მსოფლიო ტროპიკული ტყეებისა და ჭაობების, ასევე მკვიდრი მოსახლეობის დაცვაზე შეთანხმდა
ადამიანი იქმნის კომფორტულ გარემოს ისე, რომ კარგავს მთავარ კომფორტს – ბუნებას.
დიდი ხანია თანამედროვე მსოფლიო ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა. წლებთან ერთად ეს საფრთხე მხოლოდ იმატებს და არ მცირდება. თვალსა და ხელს შუა ქრება ტყეები და მდელოები, მდინარეები ბუნებრივ კალაპოტებს “კარგავენ”, რაც გარემოზე მომაკვდინებელ გავლენას ახდენს.
გაეროს წევრმა ქვეყნებმა ბუნების დაცვის საკითხზე ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნებმა მოილაპარაკეს, რომ 2030 წლისთვის ბუნების მესამედი დაცული უნდა იყოს. დადებული საეტაპო შეთანხმება მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების, სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ეკოსისტემების, როგორიცაა ტროპიკული ტყეები და ჭაობები, ასევე მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დაცვას.
შეთანხმება – COP 15, გაეროს ბიომრავალფეროვნების სამიტზე მონრეალში, კანადაში, შედგა. თავდაპირველად, სამიტი ჩინეთში უნდა გამართულიყო, მაგრამ, შექმნილი კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, კანადაში გადაიტანეს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, მისალმების შემდეგ აღნიშნა, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილია ბუნების სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება და განხორციელება.
ძირითადი პუნქტები ითვალისწინებს:
● ეკოსისტემებისა და გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნებას, მათ გაძლიერებას, აღდგენას. ასევე გადაშენების პროცესის შეჩერებას.
● ბიომრავალფეროვნების „მდგრად გამოყენებას“. ეს გულისხმობს, რომ სახეობებს და ჰაბიტატებს შეუძლიათ უზრუნველყონ მომსახურება, რომელსაც ისინი აწვდიან კაცობრიობას, როგორიცაა საკვები და სუფთა წყალი.
● ბუნებიდან მიღებული სარგებლის, როგორიცაა მცენარეებიდან მიღებული წამლები, სამართლიანად და თანაბრად განაწილებას. ამასთანავე, მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დაცვას.
● ბიომრავალფეროვნებაში რესურსების გადახდას. ფულისა და კონსერვაციის ძალისხმევით საჭირო დროსა და ადგილას მათ გამოყენებას.
როგორც კანადის გარემოსა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა, სტივენ გილბომ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მართლაც ისტორიული მომენტია, კლიმატისთვის პარიზის მიერ გადადგმული ნაბიჯის მსგავსად.
2015 წელს გაფორმდა პარიზის კლიმატის შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავდა მსოფლიო ტემპერატურის ზრდის 2C-ზე დაბლა შენარჩუნებას.
მონრეალის სამიტი განიხილებოდა ბუნების აღდგენის “უკანასკნელ შანსად”. მოლაპარაკების განმავლობაში ერთმანეთს გაემიჯნა და დაუპირისპირდა გეგმების დაფინანსება და ამბიციის სიძლიერე. დიდ პრობლემას წარმოადგენდა დაფინანსების შესაძლებლობა და კონსერვაციის მცდელობები დედამიწის იმ ნაწილებში, სადაც გვხვდება მსოფლიოს გამორჩეული ბიომრავალფეროვნება.
ბიომრავალფეროვნება აერთიანებს დედამიწის ყველა ცოცხალ არსებას და მათ კავშირს სიცოცხლის რთულ ქსელში, რომელიც პლანეტას ინარჩუნებს.
ფინანსები სხვა დროსაც აღმოჩნდა დაბრკოლება. ეგვიპტეში კლიმატის სამიტის, COP 27 -ის შეთანხმებით, ზოგიერთი ქვეყანა, ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად, ითხოვდა ახალი ფონდის შექმნას, მაგრამ ეს მოსაზრება დანარჩენმა ნაწილმა უარყო.
შეთანხმების ახალი ტექსტი ჩინეთმა კვირას გამოაქვეყნა. დელეგატებმა, ორშაბათს დილით, სამიტის სრული სხდომა მოიწვიეს. COP 15-ის პრეზიდენტმა, ჰუანგ რუნ ქუიმ, განაცხადა, რომ შეთანხმება დამტკიცებულია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგობის მიუხედავად. კონგოს პოზიციით, მათ არ შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ ამ შეთანხმებას.
ჯორჯინა ჩენდლერმა, ფრინველთა დაცვის სამეფო საზოგადოების უფროსმა და საერთაშორისო პოლიტიკის მრჩეველმა, მადლობა გადაიხადა და აღნიშნა, რომ ადამიანები და ბუნება ორივე უკეთეს მდგომარეობაში იქნება, მონრეალში დადებული შეთანხმების წყალობით.
“ახლა ეს დასრულებულია. მთავრობებს, კომპანიებსა და საზოგადოებას სჭირდება გარკვევა, როგორ დაეხმარებიან ამ ვალდებულებების რეალობად გადაქცევას”, – განაცხადა მან
“ველური ბუნების დაცვის” საზოგადოების წარმომადგენელმა, სიუ ლიბერმანმა თქვა, რომ ეს შეთანხმება იყო კომპრომისი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კარგი და მძიმე ბრძოლის ელემენტი ახლავს თან, მას შეუძლია უფრო შორს წასვლა:
“ნამდვილად შეცვლის ჩვენს ურთიერთობას ბუნებასთან და შეაჩერებს ეკოსისტემების, ჰაბიტატებისა და სახეობების განადგურებას”…
შეთანხმება რამდენიმე დღის ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ შედგა. შაბათს, მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საჭიროა მკაფიო მიზნებზე შეთანხმება, რადგან ბუნება, ათწლეულის ბოლომდე, აღდგენის გზას დაადგეს.
,,გაეროს განვითარების პროგრამის“ ეს „ისტორიული შეთანხმება“ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბიომრავალფეროვნების დაკარგვის შესაჩერებლად რეალური პროგრესის იმედი უნდა ჰქონდეთ.
მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ტყეები და მდელოები კატასტროფული სისწრაფით იკარგება, ოკეანეები ბინძურდება. ეს მოიცავს ისეთი დაავადებების რისკის გაზრდას, როგორიცაა: SARs-ი, CoV-2, HIV-ი და ებოლა, რომლებიც ველური ცხოველებიდან ადამიანებზე გადადის.
წყარო: bbc.com
თარგმანი: მეგი მიქაბერიძე