“მჯერა, მწამს და ვერც ვერავინ შემაცვლევინებს ამ რწმენას” – პირველი ქალები ქართულ პოლიტიკაში

104 წლის წინ, საქართველოში ქალებს, არჩევნებში ხმის მიცემის გარდა, მონაწილეობის უფლებაც ჰქონდათ. დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს 17 ქალი იყრიდა. პირველი 5 ქალი პარლამენტარი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან იყო.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა ერთი საუკუნის წინ, ზუსტად 104 წლის წინ შეიქმნა, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღება და პარლამენტის ფორმირება მოჰყვა. საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ თითქმის 3 წელი იარსება. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო, რომელიც მხოლოდ 4 დღის განმავლობაში მოქმედებდა. 4 დღის შემდეგ, 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოში რუსეთის მე-11 წითელი არმია შემოიჭრა.

მაშინ, როდესაც შვეიცარიაში ქალებმა ხმის მიცემის უფლება 1971 წელს, პორტუგალიაში კი 1976 წელს მოიპოვეს, 1919 წლის საყოველთაო არჩევნებში, როგორც ქალები, ისე მამაკაცები მონაწილეობდნენ. სწორედ ამავე პერიოდში, 1918-1920 წლებში, ქალებს საარჩევნო ხმის უფლება მისცეს დასავლეთის ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიცაა ბელგია, გერმანია, პოლონეთი, კანადა, აშშ.

საქართველოში ქალებს, არჩევნებში ხმის მიცემის გარდა, მონაწილეობის უფლებაც ჰქონდათ. დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს 17 ქალი იყრიდა. პირველი 5 ქალი პარლამენტარი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან იყო. მათი სახელები ისტორიას შემორჩა: მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა მახვილაძე, ანა (ოლა) სოლოღაშვილი, ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე.

პირველი ქართველი პარლამენტარი ქალების მოკლე ბიოგრაფია:

 

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე

 

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე 1879 წლის 14 მარტს აზნაურის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზია. მარქსისტებს სწორედ იმ პერიოდიდან დაუახლოვდა. სწავლა ჟენევის სამედიცინო უნივერსიტეტის ფაკულტეტზე განაგრძო. 1905 წელს თბილისში დაბრუნებისთანავე რევოლუციურ, სოციალისტურ საქმიანობაში ჩაერთო. მუშაობდა ,,წითელ ჯვარშიც“, ხელმძღვანელობდა ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას. მინადორა მოსკოვში იძულებით არაერთხელ გადაასახლეს, 1936 წელს დააპატიმრეს. მისი ოჯახის ყველა წევრი რეპრესიებს ემსხვერპლა, თვითონ ცოცხალი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ სამედიცინო განათლება ჰქონდა. ერთ-ერთმა პირველმა ქალმა პარლამენტარმა ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ის პარლამენტში შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიის წევრი იყო. მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე 88 წლის ასაკში, 1967 წლის 19 სექტემბერს, გარდაიცვალა.

 

ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე

 

ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე პარლამენტში შრომის კომისიას წარმოადგენდა. ის 1885 წელს თავადთა ოჯახში დაიბადა. განათლება თბილისის ქალთა გიმნაზიაში მიიღო. 1904 წლიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. ის “გურიის ქალთა საზოგადოების” თავმჯდომარედ აირჩიეს. 1921 წლიდან ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე ანტისაბჭოთა მოძრაობაში ჩაერთო. 1923 წლის 2 მაისს, საქართველოს სსრ ჩეკას დადგენილებით “მენშევიკური პარტიის” 78-კაციან ჯგუფთან ერთად ურალის მხარეში გადაასახლეს. იმავე პერიოდში, ბათუმში დააპატიმრეს მისი მამა – იოსებ მიხეილის ძე ნაკაშიძე, რომელსაც ამ დროისთვის უკვე ეჭვმიტანილ ოთარ და მუშნი დადიანებთან კავშირი და იარაღის გადამალვა ედებოდა ბრალად. ელისაბედს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არასდროს შეუწყვეტია. ის არალეგალური ანტისაბჭოთა საქმიანობის გამო 1937 წელს დახვრიტეს.

 

ელეონორა ტერ-ფარსეგოვა მახვილაძე

 

ელეონორა ტერ-ფარსეგოვა მახვილაძე 1875 წელს დაიბადა, პარტიის წევრი 1902 წელს გახდა. აქტიურად იყო ჩართული სოხუმის ჯგუფში, რომელმაც მეფის ხელისუფლების თითქმის ყველა სტრუქტურა ჩაანაცვლა. 1921 წლიდან ანტისაბჭოთა მოძრაობაში ჩაერთო. დაპატიმრებებისა და გადასახლებების შემდეგ, 30-იან წლებში, პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. მისი გარდაცვალების თარიღი უცნობია.

 

ანა (ოლა) სოლოღაშვილი

 

ანა (ოლა) სოლოღაშვილი დაიბადა 1882 წელს. 1903 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში. პარლამენტში საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიის შემადგენლობაში იმყოფებოდა. 1937 წელს ანტისაბჭოთა საქმიანობისა და მენშევიკთა ლიდერ ნოე რამიშვილთან კავშირის ბრალდებით, დახვრეტა მიუსაჯეს.

 

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე

 

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე დაიბადა 1889 წელს. სწავლობდა ქუთაისის წმინდა ნინოს გიმნაზიაში. 15 წლის ასაკში იატაკქვეშა ჯგუფის ორგანიზატორი იყო, რომლებიც მეფის აბსოლუტურ ძალაუფლებას ეწინააღმდეგებოდნენ. გარიცხეს სკოლიდან. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1905 წლიდან კი რევოლუციურ საქმიანობაში ჩაერთო. ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე ლექციებს ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში კითხულობდა თემაზე: “ქართველი ქალის სახე ქართულ ლიტერატურაში”. დამფუძნებელ კრებაში მას პრეზიდიუმის წევრისა და მდივნის თანამდებობა ეკავა. პარლამენტში განათლების კომისიის წევრი იყო.

“საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცებაზე შემიძლია ვთქვა, რომ აქ არის ხსენებული ძალაუფლება შემოსული რუსეთის წითელი ჯარის საშუალებით, მთავრობა შემდგარი ქართველებისგან წარმოადგენს მხოლოდ ფიქციას და ბატონობა საქართველოში არის უცხო ხალხისა”, – წერდა ქრისტინე შარაშიძე.

იგი 1973 წლის 10 ნოემბერს გარდაიცვალა.

 

XIX-XX საუკუნეებში ქართველი ქალების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ როლზე საუბრისას, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ქართველი პუბლიცისტი, ფემინისტი და ჟურნალისტი კატო მიქელაძე.

 

კატო მიქელაძე

 

კატო მიქელაძე 1878 წელს დაიბადა, სწავლობდა რუსეთში, შვეიცარიასა და ბრიუსელში. დაამთავრა ბრიუსელის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ჩართული იყო არალეგალურ რევოლუციურ საქმიანობაში და აკრძალულ ლიტერატურას ავრცელებდა. 1916 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, რაც ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას გაეცნო, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყო. 1917-1918 წლებში რეგიონული ქსელი “ქალთა ლიგა” და გაზეთი “ხმა ქართველი ქალისა” დააფუძნა. გარდაიცვალა 1942 წელს.

 

 

აუცილებლად უნდა ვახსენოთ მარო მაყაშვილი – საქართველოს ეროვნული გმირი, რომელიც 1921 წელს რუსეთის საბჭოთა ჯარებთან ბრძოლაში დაიღუპა. მარო მაყაშვილი თავად-აზნაურთა ოჯახში 1902 წელს დაიბადა. დაამთავრა ქალთა ქართული გიმნაზია, რის შემდეგაც სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე განაგრძო. წითელი არმიის შემოჭრისას, 19 წლის მარო მაყაშვილი მოხალისედ ფრონტზე წავიდა და წითელ ჯვარში, მოწყალების დად ჩაეწერა. ის 19 თებერვალს, კოჯრის მისადგომებთან დაიღუპა და ქართველ იუნკრებთან ერთად, ახლანდელი პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე დაკრძალეს. ქართულმა საზოგადოებამ მას ჟანა-დარკი უწოდა. ამასთან, მარო მაყაშვილი პირველი ქართველი ქალია, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

 

მარო მაყაშვილი

 

“..იქნება სხვები ამას არ ხედავენ, მაგრამ მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სრულად ეღირსება ამ ბედშავ ერს თავისუფლება. მაშინ მზეც მხიარულად გაანათებს და გაათბობს არეს და მთვარეც გაანათებს ძველ კვალს, რომელიც სიმართლისკენ მიდის“.
,,საყვარელო მამა, მე ჯერჯერობით კარგად ვარ. მტერი ჯერ შორს არის. ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამომიგზავნეთ. ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად“, – ვკითხულობთ მარო მაყაშვილის დღიურებში.

საინტერესოა, საქართველოში ქალთა როლზე ილია ჭავჭავაძის და ვაჟა-ფშაველას მოსაზრებები.

1988 წელს ილია ჭავჭავაძე “დედათა ემანსიპაციის თაობაზე” საუბრობდა. მისი აზრით, ყველა უფლებას მოვალეობა მოსდევს. “ახლანდელ დროში, მამაკაცს ბევრი ისეთი უფლება აქვს, რომელიც ქალს სამართლიანად ეკუთვნის”, – მაგრამ ილიას მოსაზრებით, მამაკაცი ქვეყანას, სახელმწიფოს, საზოგადოებას, ოჯახს ემსახურება და მძიმე ცხოვრების ტვირთი აწევს.

“დღეს ქალები რო იძახიან, მოგვეცით უფლებაო, სამართლიანია, მაგრამ ჰრჩება ხმად მღაღადებლად უდაბნოსა შინა, იმიტომ, რომ ყველანი ჰხედვენ, რომ ქალები ბევრწილად უქმნი და უვარგისნი არიან იმ მოკლე შემოხაზულ წრეშიაც კი, რომელშიც დღეს იმყოფებიან და იმ მცირეოდენ მოვალეობასაც ვერ უძღვებიან, რაც დღეს მიზომილი აქვთ საზოგადოებასა თუ ოჯახებში“, – წერს ილია.

ის საზოგადოებას სარკეს საკუთარი ნაკლოვანებების დასანახად მუდამ აწვდიდა და ,,მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“, – პრინციპით მოქმედება.
ილიას მოჰყავს გერმანიისა და აშშ-ის მაგალითები ქალთა ემანსიპაციაზე.

“ნიუ-იორკში ქალს, გვარად მატერს, მიწის ქვეშეთვის ტელესკოპი მოუგონია, ქალებმაც ყური უნდა ათხოვონ მსგავს მაგალითებს”, – წერდა ილია.

ვაჟა-ფშაველას თქმით, იმის ახსნას, თუ რა როლს ასრულებს ქალი ქვეყნის ისტორიისა და ოჯახისთვის, მთელი ტომები მოუნდება. ვაჟას თქმით, ქალთა უფლებები აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს.

“მჯერა, მწამს და ვერც ვერავინ შემაცვლევინებს ამ რწმენას”, – ამბობს ვაჟა.

“დღეს რომ მაღალ ბიუროკრატიულ წრეებში, გავლენიან ადგილებზე მინისტრებისა და სხვა, დედაკაცები იყვნენ, საჭირო რეფორმებს ვეღირსებოდით. დედაკაცები ამდენ სიჯიუტეს არ გამოიჩენდნენ, როგორსაც დღეს იჩენენ მაღალი სფეროს მამაკაცები, “კაი ბიჭობად” და “გულ-მაგრობად” არ გაასაღებდნენ თავიანთ სიჯიუტეს”, – წერს ვაჟა-ფშაველა ქალთა უფლებებზე.

ინგა ფუტკარაძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი