“კერასინკიდან” მსოფლიო “რეფორმატორამდე” – რას ვერ აპატიებს ქართველი ხალხი მიშას

გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და მსოფლიო გადანაწილების მძიმე შედეგების ფონზე, რაც უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის სისხლისმღვრელი ომის პირობებში მიმდინარეობს, საქართველო “ვარსკვლავბიჭუნას” – მიხეილ სააკაშვილის, ჭირვეულობით არის დაკავებული. ექსპრეზიდენტი, რომელიც სისხლიანი რეჟიმის შემოქმედია, დღეს პატიმრობა მისჯილი კლინიკის პალატაში ზის და ქვეყანას კვლავ ვნებს. საკითხი მარტივად დგას – „ოლიგარქი საქართველოს მესამე პრეზიდენტს კლავს“, ასეთია პროპაგანდის ხაზი და იმ პიარტექნოლოგების სამოქმედო გეგმაც, რომელიც ამერიკაში სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ დაიქირავა.

სააკაშვილის ოჯახი და რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ცდილობენ, მსოფლიო საზოგადოება დაარწმუნონ, რომ საქართველოში მესამე პრეზიდენტის სახით პოლიტპატიმარი უზით ციხეში და არა სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელმაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქვეყანას და ხალხს, დაკარგა ტერიტორიები და ა.შ.

სააკაშვილის ჭირვეულობას ბოლო არ უჩანს. მისი არამდგრადი ბუნება დახურულმა სივრცემ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ფართო საზოგადოებისთვის. “ნაციონალური მოძრაობის” მიერ კონტროლირებადი ტელეკომპანიების ეთერიდან გადმოღვრილ პროპაგანდას – სააკაშვილის წამებასა და მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, ახლა უკვე სააკაშვილის “მოწამვლის მცდელობა” დაემატა.

გავლენის აგენტურის მუშაობის შედეგიც სახეზეა – ლამის ყოველდღიურად კეთდება ევროპარლამენტის დეპუტატების ნაწილის მხრიდან სააკაშვილის განთავისუფლების და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, განცხადებები. ეს „ობიექტური“ ევროპარლამენტარები იქამდეც კი მივიდნენ, რომ თითს უქნევენ საქართველოს, ხელისუფლებისგან კანონგარეშე მოქმედებას ითხოვენ და ქართულ საზოგადოებას 12-პუნქტიანი გეგმით გვაშანტაჟებენ. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, თუ სააკაშვილს ციხეში დავტოვებთ.

დიდი ხანია გაცვეთილია ფრაზა – მიხეილ სააკაშვილი – დემოკრატი მმართველი, ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების დამცველი და ეროვნული პოლიტიკის გამტარებელი. მიშას მიმართ ასეთი შეფასება ბევრს ჯერ კიდევ, 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” პირველივე დღეებიდან არ სჯეროდა, რადგან ხვდებოდნენ, რა მიზნები ამოძრავებდა სააკაშვილს და მის “ნაციონალურ მოძრაობას”; რა ელოდა ქვეყანას. შედეგმაც არ დააყოვნა და მივიღეთ რეჟიმი სრული სიმკაცრით – კერძო საკუთრების ხელყოფით, ხალხის ქუჩებში ჩაცხრილვითა და ციხეებში გაუგონარი სისასტიკით.

დღეს ეს “გმირი” პრეზიდენტი, რომელმაც 2008 წელს აგვისტოს წაგებული ომი, რუსთაველზე თანამოაზრეებს აზეიმა, პენიტენციური სისტემის მსჯავრდებულია – სისხლის სამართლის საქმეები მის წინააღმდეგ აღძრულია, საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის, აგრეთვე ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტსა და გირგვლიანის მკვლელებისადმი განსაკუთრებული პირობების შექმნისთვის, ასევე 7 მლნ-ის სახელმწიფო სახსრების პირადი ინტერესებით განკარგვისთვის, რასაც ნაცპროპაგანდამ დასავლური მედიისთვის დამაკნინებელი სახელწოდება – “პიჯაკების საქმე” მოუძებნა.

საზოგადოების უდიდესი უმრავლესობისგან განსხვავებულად ფიქრობენ სააკაშვილის მომხრეები. მათი აზრით, კლინიკა “ვივამედის” პაციენტი არის ის მმართველი, რომელმაც საქართველო უკუნეთი ბნელეთიდან გამოიყვანა, ნელი სიკვდილით კლავენ ციხეში კაცს, რომელმაც “კერასინკებიანი” საქართველო სახელმწიფოდ აქცია, ინსტიტუციები შექმნა და საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას აღიარება მოუტანა. ერთი სიტყვით, ქვეყანას დღეს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი რომ აქვს, ეს თურმე სააკაშვილის დამსახურება ყოფილა. მიშას მომხრეებისთვის სააკაშვილით დაიწყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია, უძველესი დამწერლობის მქონე ქვეყანა მსოფლიო რუკაზე სააკაშვილის დამსახურებით გაჩენილა.

სააკაშვილის მომხრეები ვერ იჯერებენ იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ საქართველოში რუსეთის ინტერესების მსახური და გამტარებელი სწორედ მათი სათაყვანებელი პრეზიდენტია და მას რუსეთის მსხვერპლს უწოდებენ. სიტყვაძუნწობით, მაგრამ მაინც აღიარებენ, რომ პრეზიდენტმა ბევრი რამ დააშავა, რომ იყო გამოუსწორებელი დანაშაულები, მაგრამ მათ ენაზე ეს სიტყვები ასე ჟღერს – სააკაშვილი უამრავ რამეში შეცდა, იყო გამოუსწორებელი შეცდომები, მაგრამ ქვეყანა მაინც წინ მიდიოდა, დასავლეთისკენ, რომ თურმე, მაშინ იყო საქართველოში დაცულობის შეგრძნება და მომავლის იმედები.

“მძიმეა უყურო მსოფლიოს თანამედროვე რეფორმატორს ასე უმწეოს. კაცს, რომელსაც რუსეთი მთელი თავისი რესურსით ებრძოდა და ებრძვის”, – ასეთია სააკაშვილის მომხრეებისთვის მათი იუბილარი პრეზიდენტი, რომელიც დღეს 55 წლის გახდა.

რამდენად იყო სააკაშვილი მსოფლიოს თანამედროვე რეფორმატორი, სადავოა, მარტივი მიზეზის გამო. ბოლომდე ცნობილი არის, ის რაც რეფორმატორმა სააკაშვილმა საქართველოში ჩაიდინა, ეს მისი ხელისუფლებაში მომყვანების დაკვეთა იყო, მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად თუ მხოლოდ თავად სააკაშვილის და მისი რუხი კარდინალის „შემოქმედება“.

რაც არ უნდა იყოს, დღეს ფაქტი ერთია – საზოგადოება მეტად ინფორმირებულია და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ 2012 წელს, რეჟიმისგან წნეხის დაღწევის შემდგომ, გადაწყვიტა, რომ აღარასდროს დაუშვას ქვეყნის სათავეში მსგავსი სასტიკი მმართველის მოსვლა. ბუნებრივია, აქ ნაცმოძრაობა და მისი განაყარებიც იგულისხმებიან.

მართალია, სააკაშვილის მომხრეები აქტიურად მოსთქვამენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე და სიგამხდრეზე, მაგრამ არცერთი მათგანი რეალურად არ ზრუნავს საკუთარ ლიდერზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არასწორი პიარ-პროპაგანდით არ იქნებოდნენ დაკავებული. ურჩევდნენ, სულიერად მომაგრებულიყო და ეღიარებინა, მოენანიებინა ის დანაშაულები, რაც ჩაიდინა და ერის წინაშე ბოდიში მოეხადა, მაგრამ მათთვის მიშა ხომ დამნაშავე კი არა, შემცდარია. მიშა დანაშაულს კი არ ჩადიოდა, შეცდომებს უშვებდა.

რაც შეეხება საზოგადოების მეორე ნაწილს, რომელიც სააკაშვილის დაპატიმრების დღიდან, ხელისუფლების ნაბიჯებს აკვირდება, მიაჩნიათ, რომ ბრალი არასწორად აქვს წარდგენილი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი გაცილებით მძიმე დანაშაულებისთვის უნდა გასამართლდეს.

უმთავრესი ბრალდება კი უნდა იყოს ქართული მიწების გასხვისება. საქართველოს კანონიერი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მიერ გაუქმებული “სამხრეთ ოსეთის” აღდგენა! ბუნებაში არარსებული გეოგრაფიული ტერმინის – “ზემო აფხაზეთის” შეთითხნა!

დანაშაულებრივად მიიჩნევა, პრეზიდენტ სააკაშვილის 2007 წლის 10 მაისის ბრძანებულება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნაზე.

სააკაშვილის ხელისუფლების შეცდომა იყო, კონსულტაციების წარმოება გარდამავალ პერიოდში დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სახელწოდების სამხრეთ ოსეთის განსაზღვრის მიზნით და სხვა.

“თქვე ავაზაკებო, ვის იცავთ?! ვისთვის იბდღვნით ბალანს?!” – არაერთი მოქალაქე წერს დღეს, სააკაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში და ვრცელდება ინფორმაციები იმ ნორმატიული აქტებისა და ბრძანებულებების შესახებ, რომელსაც სააკაშვილი აწერს ხელს და რომელიც ქვეყნისთვის დამაზიანებელი იყო.

ასეთი დამაზიანებელი ბრძანებულების საფუძველზე, 2006 წლის 28 სექტემბერს გაჩნდა ტერმინი “ზემო აფხაზეთი”. პრეზიდენტის ბრძანებულება №572-ში ვკითხულობთ: “გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” კანონში ცვლილების შედეგად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარკვეულ ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლულია შემდეგი ბუნებრივი საზღვრებით: სამხრეთ-აღმოსავლეთით – სოფ. ქვ. ქვაბჩარიდან მდ. ვიამიშისა (ლამკაცი) და კოდორის წყალგამყოფი ქედის გასწვრივ, ოჩამჩირისა და მესტიის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვრამდე, იქიდან ამ საზღვრის გაყოლებით საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე, სამხრეთ-დასავლეთით – სოფ. ქვ. ქვაბჩარიდან მდ. ქვაბჩარისა და ჩხალთის წყალგამოფი ქედის გასწვრივ, ამტყელისა და ადანგის გადასასვლელებზე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე, ჩრდილოეთით – საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე, – ეწოდოს ზემო აფხაზეთი (მ. სააკაშვილი)”.

ასე რომ, ამ უმძიმესი ბრალდებების ფონზე, აქცენტები “კერასინკაზე” კი არა, კოდორის უბრძოლველად ჩაბარებაზე და ამ მოღალატური ნაბიჯის პასუხისმგებლობის დაყენებაზე უნდა კეთდებოდეს.

რა ხდებოდა იმ წლებში, საზოგადოებამ კარგად იცის. ადამიანებმა საკუთარ ტყავზე იწვნიეს 90-იანების სიმძიმე და დანაკარგები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ არ გამოკვეთოს პოზიცია – ქართული სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლა, არავის ეპატიება, მათ შორის არც ქვეყნის პრეზიდენტს!

კანონი ყველა მოქალაქეზე თანაბრად ვრცელდება, მიუხედავად რანგისა და წოდებისა. პრეზიდენტის სტატუსი ინდულგენცია არ არის, ისევე, როგორც დეპუტატის მანდატი. ქვეყნის მთავარსარდლის სტატუსი, უდიდესი პასუხისმგებლობაა და ეს დიდ გამძლეობას და სიმტკიცეს მოითხოვს. ამიტომ, დღეს ყოფილი მთავარსარდლისგან, რომელმაც განუზომლად გაიზარდა თავის დროზე უფლებამოსილება, მსგავსი დამამცირებელი ქცევა, რაც საავადმყოფოს ჩანაწერების გავრცელებით იხილა საზოგადოებამ, არამხოლოდ სამარცხვინოა, არამედ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რას გაუძლო ქვეყანამ სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის პირობებში და რა ტიპის მმართველი ჰყავდა ქვეყანას დასავლელი ლობისტების და რუსული ინტერესების ხელდასხმით და შეთანხმებით!

გიორგი გლოველი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი