“წყალთან გვაქვს საქმე, რომელიც დენის ყველაზე ძლიერი გამტარია”- თამაზ დოგრაშვილი

თბილისში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე “მედია 24-ს“ საკუთარი მოსაზრება არქიტექტორმა, თამაზ დოგრაშვილმა გაუზიარა. პირველ რიგში, აღნიშნა, რომ ტრაგედიით შეძრულია და ეს მთელი ქვეყნისთვის, “მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით” იყო.
არქიტექტორ თამაზ დოგრაშვილის აზრით, მომხდარი ტრაგედიის მიზეზები ობიექტურად უნდა ვეძებოთ. მას არასწორად მიაჩნია, რომ მთელი რისხვა ქალაქის მერს ატყდება.
მისივე განმარტებით, მსგავსი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემდეგ საჭიროა საგამოცდო ეტაპის გავლა, რომელსაც სპეციალური კომპანია ჩაატარებს. სანამ ექსპერტიზა ჩატარდება და ეს კომპანია “პოლიგონს” დატოვებს, ოქმი უნდა შედგეს, რომ ყველაფერი მწყობრშია, ყველა რეჟიმი ინსტრუქციის შესაბამისად მუშაობს და სამუშაოც ამის შემდეგ უნდა ჩაითვალოს დასრულებულად.
არქიტექტორი აღნიშნავს, რომ ზოგადად, არქიტექტურა ძალიან კომპლექსური სფეროა და შესაბამისად, კავშირი ბევრ პრობლემასთან აქვს. თუმცა, მისი სუბიქტური მოსაზრებით, ყველა რეჟიმის დეტალური ტესტირება რომ უნდა ჩატარებულიყო, ეს არ მოხდა და რაღაც დეტალი გაეპარათ. ამბობს, რომ შადრევანი საცდელ რეჟიმში უნდა ჩაერთოთ, რაც შეიძლება ჩატარდა კიდეც, მაგრამ ფაქტია, რომ უხარისხოდ.
თამაზ დოგრაშვილი აღნიშნავს, რომ დენის დარტყმა ძალიან ინდივიდუალური საკითხია, რომელიც ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარეობს. შესაძლოა, ადამიანმა დიდი ძაბვაც კი გადაიტანოს.
არქიტექტორის ყურადღება იმ მუშაკმაც მიიქცია, რომელიც ბავშვების გადასარჩენად, წყალში ჩავიდა და ამბობს, რომ ამ ადამიანის საქციელი, დიდი სამოქალაქო გმირობაა, რადგან მან უკვე იცოდა, რომ ძაბვის ქვეშ მიდიოდა, თუმცა, ახალგაზრდა სიცოცხლეების გადასარჩენად მაინც წავიდა ამაზე.
“საბოლოოდ, ჩემი აზრი ისაა, რომ მანდ უზუსტესი ტესტირება უნდა მომხდარიყო, რომელიც უსაფრთხო გარემოში, ყველას დაარწმუნებდა. წყალთან გვაქვს საქმე, რომელიც დენის ყველაზე ძლიერი გამტარია. სამწუხაროდ, უმკაცრესი გაკვეთილი მივიღეთ. რაც შეეხება მიტინგებს და მოთხოვნებს, ეს ძალიან დიდი უსამართლობაა და ალბათ “პროტესტანტები” ამას მიხვდებიან. არ შეიძლება ორთქლი ერთ პიროვნებაზე გამოვუშვათ. ქალაქის მერს, გუშინაც ეტყობოდა, რომ ემოციურად შეძრული იყო, მაგას კიდევ შეძახილები აღარ სჭირდება. ვისარგებლებ შემთხვევით და ამ ტრაგედიას, მთელ საქართველოს მივუსამძიმრებ“, – განაცხადა თამაზ დოგრაშვილმა.
ავტორი – სალომე ხომასურიძე

