აშშ-ს საელჩოს მიმართ ბრალდებებს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა შემაშფოთებელი უწოდა
თბილისში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი დენის ჯენკინსმა საქართველოში ამერიკის დიპლომატიური მისიის მიმართ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს „შემაშფოთებელი პირადი თავდასხმები“ უწოდა.
ბონი დენის ჯენკინსს დღეს იმის ხაზგასმა მოუხდა, თუ რა დიდ ძალისხმევას ეწევა ამერიკის ელჩი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციების განსავითარებლად და რამდენად მნიშვნელოვან სამუშაოებს ატარებს. ჯენკინსს არ დაუკონკრეტებია, გულისხმობდა თუ არა ის თავდასხმების ავტორებად ახლად შექმნილი „ხალხის ძალის“ ლიდერებთან ერთად მმართველი გუნდის წევრებსაც.
„ქართული ოცნება“ საკუთარ თავს დღევანდელი განცხადების ადრესატად არ მიიჩნევს და მედიას ანტიამერიკულ იმ განცხადებებს ახსენებს, რომლებიც ოპოზიციის რიგებიდან რამდენჯერმე გაისმა. შენიშვნებს არც მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატების მიერ შექმნილი მოძრაობა იღებს. ის, რაც ოპოზიციის მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმებად და ანტიდასავლურ რიტორიკად ფასდება, „ხალხის ძალისთვის“ მხოლოდ კითხვების დასმაა.
წყარო: 1TV.ge