ავტოსაგზაო შემთხვევებში სიკვდილიანობით საქართველო კვლავ მოწინავეა – კანონი მკაცრდება, შედეგი არ იცვლება
ავტოსაგზაო შემთხვევების პრობლემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თანამედროვე ცივილურმა საზოგადოებამ საკუთარ თავს ავტომობილით გადაადგილების ფუფუნება მისცა.
ავტომობილი შესაძლოა ძვირი სიამოვნებაა ადამიანებისთვის, თუმცა დღეს უკვე, ღარიბ ქვეყნებშიც აქვთ ადამიანებს შესაძლებლობა, მანქანით იარონ.
ავტომობილს ადამიანი ფატალურ შედეგამდე მიჰყავს ორი გზით. გამონაბოლქვი, რომელიც ანადგურებს ბუნებას და ავტომატურად ჩვენ – ადამიანებს. ეს არის ნელი სიკვდილის გზა, რომელიც არამხოლოდ მძღოლს, არამედ ნებისმიერ ადამიანს ემუქრება. დაბინძურებული გარემო, გამქრალი ბუნებრივი რესურსები, ეს არის ის შედეგები, რომელიც 21-ე საუკუნეში თვალნათლივ ჩანს და რომლის მოგვარებასაც ჯერჯერობით ცივილური სამყარო ვერ ახერხებს. მეორე პრობლემა სწრაფი სიკვდილია, რომელიც ავტოსაგზაო, ფატალურ შემთხვევებს უკავშირდება.
მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში, ნაჩვენებია, რომ მსოფლიოში, გზებზე ყოველწლიურად დაახლოებით 1,35 მილიონი ადამიანი იღუპება, 20-დან 50 მილიონამდე ადამიანი კი სერიოზულ დაზიანებებს იღებს.
საქართველოში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების აუცილებლობა დგას. ამას ცხადყოფს ზემოთ ხსენებული კვლევა, რომლის მიხედვით, საქართველო ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებლით, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა.
ბოლო წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვმა, ისევე, როგორც ამ შემთხვევების დროს დაზარალებულთა რაოდენობამ, საგრძნობლად იმატა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა რიცხვი იყო – 99, ხოლო დაშავებული- 1583. მათ შორის იყო 5 მცირეწლოვანი.
გარდა ამისა, 2022 წლის პირველ კვარტალში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 9540 დარღვევა დაფიქსირდა.
ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი რომ ყოველწლიურად იმატებს, ამის უამრავი მიზეზი არსებობს, მათ შორის, ყველაზე გავრცელებულია:
- სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში; ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ;
- მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება;
- შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა;
- საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა;
- მოძრაობის დაწყების, მოხვევის, მობრუნების, უკუსვლის მანევრი;
- გზაჯვარედინის გავლის წესების დარღვევა;
- ქ/მ გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა;
- ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა;
- დისტანციის დაუცველობა;
სატრანსპორტო საშუალების დგომა-გაჩერების წესების დარღვევა და ა.შ.
უამრავი ადამიანია ჩვენ გარშემო, რომლის ოჯახის წევრი ან ნაცნობი, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. როგორ უნდა დაარეგულიროს სახელმწიფომ აღნიშნული პრობლემა და რატომ გახშირდა ასე ძალიან ავტოსაგზაო შემთხვევები? – ამ კითხვებზე ცალსახა პასუხი სამწუხაროდ არ არსებობს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის 5800 შემთხვევა იყო, პანდემიის პერიოდში, 2020 წელს – 5 000; ხოლო 2021 წელს – 5 900.
2020 წლის მონაცემების კლების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი შესაძლებელია იყოს კოვიდის დროს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების შედეგად გადაადგილების შემცირებული ინტენსივობა.
თანამედროვე სამყაროში, ადამიანები ვთანხმდებით იმაზე, რომ უნდა გაგვაჩნდეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ეს გულისხმობს წესების, კანონების, რეგულაციების დაცვას, რომელსაც შესაბამისი ორგანიზაციები გვიწესებენ. ეს არის ელემენტარული პასუხისმგებლობის შეგრძნება, რომლითაც განმსჭვალული უნდა იყოს თითოეული მოქალაქე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად გამოდის კანონის გამკაცრების ინიციატივით. საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმების გაზრდაზე და უკვე კანონშიც შევიდა. გამკაცრდა ჯარიმები შემდეგ შემთხვევებზე: სიჩქარის გადაჭარბება, თუ სიჩქარის გადაჭარბებას საავარიო ვითარების შექმნა მოჰყვა, ასევე დასჯადი გახდა ავტომობილის განზრახ მოცურება-მოსრიალება ე.წ. დრიფტი, რომელიც საკმაოდ პოპულარულია თინეიჯერებში, ალკოტესტის თავიდან არიდება და პოლიციის დაუმორჩილებლობა.
კანონში ცვლილებებმა მოსახლეობის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. თუ საზოგადოების ნაწილი ემხრობოდა კანონის გამკაცრებას, ზოგი პირიქით, წინააღმდეგობას გამოხატავდა და საკუთარ მოსაზრებას, ისედაც ეკონომიკურად ღარიბ ქვეყანაში ცხოვრებით ამართლებდა.
მოგეხსენებათ, საქართველოში დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ მძღოლი მართვის მოწმობის აღების შემდეგ სწავლობს მანქანის მართვას. ეს აზრი ნაწილობრივ სწორია. ფაქტობრივად, ეს არის უბრალოდ საბუთი, რომელიც ადამიანს პოტენციურ მკვლელად ხდის. გამოცდის წესების ცვლილება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს სატრანსპორტო კანონმდებლობაში, რადგან ქალაქში მოძრაობის წესები მართვის მოწმობის მქონე პირთა 70%-მა არ იცის. ამას მოწმობს მოძრაობის დროს დაშვებული შეცდომები და დარღვევები, რომლის გამოც, საკმაოდ ბევრი ჯარიმა იწერება.
ავტოსაგზაო შემთხვევების გახშირების მიზეზად, შესაძლოა ჩაითვალოს მართვის მოწმობის გამსვლელ გამოცდაზე ასაკობრივი ბარიერის დაწევაც. გამოცდაზე დაიშვებიან თინეიჯერები 17 წლის ასაკიდან. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა თინეიჯერ მძღოლთა რიცხოვნობა, ისევე როგორც ავტოსაგზაო შემთხვევების დროს გარდაცვლილ ახალგაზრდათა რაოდენობა.
გასაკვირი არ არის, რომ თინეიჯერები მოზრდილი ასაკის მძღოლებთან შედარებით სათანადოდ ვერ აფასებენ ან არ ცნობენ სახიფათო სიტუაციებს, ისინი, მიდრეკილნი არიან სიჩქარისკენ და უფრო იშვიათად ატარებენ უსაფრთხოების ღვედს. ასევე, იტაცებთ ავტომობილის შესაძლებლობების გამოცდა და ნაკლებად ფიქრობენ საფრთხეზე. ყოველივე ზემოხსენებულს ემატება გამოცდილების ნაკლებობა, რაც კიდევ უფრო ზრდის არსებულ რისკს.
კიდევ ერთი პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეგვიძლია არის ავტოსკოლებში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სიღრმისეული სწავლება, რამაც შესაძლოა, გარდაცვლილთა სტატისტიკური მონაცემები შეცვალოს კიდეც. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, დაშავებულისთვის სწორი პირველადი დახმარების გაწევა, მოგეხსენებათ ძალიან მნიშვნელოვანია. არასწორმა მეთოდმა, შესაძლოა ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს.
პრობლემათა რიცხვში არის კიდევ ერთი ყურადსაღები გარემოება. საქართველოში ოდითგანვე არსებობდა დამოკიდებულება, რომ ავტომობილში ღვედი უბრალოდ ვიზუალური ეფექტისთვის იყო შექმნილი. მძღოლების ნაწილს რატომღაც, დღემდე უჭირთ იმის გათავისება, რომ უსაფრთხოების ღვედი აუცილებელია გადაადგილებისას. ჩვენ ქვეყანაში მხოლოდ მძღოლი და მის გვერდით მჯდომია ვალდებული, ღვედით ისარგებლოს, მაშინ როდესაც, არანაკლები აუცილებლობა არის უკანა სავარძელზე მსხდომი პირების ღვედით უზრუნველყოფა. მოგეხსენებათ, ღვედი მნიშვნელოვნად ამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანების რისკს. აუცილებელია ამის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის დონემდე დაყვანა და ასევე, ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, თუ რა დანიშნულება აქვს ღვედს, როგორც წინა სავარძლის, ასევე უკანა სავარძლის მგზავრთა უსაფრთხოებისთვის.
2018 წელს დაინერგა მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა, რომლის ფარგლებშიც მართვის მოწმობის მფლობელს ყოველი წლის პირველ იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევების შესაბამისი ქულები აკლდება. ქულების განულების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება უწყდება 12 თვის ვადით ან გამოცდის ხელახლა ჩაბარებამდე. ქულათა გამოკლების სისტემა მხოლოდ პატრულის მიერ პირისპირ დაჯარიმების შემთხვევაში მოქმედებს და არ ვრცელდება ვიდეოკამერებზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე. ეს უდავოდ, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა აუცილებელია ქულების სისტემა ვიდეო ჯარიმებზეც მოქმედებდეს. ასევე, მნიშვნელოვანი რეფორმა იყო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, რომელმაც მძღოლები აიძულა ავტომობილი ტექნიკურად გაემართათ, რაც ნაკლები ზიანის მომტანია, როგორც ეკოლოგიისთვის, ასევე ადამიანებისთვის.
ქვეყნის გადაუჭრელ პრობლემათა სიაში დიდი ხანია ავტოსაგზაო შემთხვევები მოწინავე ადგილს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი სამინისტროს მიერ რეგულირდება საავტომობილო მოძრაობის წესები და კანონები, ამ მიმართულებით მაინც ვერ ხერხდება შესაბამისი ეფექტიანი ღონისძიებების გატარება. თუ მოქალაქეს არ აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, აუცილებელია კანონმა აუკრძალოს სხვა ადამიანისთვის ნებისმიერი სახის დამაზიანებელი ქმედების განხორციელება. თუ შესაბამისი ორგანოები ვერ გვთავაზობენ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს, აუცილებელია ისეთი ქვეყნებისგან ავიღოთ მაგალითი, სადაც უსაფრთხო გადაადგილების სისტემა მრავალჯერ გამოცდილია. ის რაც არ ვიცით, აუცილებელია ვისწავლოთ სხვისგან იმისთვის, რომ მეტი ადამიანი გადავარჩინოთ გზაზე.
ავტორი: ქეთა მელიქიშვილი