩერეთ. საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ბირთვული საფრთხე წითელი ხაზია, ამიტომ რუსეთმა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა ამ ეტაპზე შეწყვიტა”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

 

ინგა ფუტკარაძე