დღეს სვეტიცხოვლობაა – ტრაგედიის გამო ჩაშლილი დღესასწაული

თბილისში, ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რასაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე შეეწირა, სვეტიცხოვლობა წლეულს საზეიმო ვითარებაში არ აღინიშნა. სწორედ ტრადიციული დღესასწაულის წინა დღით, 13 ოქტომბერს თბილისში უბედური შემთხვევა მოხდა. ვაკის პარკში არსებულ შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო 2 დაშავებულის გადარჩენა ექიმებმა შეძლეს.
„გუშინ სამწუხაროდ, დიდი უბედურება დატრიალდა. დღეს ჩვენ არ გვაქვს საზეიმო განწყობა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და გაანათლოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სვეტიცხოვლობა იგივე მცხეთობა საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან – 1991 წლიდან, ყოველ 14 ოქტომბერს აღინიშნება.
ამ დღეს მთელი საქართველოს მოქმედ ეკლესიებში წირვა-ლოცვა აღევლინება. ტრადიციულად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ადგილობრივი და ჩასული მრევლი მთავარ საზეიმო წირვას ესწრება.
ტაძარში ინახება იესო ქრისტეს კვართი და მისი სადიდებელი დღესასწაულიც აქედან გამომდინარეობს: “კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას”.
მცხეთის შუაგულში კი სხვადასხვა გასართობი ღონისძიება იმართება.
ძველად მლოცველები მცხეთაში, თბილისიდან, ქართლიდან და კახეთიდან იკრიბებოდნენ. ისინი სვეტიცხოველში ღამის გასათევად წინა დღით მიდიოდნენ.
დღესასწაულზე წირვა-ლოცვასთან ერთად ბაზრობა, ცეკვა–თამაში, ჭიდაობა და ლხინი იმართებოდა. ტრადიცია დღემდე შენარჩუნებულია და სვეტიცხოვლობის აღსანიშნად მისულ სტუმრებს განსხვავებული ღონისძიებები, ხალხური, ფოლკლორული მუსიკის კონცერტები, ბაზრობები და გამოფენები ხვდებათ. ამასთანავე, იმართება სახალხო სეირნობა მცხეთის ქუჩებში.
სვეტიცხოვლობა უქმე დღედ არის გამოცხადებული. ამიტომაც, გვაქვს შესაძლებლობა ყოველწლიურად დღსასწაულის გულისცემა უშუალოდ მცხეთაში შევიგრძნოთ.

