“დაიმახსოვრეთ, რეზო ინანიშვილის მწერლობა დაამშვენებს საქართველოს” – გენიალური მწერალი 20 დეკემბერს დაიბადა

1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, გენიალური ქართველი მწერალი, რევაზ ინანიშვილი დაიბადა.

რევაზ ინანიშვილი, მეუღლე-როზა ელიოზაშვილი, დედა-თამარი, შვილი-დათო. თებერვალი 1971წ

“ჩვენი სული ბავშვების მიერ კუბიკებით აშენებულ ხუხულას ჰგავს. ყველა, ვინც კი გვხვდება, თითო კუბიკს მაინც ადებს ზედ, ანდა პირიქით, მიაქვს. და ვაი, რომ ამ ადამიანთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ორი ხელით, უბით, მთელი კალთით იტაცებენ იმას, რასაც თითო-თითოდ დებდნენ სხვები…”

1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში, გენიალური ქართველი მწერალი, რევაზ ინანიშვილი დაიბადა. რევაზმა ხუთი კლასი მშობლიურ სოფელში დაამთავრა. 1937 წელს კი, ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ომის წლებში (1943-1945), 31-ე ქარხანაში მუშაობდა, საიდანაც სასწავლებლად საავიაციო ტექნიკუმში გადავიდა, თუმცა, ეს სასწავლებელი არ დაუმთავრებია. 1947 წელს, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე დაიწყო. 1949 წელს კი, სამწუხაროდ, დის ოჯახის სიდუხჭირის გამო, უნივერსიტეტი მიატოვა. იმავე წელს კი, მუშაობა სამგორის არხის მშენებლობაზე დაიწყო.

1951 წელს უნივერსიტეტში დაბრუნდა და 1956 წელს, თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. როგორც მისი სტუდენტობის მეგობარი იხსენებს, – “რეზო 93-ე აუდიტორიაში სულ წინ იჯდა, წერდა და ხატავდა”.

აღსანიშნავია, რომ რევაზ ინანიშვილი 1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ლიტერატურული შრომით ცხოვრობდა. 1960 წლიდან კი, მუშაობა საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში დაიწყო. 1966 წელს, კინოსტუდია “ქართული ფილმის” სასცენარო განყოფილებაში გადავიდა. 1977 წელს, წლის საუკეთესო კრებულისთვის – “შორი თეთრი მწვერვალი” შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის მფლობელი გახდა.

1980 წელს კინოფილმმა სცენარისთვის – “ქვიშანი დარჩებიან”, მინისტრთა საბჭოს პრემია “ხუთწლედის მატიანე” მიენიჭა. 1985-1988 წლებში კი, მწერალთა კავშირის მდივნად მუშაობდა. 1989 წლიდან, სიცოცხლის ბოლომდე (1991 წლამდე) ჟურნალ ,,დილას” რედაქტორი გახლდათ.

ქართველმა მწერალმა, პირველი მოთხრობა „სახსოვარი“, 1950 წელს, ალმანახ „პირველ სხივში“ გამოაქვეყნა. პირველი კრებული კი, რომელსაც „პირველი მოთხრობები“ ეწოდება, 1953 წელს გამოსცა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე. აღსანიშნავია, რომ მწერალს მრავალი წიგნი აქვს გამოცემული. მისი სცენარების მიხედვით, გადაღებულია ისეთი უკვდავი ფილმები, როგორიცაა: ,,ნატვრის ხე” ლეონიძის მოთხრობის მოხედვით, “ქვიშანი დარჩებიან”, “არდადეგები”, “დედუნა”, “ჩირიკი და ჩიკოტელა” “კაცები”.

რევაზ ინანიშვილი, 1991 წლის 26 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი ნეშტი სხვა, ქართველებისთვის უკვდავ ადამიანებთან ერთად, დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.

,,საოცარი კაცი იყო, თავმდაბალი კაცი იყო. ხანდახან ვფიქრობ, ნეტავ, თავისი თავის ფასი თუ იცოდა-მეთქი”, – აღნიშნავდა მწერლის მეგობარი, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი.

პოეტი ასევე ერთ საინტერესო ფაქტსაც იხსენებდა. მაშინ მათი რექტორი ცნობილი აკადემიკოსი ნიკო კეცხოველი ყოფილა და ერთ-ერთ სუფრასთან მას ასეთი სადღეგრძელო უთქვამს: “დაიმახსოვრეთ, რეზო ინანიშვილის სახელი, ამის მწერლობა დაამშვენებს საქართველოს”.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი