დღეს ირაკლი ფარჯიანის გარდაცვალების დღეა

ირაკლი ფარჯიანმა შექმნა მრავალი გენიალური და დაუვიწყარი ნახატი, რამაც მარადიულ მხატვრად აქცია.

ირაკლი ფარჯიანი

ცნობილი ქართველი მხატვარი და პოეტი 1950 წლის 22 მაისს მესტიაში დაიბადა. ირაკლი ფარჯიანის მამა სპირიდონ ფარჯიანი, პარტიის წევრი და სვანეთის სამხარეო პარტკომის მდივანი იყო, დედა კი გერმანულის მასწავლებელი. ირაკლი ფარჯიანების ოჯახის მესამე ვაჟი გახლდათ.

სპირიდონ ფარჯიანის ჰობი ხეში კვეთა იყო, რამაც დიდი გავლენა იქონია თავის შვილებზეც. ირაკლიმ ხატვა პატარაობიდან დაიწყო. სკოლის დასრულების შემდეგ, თბილისში მოსამზადებელ კურსებზე დადიოდა, რის შემდეგაც ხელოვნების აკადემიის სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. ფერწერის ფაკულტეტზე ირაკლი 1968-1974 წლებში სწავლობდა და სწორედ აქ ჩამოუყალიბდა თავისი გამორჩეული მხატვრული სტილიც. ირაკლი ფარჯიანის საყვარელი ჟანრი იყო მინიატურა და რელიგიური თემატიკა.

80-იან წლებში მხატვარმა თავად დაიწყო მისთვის სასურველი პასტელური ფერების დამზადება და გამოყენება, რამაც საფუძველი ჩაუყარა ფარჯიანისეულ ხელწერას. ირაკლი ფარჯიანი თავისი შემოქმედებით აბსტრაქციონისტი და იმაგინაციური რეალისტია, თუმცა ამავდროულად ნატურმორტებისა და პეიზაჟების ავტორიცაა. მხატვრის ხელითაა გადაწერილი და დასურათებული იოანეს, მარკოზისა და ლუკას სახარება. ის საქართველოს ეროვნული ჯილდოსა და ფიროსმანის პრემიის ლაურეატია.

ფარჯიანი ადრეულ ასაკში ტუბერკულოზით დაავადდა, თუმცა მხატვრობის სიყვარულმა მაინც გადაწონა ავადმყოფობა და ხატვა არც მაშინ შეუწყვეტია.

„სრულიად ახალგაზრდას შეურყია ჯანმრთელობა “ძლიერმა სენმა”. ზეთის საღებავებით ხატვა მისთვის აღარ შეიძლებოდა, მაგრამ არჩევანის წინაშე არც დაუყენებია საკუთარი თავი, არც ავადმყოფობას უწევდა ანგარიშს, პირიქით, ეპაექრებოდა კიდეც“, – აღნიშნავს მხატვრის მეუღლე ასმათ ფარჯიანი.

ირაკლი ფარჯიანი 1991 წლის 22 დეკემბერს, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც მოასწრო მრავალი გენიალური და დაუვიწყარი ნახატის შექმნა, რამაც მარადიულ მხატვრად აქცია.

თაკო ბოკუჩავა


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი