ევროკავშირი, რუსეთის მიერ, საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს

ევროკავშირი საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებაზე შეთანხმდა, რაც გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული დოკუმენტის მქონე პირები, შენგენის ზონაში საზღვარს ვერ გადაკვეთენ.
 ევროკავშირის საბჭოს პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება პასუხი არის რუსეთის სამხედრო აგრესიაზე უკრაინაში და ასევე 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე.
 ცნობისთვის, აღნიშნულ სამგზავრო დოკუმენტებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები ისედაც არ აღიარებდნენ, თუმცა ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საერთო მიდგომის ჩამოყალიბებას საზღვრების ფუნქციონირებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვის კუთხით.
 ,,უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიით, რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა საერთაშორისო სამართლისა და წესრიგის უხეში დარღვევა. ჩვენ ვაღიარებთ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ევროკავშირი ერთიანია და მტკიცედ დგას ორივე ხალხისა და ქვეყნის მიმართ“. -განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუშანმა.
ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ჩეხეთია, რომელმაც ევროპარლამენტთან აღნიშნულ საკითხზზე დისკუსიები უნდა დაიწყოს.
 2014 წლის მარტში, ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის შემდეგ, რუსეთმა ყირიმის მაცხოვრებლებს რუსული საერთაშორისო პასპორტები გადასცა. ეს პრაქტიკა გაგრძელდა დონეცკსა და ლუგანსკშიც. წარსულში კი ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
 ცნობისთვის, ევროკავშირმა, უკრაინის ომის შემდგომ, სრულად შეაჩერა რუსეთსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება.
 წყარო: ევროკავშირის საბჭო
ავტორი : ინგა ფუტკარაძე