ემიგრანტი ოჯახის ფილმივით ისტორია – როგორ აღმოჩნდა პარიზის ბაღში საქართველოს დროშა
პარიზში მცხოვრები ქართული, მრავალშვილიანი ოჯახის მიმართ ინტერესი ერთმა ჩვეულებრივმა, მაგრამ ქართველისთვის ამაღელვებელმა ფეიბსუქსტატუსმა გამოიწვია. თუმცა, ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით…
42 წლის ეკატერინე ბერძენი 5 შვილის დედაა, უკვე 13 წელია მეუღლესა და შვილებთან ერთად საფრანგეთში, კერძოდ პარიზში, ვერსალის მხარეს ცხოვრობს.
წარმოშობით ფოთელმა გოგონამ ოჯახი სიყვარულით, 21 წლის ასაკში შექმნა. მისი მეუღლე, ვასილ ლომიძე, 25 წლის იყო. მათი თანაცხოვრება თბილისში დაიწყო და ქვეყანას ორი ახალი სიცოცხლეც აჩუქეს.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როგორც ქართველების უმრავლესობას, მათაც ყოფითი პრობლემები შეექმნათ და ახალგაზრდა ოჯახი, 5 და 7 წლის შვილებით, ემიგრაციის გზას დაადგა.
მეუღლის და საფრანგეთში ცხოვრობდა, ამიტომ ამ რთულ გზაზე, დამხვედრ ქვეყნად სწორედ საფრანგეთი აირჩიეს. მაშინ გამარტივებული სავიზო მიმოსვლა არ არსებობდა და ოჯახის “მოგზაურობაც” არალეგალური გზით გადაწყდა. გზა, რომელიც საკმაოდ სარისკო აღმოჩნდა, ოჯახმა კურიოზებითა და თავგადასავლებით გაიარა, თუმცა, ამ შეგრძნებებს, შიში და დაუცველობის განცდა ამძაფრებდა.
“დღევანდელი გადმოსახედიდან ასე აღარ გავრისკავდი, რა თქმა უნდა, მაშინ ყველაფერი სათავგადასავლო ფილმივით იყო და ეს ყველაფერი მომწონდა. დავწერეთ ყველაფერი, როგორ, რა გზით უნდა წამოვსულიყავით, მოვიკიდეთ გუდა-ნაბადი, ზუსტად ისე, როგორც ზღაპრებშია და ორი პატარით წამოვედით არალეგალური გზით”, – ამბობს ეკატერინე ბერძენი.
ოჯახი ჯერ ლეგალურად ბელარუსში ჩაფრინდა, საიდანაც მატარებლით პოლონეთში გადავიდნენ და 2 თვე დაჰყვეს. იქიდან კი, საკრუიზო გემით, შვედეთში გაემგზავრნენ. გემზე კი, თავს სარკასტული კურიოზი გადახდათ.
ერთ-ერთ მგზავრს მათთვის უთქვამს, რომ გემზე უფასო კვება ეკუთვნოდათ. რესტორანში შეცდომით შესულან და მთელი დანაზოგის იქ დატოვება მოუხდათ, რადგან საკვები ფასიანი იყო.
2 თვე შვედეთში გაჩერდნენ, იქიდან კი, ავტობუსით პარიზის გზას დაადგნენ. ამ პერიოდში აღმოჩნდა, რომ მესამე შვილსაც ელოდებოდნენ. პარიზისკენ მიმავალი გზა, საკმაოდ რთული იყო, რადგან ყველაზე მკაცრად კონტროლირებადი ქვეყანა, გერმანია უნდა გაევლოთ. ერთადერთი საბუთი, რაც გააჩნდათ შვედეთში, საქართველოს საელჩოს მიერ მიცემული დასაბრუნებელი ფურცელი იყო, სადაც ეწერა თუ რომელი ქვეყნების გავლით უნდა დაბრუნებულიყვნენ უკან.
ასე ჩავიდნენ საფრანგეთში, სადაც ლეგალურად ცხოვრების საშუალება 5 წლის შემდეგ მიიღეს. ბავშვები ძალიან განიცდიდნენ საქართველოდან წასვლას, ბებია – ბაბუები ენატრებოდათ. ერთ-ერთმა სამშობლოზე ლექსიც კი დაწერა:
“საქართველოს სიყვარული გულში აღარ მეტევა,
საქართველოს სიმღერა გულში ცრემლად მედება”.
ეკატერინე კიდევ ერთ კურიოზს იხსენებს შვილების ნოსტალგიური განწყობის დღიურებიდან, თურმე ერთ-ერთმა შვილმა, ბებიას ბარბარობის დღესასწაულზე “ლობიანობა” მიულოცა. როგორც ეკა გვიყვება, მათ ცხოვრებაში ბევრი მხიარული და კურიოზებით აღსავსე დღეა, თუმცა, ქვეყნის მონატრება და ნოსტალგია, დღითიდღე კიდევ უფრო მძაფრდება. ცოლ-ქმარი შვილებს საქართველოს სიყვარულს ყოველდღე უღრმავებენ.
როგორც ეკამ მედია სააგენტო “24”-თან საუბრისას აღნიშნა, ქართული წიგნებიც აქვთ წაღებული, რომელსაც ხშირად კითხულობენ. გარდა ამისა, მათი ყოველი საღამოს რუტინა, საქართველოს ისტორიების შესახებ ამბების მოყოლაა.
უცხო ქვეყანაში დასამკვიდრებლად საკმაოდ დიდი დრო დასჭირდათ. 8 წლის შემდეგ კი, ოჯახი სამშობლოს 20 დღით ესტუმრა. როგორც ოჯახის დიასახლისი გვიყვება, ამდენი წლის შემდეგ, ეს 20 დღე იმდენად მცირე დრო იყო, რომ ყველას მოსიყვარულება ვერ მოასწრეს, თუმცა, თავიანთ მოგონებებს, უდიდესი ემოციებით აღსავსე დღეები შესძინეს.
“მცირე დრო იყო, მაგრამ ამდენწლიანი სურვილი მოვიკალით. ჩვენთვის კი, ეს ყველაზე დიდი სიხარული იყო. ფილმი ფესვები მახსენდება, აეროპორტში იმდენი ხალხი დაგვხვდა, ყველანი ვტიროდით”, – ნოსტალგიური და ამასთანავე ბედნიერებითა და სიყვარულით გაჟღენთილი ხმის ტემბრით იხსენებს 5 შვილის დედა.
სამშობლოდან ისევ საფრანგეთს დაუბრუნდნენ და მალევე, სასიხარულო ამბავიც გაიგეს. აღმოჩნდა, რომ კიდევ ორ შვილს ელოდებოდნენ. მათ მიზნებს, კიდევ ერთი სტიმული ემატებოდა.
უკვე, ამდენი წლის შემდეგ, საფრანგეთი მათთვის მეორე სამშობლოა, სადაც საკმაოდ აქტიური ცხოვრება აქვთ. ბავშვები სხვადასხვა აქტივობით არიან დატვირთული, უფროსი 20 წლისაა, ანი ლომიძე მენეჯმენტის ფაკულტეტზე სწავლობს, წერს სიმღერებს და კლიპებზეც მუშაობს. ამასთან ერთად, თეატრალური მიმართულებითაც სწავლობს. მეორე გოგონა, ნინი ლომიძე სკოლას ამთავრებს და სწავლის გაგრძელებისთვის ემზადება. 12 წლის ლაზარე კოლეჯში დადის, მთამსვლელობასა და კიგ-ბოქსინგს ეუფლება. მისი ოცნება, სამხედრო აკადემიაში ჩაბარებაა. ყველაზე პატარებს, ტყუპებს – სესილისა და იოანეს, საკმაოდ აქტიური ცხოვრება აქვთ. ბაღთან ერთად სესილი ბალეტზე დადის. იოანე კი, ჭიდაობაზე. ამასთან ერთად, მუსიკალურ სკოლაშიც სწავლობენ. ეკა მარკეტის მენეჯერად მუშაობს, მეუღლე – დაცვის თანამშრომელია.
“რაც გამოვიარეთ, რომ გადავხედავთ, სულ გვეცინება. სირთულეები ისე გადავლახეთ, თითქოს ვერც გავაანალიზეთ. თუ პოზიტიურად მიუდგები სირთულეებიც კი, მარტივი და სახალისო ხდება. როცა გჯერა და გწამს კარგის, ყველაფერი ფაზლივით იწყობა”, – ამბობს ეკატერინე.
როგორც გავიგეთ, ტყუპები საქართველოში ნამყოფები არ არიან და თურმე, 2-3 წლის ასაკში, საქართველოს თვითმფრინავს ეძახდნენ.
მათში სამშობლოს მონახულების სურვილი იმდენად მძაფრია, რომ ბაღის მასწავლებლებს, თავისუფალ დროს ქართულს ასწავლიან და როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ხარისხიანად, რადგან ტყუპების მშობლებს ფრანგი მასწავლებლები, უკვე ქართულად ესალმებიან და ემშვიდობებიან. სხვა ქართული სიტყვებიც ისწავლეს. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ამ პატარა ქართველებმა, რომლებსაც სამშობლო ჯერ თვალითაც არ უნახავთ, ბაღში მასწავლებელს საფრანგეთის დროშის გვერდით საქართველოს დროშაც დააკიდებინეს.
“მიხარია, რომ არ იკარგება ფესვები, საიდანაც მოვდივართ და ასე უყვართ საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ერთხელაც არ ყოფილან სამშობლოში”, – გვითხრა ტყუპების დედამ, ეკა ბერძენმა.
ავტორი: სალომე ხომასურიძე