“მიწების მასშტაბური გაყიდვის პროცესს თუ გავაგრძელებთ, ქურთი ერივით უმიწაწყლოდ დავრჩებით”

ინტერვიუ ვაჟა ოთარაშვილთან

“ცხინვალის ოკუპირებული რეგიონი არის 38 000 კვ. მეტრი და 92 000-ზე მეტი აქვთ უკვე მიღებული შიდა ოკუპაციით არაბებს, ირანელებს, თურქებს, ინდოელებს და ა.შ.”

მწერალი ვაჟა ოთარაშვილი ხელისუფლებას ეროვნული სიმდიდრის – ქართული მიწის, უცხოელებზე გაყიდვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებში ერთიანია. ოთარაშვილის მტკიცებით, ხეკორძულას ხეობიდან დაწყებული, ნიჩბისი, კავთისხევი, ნოსტე, ერთაწმინდა… ეს მიწები, ასეულობით ჰექტარი უცხოელებზეა მიყიდული. ისტორიული ადგილი ლამისყანა, თხოთის მთა, ქრისტიანული მისტერიის დიდი ადგილი, წმინდა ნინოს ეკლესიის გარშემო ტერიტორია, 40 ჰექტრამდე, მაჰმადიანებზეა მიყიდული. ლამისყანასა და ოკამს შუა შენდება არაბული სოფელი. ოთარაშვილი მთავრობისგან ყურადღებას ითხოვს და საინიციატივო ჯგუფთან ერთად, ვინც ქართული მიწების გადარჩენისთვის იბრძვის, ხელისუფლებას გამოსავალსაც სთავაზობს. რამდენად არის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები მიწების გასხვისების პროცესში გათვალისწინებული, რა რეაგირება აქვს ხელისუფლებას ხალხის პროტესტზე და დღესაც თანამდებობის პირი რატომ არის სააკაშვილის დროინდელი მაღალჩინოსანი, რომელიც, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ახლაც უძრავის ქონებების გადაფორმება-გასხვისებით არის დაკავებული, – ამ საკითხების ირგვლივ მედია სააგენტო “24”-ს მწერალი ვაჟა ოთარაშვილი ესაუბრა.

– დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს – მიწების უცხოელებზე მასობრივად გასხვისება.  სასოფლო-სამეურნეო (და არა მხოლოდ), მიწების მიმართ  მთავრობის დამოკიდებულებაში იგრძნობა სახელმწიფოებრივი მიდგომა თუ ხელისუფლება მიწას აღიქვამს, მხოლოდ როგორც ეკონომიკურ სარგებლს? 

-დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა, დიდად არ განსხვავდება სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის პოლიტიკისგან. ისეთი მასობრივი წამება და ხალხის ციხეში დაჭერები არ მიდის, მაგრამ ქართული მოსახლეობის განადგურების პროცესი უკვე სხვა მეთოდებით მიმდინარეობს. მოსახლეობას ხელისუფლება, ფაქტობრივად, აიძულებს, რომ დატოვონ თავისი სამშობლო. წარმოიდგინეთ, მარტო წელს 100 ათასზე მეტი ქართველია გასული საქართველოდან. ამ დროს ხელისუფლება ჩალის ფასად ხელში უგდებს ქართულ მიწებს არაბებს, თურქებს, ინდოელებს, ირანელებს, ეგვიპტელებს და ა.შ. ღიად ვაცხადებ და პირდაპირ მივმართავ ეკონომიკის მინისტრს – საქართველოს მიწების ნახევარი გაყიდულია. ყველას შეუძლია ნახოს. დავიწყოთ გნებავთ, თბილისიდან. მიპასუხოს ეკონომიკის სამინისტრომ, გინდა მთავრობის ნებისმიერმა წევრმა პრემიერიდან დაწყებული – თბილისში, გუბერსკის ციხის უკან, ორთაჭალაში, მთავარი პროკურატურის წინ, სადაც რესტორანი „თამარიონი იყო – მთელი ეს ტერიტორია არაბებზეა გაყიდული. ქართული სკოლის აშენება უნდოდათ და უფლებას არ აძლევენ.

ეს ტერიტორია ქედებამდე, რომელიც თბილისს გადმოჰყურებს, სულ უცხოელების ხელშია. აღარ ვამბობ კიდევ წავკისის დასახლებას, ტაბახმელას. იცით იუნკრების მემორიალი, სადაც თავისუფლებისათვის თავი შესწირეს ქართველმა ვაჟკაცებმა და სადაც 26 მაისს დიდის ამბით მთავრობის წევრები და პოპულისტი პოლიტიკოსები, ყვავილებით ავარდებიან ხოლმე. იუნკრების მემორიალიდან ზუსტად 50 მეტრში 200 სახლიანი არაბული სოფელია აშენებული.

აგერ ჩემი მშობლიური სოფელი ქვემო ჭალა, სადაც კატეგორია შეუცვალეს სოფლის საძოვრებს და 11 ჰექტარი ჩალის ფასად – 55 ათას დოლარად არაბებს მიყიდეს, საუდის არაბეთის მოქალაქეებს. ქვათახევის მონასტერი ყველამ იცით. სოფელი ქვემო ჭალა 2 კილომეტრზეა სამთავისის დედათა მონასტრიდან. ქვათახევის მონასტერთან მისასვლელი 2 კილომეტრშია. ასევე შენდება არაბული სოფელი – ეგვიპტელები არიან 100%-იანი წილის მფლობელი და 170 სახლზე შენდება სოფელი. მარცხენა მხარეს მდებარეობს 100 მეტრში ისტორიულ-კულტურული ძეგლი „მაღალაანთ კოშკები“ და უნიკალური ფარმაცევტული აფთიაქი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნეს ითვლის. ეს აფთიაქი, თავის დროზე, სუკრატ სალუქვაძემ აღმოაჩინა. მთელი ევროპა გაეცნო ამ აღმოჩენას და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველო მედეას ქვეყანაა უხსოვარი დროიდან. წამლების შენახვის, დამზადების კულტურა და ტექნოლოგიები იმ დროიდან არსებობდა. ქრისტემდე პერიოდზეა ლაპარაკი. აი, აქ შენდება არაბული სოფელი. გახმაურებული ამბავი – სოფელ დიცში. აქ 138 ჰექტარია უცხოელების ხელში, სოფელ სეხდულეთში – 58 ჰექტარი, ერაყელი არაბების ხელშია 52 ჰექტარი. აქეთ მეორე მხარეს, აღაიანის და მუხრანის ველები – 50 ჰექტარზე ირანელები არიან. ასევეა ქარელი, სოფელი მუხისი – 16 ჰა, არაბებისაა. ტყიბულში 80 ჰექტარი საუდის არაბეთის მოქალაქეებისაა. ოზურგეთი, როგორც ოზურგეთის რაიონულ ცენტრში, ასევე გარშემო, მთელი მიწები – ხელვაჩაური, თეთრიწყარო, პანტიანის დასასვენებელი ზონა, სადაც არის ფიჭვნარი, ყველაზე კარგი ადგილი, რაც არის – ესეც სულ არაბების, ინდოელების, ირანელების და სხვების ხელშია.

ჩვენ ამის პრეცედენტი თბილისში დავუშვით, როდესაც ისტორიულად ქართული ხიბლის მქონე პლეხანოვის გამზირი თურქებს და ირანელებს ხელში ჩავუგდეთ.

ახლა ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს პერიფერიებში. ვინ აკეთებს ამას? – ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყაჩაღთა ბანდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით. აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრის ხელშეწყობით. ყოველდღიურად ასობით ჰექტარი გადადის უცხოელების ხელში.

– ეს უწყებები ასე დამოუკიდებლად ხომ ვერ იმოქმედებდნენ, ერთიანი დავალება რომ არ იყოს? უცხოელებისთვის საკუთრების შეძენა-გაფორმებაში ხელის არშეშლას ვგულისხმობ.

-არ ვიცი, ამ ნებართვას ვინ გასცემს. ერთ პატარა ისტორიას მოგიყვებით და დასკვნა მკითხველმა გააკეთოს. ქართული მიწების გაყიდვის პროცესი სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო – 2003-2004 წლებში. განსაკუთრებით გააქტიურდა კახა ბენდუქიძის პერიოდში, როცა ის იყო ეკონომიკის მინისტრი. არც ვერა ქობალიას დაუკლია ეს სიამოვნება და შემდგომ ეს პროცესი გაგრძელდა უკვე სხვა პრემიერების – კვირიკაშვილი, ბახტაძე, გახარია – დროსაც. გახარიას დროს ამ პროცესმა ზენიტს მიაღწია, როცა „ნამახვანჰესის“ მშენებლობისთვის 99 წლით 600 ჰექტარი თურქებს მისცა 121 ათას ლარად. დღესაც იგივე გრძელდება. საინტერესო, რა არის იცით? ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე არის ის, ვინც სააკაშვილის დროს იყო ქონების მართვის სააგენტოს უფროსი, როცა მოსახლეობას მასობრივად ქონებებს ართმევდნენ, იარაღით ადგებოდნენ და ღამე ნოტარიუსთან აფორმებინებდნენ. მაშინ ის იყო მაღალი თანამდებობის პირი – ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, მერე ცოტა ხნით 2012 წელს „სოკარში“ გადავიდა მთავარ მრჩევლად და ახლა კი არის ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე. წარმოიდგინეთ, ვერა ქობალიას და კახა ბენდუქიძის კადრი დღესაც მაღალ თანამდებობაზეა. ხომ გესმით, რაც ხდება. ვინ ყიდის, როგორ ყიდის – ეს ღარიბაშვილია, გახარიაა, კვირიკაშვილია თუ ვინ, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. მე ფაქტს ვამბობ – აი, ეს მიწები იყიდება. ზოგადად, ეკონომიკის სამინისტრო ქართულ მიწას უყურებს არა, როგორც უნიკალურ ეროვნულ ფენომენს, არა როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის და ქართველი ერის არსებობის მთავარ ფაქტორს, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები სისხლს ღვრიდნენ, ესენი უყურებენ, როგორც საქონელს და ისე ყიდიან, როგორც „კოკა კოლას“ ან შოკოლადის ფილას.

– თქვენ საუბარში, ფაქტობრივად იმაზე მიანიშნეთ, რომ „ქართული ოცნება“ და მის მიერ შეთვისებული ნაციონალების კადრები, კარგად თანამშრომლობენ სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. მათი გადაწყვეტილებები, ასე ვთქვათ, ერთი და იგივეა. არადა, „ოცნება“ ხომ ამ ყველაფრის საწინააღმდეგო ნიადაგზე მოვიდა.

-რა თქმა უნდა. ესენი დოლ-გარმონივით შეთანხმებულები არიან. ეს არის ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა, რომელიც თამაშობს ამ თამაშს, რომ ხელისუფლებაში იყვნენ. ორივე ანტიქართული ძალაა. ვერც „ქართულ ოცნებას“ და მით უმეტეს, ვერც ნაციონალურ რეჟიმს, ქართულ პოლიტიკურ ძალებს ვერ ვუწოდებ. ორივე ანტიქართული ძალაა. „ქართული ოცნება“ მოსახლეობას ზომბირებას უკეთებს – აი, ჩვენ ომში არ ჩავებით, მშვიდობა შევინარჩუნეთ. როგორც სააკაშვილს გიორგი თარგამაძე ჰყავდა ფსევდო ოპოზიცია, ახლა „ქართულ ოცნებასაც“ ასეთი ოპოზიცია ჰყავს – „ხალხის ძალა“ . აი, ასეთ “სიაფანდობაში” გადის ყველაზე მთავარი – ქართული მიწა-წყალ. ძალიან მნიშვნელოვან რამეს გეტყვით: ქართული მიწა, სხვა ობიექტებისგან განსხვავებით, ქარხანა, ფაბრიკა, რაღაც შენობა-ნაგებობა, ერთდროულად წარმოადგენს საკუთრების ობიექტსაც, წარმოების საშუალებასაც და ქართული სახელმწიფოს ტერიტორიასაც, გეოგრაფიულ არეალსაც. ამიტომ ქართულ მიწას, როგორც ეკონომიკური, ასევე იურიდიული და მე ვიტყოდი, დიდი პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი დატვირთვაც გააჩნია. თუ მიწების ასეთ მასშტაბურ გაყიდვის პროცესს გავაგრძელებთ, ქურთი ერივით უმიწაწყლოდ დავრჩებით. იცით, რომ ქურთი ერი, სხვადასხვა მონაცემებით, 28-დან 29 მლნ-მდე მერყეობს. ჩვენ, ქართველები კი, 2 მლნ აღარ დავრჩით. აი, რეალობა ესაა. მე მომავალ თაობაზე ვფიქრობ. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა.

სპეციალურად წამოვედი თბილისიდან ჩემ სოფელში და უკვე 7 წელია აქ ვარ. არ მინდოდა სოფელი დაცლილიყო. ჩემი სახლიდან კილომეტრნახევარში რუსის ჯარი დგას. რომ დამინახეს, რომ დავბრუნდი, სხვებიც დაბრუნდნენ

მიწას ვამუშავებთ, რაღაცას ვაკეთებთ, სოფელი განათებულია და მოვაწესრიგეთ რაღაცები. ხელისუფლებამ იმის მაგივრად, ხელი შეუწყოს, რომ გლეხობა დამაგრდეს, სოფელი არ დაიცალოს, მიწებს ყიდის. წარმოიდგინეთ, სოფელს საძოვარს რომ გაუყიდი, ადგილობრივებისთვის ეს რა მტკივნეულია. გლეხები ლაპარაკობენ, ძროხები უნდა გავყიდითო. თუ საძოვარზეც ვერ გაუშვებ ძროხას, რით უნდა გამოზარდო და გამოაზამთრო? ანუ საძოვარი თუ არ ექნება სოფელს, ძროხებს ხალხი გაყიდის. ხალხს რძის პროდუქტები მოაკლდებათ, საარსებო საშუალება და იძულებული იქება, ან თბილისში წავიდეს, ან საზღვარგარეთ. სადაც ამ არაბებს მიწა მისცეს, ამ საკითხზე, ახლა სასამართლო მიმდინარეობს. 20 დეკემბერს არის პროცესი ჩანიშნული მოსამართლე დავით პაპუაშვილთან. მეეჭვება, რომ მას საერთოდ ქართული ცნობიერება ჰქონდეს.

-სარჩელის ავტორი ვინ არის?

– არაბები უჩივიან კასპის მუნიციპალტეტს, რომელმაც არ გასცა მშენებლობის ნებართვა ამ ერთ შემთხვევაში, თორემ ქვათახევის შემთხვევაში, გაცემულია. როდესაც ჩვენ დიდი აქციები მოვაწყვეთ, 2 ყრილობა, საპროტესტო მსვლელობა, აქ, სოფელში, მთელი მოსახლეობა გამოვიყვანეთ. 8 გადაცემა გავიდა ტელევიზიით და ეს ჯგუფი, რომელიც ვიბრძვით, პაატა კოღუაშვილი, დათო გალეგაშვილი და მე, ჩვენ 15-მა პროფესორმა და აკადემიკოსმა, ღია წერილით მივმართეთ მთავრობას, იუსტიციის მინისტრს, ჯერ კიდევ 5-6 სექტემბერს. ვუთხარით, აი, ეს ხდება და შეაჩერეთ. შევთავაზეთ კანონპროექტიც, როგორ უნდა გააკეთონ ისე, რომ პარლამენტის ჩარევაც არ არის საჭირო. იუსტიციის მინისტრს შეუძლია განკარგულება გამოსცეს, რომ სტატუსშეცვლილი სასოფლო-სამეურნეო მიწა, არ იყიდება. ეს პრობლემაც დამთავრდება. რატი ბრეგვაძემ დღესვე რომ გამოსცეს ეს ბრძანება, ამ მიწების გაყიდვა შემცირდება. ამას არ აკეთებენ. იმიტომ, რომ ყველა ეს ხალხი წილშია, არიან ქეშის ამღებები, აი, რაშია საქმე.

-როგორც პრესიდან მახსოვს, კასპის გამგებელმა თქვა, ეს მიწა, რომელზეც დავობთ, რეალურად ფრანგებისაა და არა არაბებისო. ინფორმაცია თქვენი მხრიდან არასწორად ვრცელდება?

– რაო?.. ტყუილია. ფრანგების არ არის. მანდ არის არაბული ფირმა „ალმურუქი“, აუქციონზე იყიდა ქართველმა 29 წლის გოგომ, ვინმე ინგა კურტანიძემ, რომელმაც არაბებს ჩუქება გაუკეთა. აი, ეს პროცესი მიდის მთელ საქართველოში, ვითომ არ იცის ხელისუფლებამ. ჩვენ მივწერეთ მთავარ პროკურატურას ამის თაობაზე და ვაცნობეთ, რომ ეს არის თვალთმაქცური გარიგება და გამოეძიებინათ. პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ახლა მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ინგა კურტანიძის და ლუი ქარიმ მალ ბაღდადის, ამერ ჰესეინ ჰს და ალთოვერკი ალ აბადის მიმართ. აი, ეს ხალხია, რომელმაც ეს მიწა ხელში ჩაიგდო და აუქციონზე მისი გატანა დარღვევით მოხდა. სოფლის მოსახლეობა წინააღმდეგი იყო. არსებობს წერილი, სადაც სოფლის გამგებელი მიმართავს წინა მუნიციპალიტეტის მერს, რომ ეს არის სოფლის საძოვარი და მისი გასხვისება არ შეიძლება. ამის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტროს ყაჩაღთა ბანდამ, მაინც დაუშვა ამ მიწის გასხვისება. ესენი არიან ჩვეულებრივი ყასბები, საქართველოს გამყიდველები. აი, ასე იგდებენ ჩვენს მიწებს ხელში უცხოტომელები. იყო ბანერი გამოქვეყნებული, სადაც იყო დატანილი არაბული სოფელი -თქვენც ნახეთ. თავისი სახლების მაკეტებით. ასევ სოფელი თავისი მეჩეთებით, სახლებით, ბანერი გაკრული იყო. ჩვენ რომ ერთი ამბავი ავტეხეთ, ეს ბანერი მოხსნეს. ხომ 134 სახლზე ჰქონდათ, ახლა ეშმაკობა იხმარეს და სარჩელი ინდივიდუალურ ბინათმშენებლობაზე შეაქვთ. ერთი ბინის აშენების უფლება რომ მიიღონ, სათითაოდ შეაქვთ განცხადებები. ანუ ეს მიწები ხომ უკვე დაყოფილია, გზები გაყვანილია, ბეტონი დასხმულია. ითხოვენ სახლის მშენებლობის უფლებას. ხომ უფლება არ გაქვთ ჩემს საკუთარ მიწაზე, სახლის აშენებაზე, უარი მითხრათ, მომეცით ნებართვაო. აი, ამ თვალთმაქცობამდე მივდივართ. მთელმა სოფელმა მოაწერა ხელი, 500-ზე მეტმა ადამიანმა და განცხადება შევიტანეთ. მათ შორის, სამთავისის დედათა მონასტრის 5 მონაზონი აწერს ხელს. სულ 33 კაცია საინიციატივო ჯგუფში. განცხადებით ხალხმა მოითხოვა სოფლის მოსახლეობის სახელით ჩემი სასამართლო პროცესში ჩართვა.

მოსამართლე ამბობს, ეს სოფელს არ ეხებაო. ე,ი, თურმე ეს საკითხი ჩვენს, სოფლის მოსახლეობის ინტერესებში არ შედის.

აი, ასეთი ხალხი რომ გეყოლება სასამართლოში, რა სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას უნდა ელოდე?!. არ ვიცი, რა ეშველება საქართველოს ასე თუ გაგრძელდა.

-ინდივიდუალურად რწმუნება რომ გაგიკეთოთ ერთმა მოქალაქემ და როგორც მისი წარმომადგენელი, ისე რომ ჩაერთოთ სასამართლო პროცესში?

-გავაკეთეთ და სასამართლომ არ მიიღო. მერე მოსამართლემ რომ არ მიიღო, ავდექით და ეს განცხადება, საინიციატივო ჯგუფის სახელით, შევიტანეთ უკვე მუნიციპალიტეტის მერიაში. ადვოკატის შუამდგომლობაზე, რომ სოფლის სახელით მე, როგორც წარმომადგენელს, სიტყვა მეთქვა, მოსამართლემ უარი მითხრა. 29 დეკემბერს გვაქვს სასამართლო და ასეთ რთულ დღეში ვართ. სახელმწიფო პოლიტიკა, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ეს არის ანტიქართული პოლიტიკა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს განადგურებით ემუქრება. ასეთი დანაშაული არც სერგო ორჯონიკიძეს, ასეც ფილიპე მახარაძეს, არც მიხა ცხაკაიას იმ ბოლშევიკების დროს, არავის ჩაუდენია. ამას ვერ შეედრება ვერც ჰერეთის გასხვისება, ვერც სოჭის, ვერც სხვა ტერიტორიების. იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონი არის 38 000 კვ. მეტრი და 92 000-ზე მეტი აქვთ უკვე მიღებული შიდა ოკუპაციით არაბებს, ირანელებს, თურქებს, ინდოელებს და ა.შ.

– ეს საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების თემაა, ამაზე შესაბამისი სამსახური რატომ არ რეაგირებს და მთავრობის ნაბიჯები რატომ არ იგრძნობა?

-ჩვენ მივმართეთ აი, ამ 500-ზე მეტი ადამიანის ხელმოწერით, როგორც პრემიერ-მინისტრს ივლისში, ისე პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მთავარ პროკურატურას და საქართველოს საპატრიარქოს. ასევე, ცოტა მოგვიანებით, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, საფინანსო პოლიციას, რადგანაც აშკარად თვალთმაქცური გარიგებაა. 29 წლის გოგო ტყიბულში 80 ჰექტარს, ქარელში 16 ჰექტარს, სხვაგან 130 ჰექტარს ვიღაც არაბებს რომ სჩუქნის, სახელმწიფო უწყებები ამ დროს სად არიან? აშკარად ჩანს თვალთმაქცური გარიგება, რომ ბიუჯეტს ფული დაუმალონ – გადასახადი არ გადაიხადონ. სწორედ ამიტომ აფორმებენ ჩუქებით.

 

ესაუბრა გიორგი გლოველი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი