არაერთი უკვდავი ქართული ფილმის რეჟისორი რეზო ჩხეიძე 8 დეკემბერს დაიბადა (ვიდეო)
ცნობილი ქართველი რეჟისორი და სახალხო არტისტი რევაზ ჩხეიძე 1926 წლის 8 დეკემბერს ქუთაისში, საბჭოთა რეჟიმის მიერ 1937 წელს დახვრეტილი მწერლის, დავით ჩხეიძის (დია ჩიანელის) ოჯახში დაიბადა.
1943-46 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლობდა. 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. ამავე წელს, რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად გადაიღო პირველი კინონარკვევი “ჩვენი სასახლე”. მომდევნო წლებში, კი „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ და მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა“, რომელმაც 1956 წელს კანის საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზი – “ოქროს რტო” და ედინბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე I პრემია მოიპოვა.
1963-1981 წლებში ჩხეიძე კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი გახლდათ. 1974 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. ასევე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი იყო.
რეჟისორს სხვადასხვა წლებში გადაღებული აქვს ფილმები: „ჩვენი ეზო“ (ოქროს მედალი, I პრემია და დიპლომი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალზე), „მაია წყნეთელი“, „განძი“ (დიდი პრიზი დელის საერთაშორისო კინოფესტივალზე), „ზღვის ბილიკი“, „ჯარისკაცის მამა“ (პრემია ირლანდიის საერთაშორისო კინოფესტივალზე, პრიზი რომის საერთაშორისო კინოფესტივალზე, დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე) „ღიმილის ბიჭები“ (საქართველოს კომკავშირის პრემია), „ნერგები“ (დიპლომი მოსკოვისა და ტაშკენტის საერთაშორისო კინოფესტივალებზე), „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ (მთავარი პრიზი და დიპლომი ვილნიუსის საკავშირო კინოფესტივალზე) და სხვ.
რეზო ჩხეიძე 2015 წლის 3 მაისს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
თაკო ბოკუჩავაა