გორის სასამართლომ არაბებს სამთავისის ტაძართან სოფლის აშენების უფლება მისცა

20 დეკემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ქართული მოსახლეობა მასშტაბური აქციების დაწყებას გეგმავს და მთავრობის სასახლისკენ დიდი საპროტესტო ტალღის დაძვრას აანონსებენ.

ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვა კვლავაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სოფლები საძოვრების გარეშე რჩება, მათ ადგილს კი არაბული, ირანული, ინდური თუ ჩინური დასახლებები იკავებს. ამ დროს კი, ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის მთავარი საძიძგილაო თემა ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმაა.

“მოიარეთ ბაზალეთი, ჯუგაანი და სხვა ადგილები, შეგზარავთ, რაც ხდება. საქართველოში სხვა ქვეყნებია უკვე. აგერ თბილისიდან 30 კილომეტრში თხოთის მთა, წმინდა ნინოს ტერიტორია, სხვისია – ირანელების. რისთვისაც თავს სწირავდა ქართველი, დღეს ის ჩვეულებრივი ამბავია. გიორგი სააკაძემ შვილი შესწირა სამშობლოს. ეს ტერიტორია დღეს უცხოელების ხელშია. არაბები, რომლებიც 3 საუკუნე ანადგურებდნენ ქართველ ერს და ყველა ეკლესია-მონასტერი დაკეტეს, დღეს ფულით ყიდულობენ იმ მიწას, რასაც მკერდით იცავდნენ ჩვენი წინაპრები. გული მისკდება, ამას რომ ვუყურებ. ეს ხელისუფლება თუ ამ დონეზე გამყიდველი იქნებოდა, არ მეგონა. მთავრობის სხდომები ტარდება და ამაზე ხმას არავინ იღებს. როგორც ჩანს, ძალიან დიდ ფულს იღებენ. გემრიელად არიან, ყველას სახლი აქვს უცხოეთში, გაიქცევიან. ვაი, უბედურო ქართველებო, ვინც აქ დავრჩებით”, – აცხადებს მწერალი ვაჟა ოთარაშვილი.

ისეთი მცირემიწიანი და პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა რელიგიურ კომპონენტთან ერთად მტკივნეული საკითხია მიწების უცხოელებზე გაყიდვა. ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში რელიგიურ კომპონენტს ხაზს შეგნებულად ვუსვამთ, რადგან დღესაც, როგორც საუკუნეებით ადრე, ძალზედ მნიშვნელოვანია ეკლესიის მკვეთრი, სახელმწიფოებრივი პოზიცია ქართული მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით.

გაჭირვებული მოსახლეობის პარალელურად, მიწის, როგორც ეროვნული სიმდიდრის გასხვისებას არაბებსა და ირანელებზე, საკმაოდ აქტიურად ეწევა სახელმწიფოც, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. საქართველოს მთავრობა ამ საკითხზე დუმს. მიწების გასხვისებით მიღებულ საბიუჯეტო შემოსავალს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უწოდებს, რეალურად კი ქართველი მოსახლეობა საარსებო საშუალების გარეშე რჩება. რაც მთავარია, ქვეყანას უდიდესი საფრთხე ექმნება – უცხოტომელთა კომპაქტური დასახლებების მომრავლებით.

მწერალი ვაჟა ოთარაშვილი იმ საინიციატივო ჯგუფის წევრია, რომელიც ცდილობს ქართული მიწების უცხოელებზე მასობრივი გასხვისება შეაჩეროს; ამ გზით დაიცვას ადგილზე მკვიდრი მოსახლეობის ინტერესები, რომლებიც სულ მალე არაბებისა და ირანელების მხრიდან შეიძლება შევიწროებულებიც კი აღმოჩნდნენ. მიზეზი მარტივია – მათ საკუთრებაში გადასული მიწების დიდი ნაწილი, ათობით ჰექტარი, ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიებია ანუ რეალურად ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა. ამ ადგილებზე არამართლმადიდებელთა სოფლები კი, ბუნებრივად გააჩენს პრობლემებს და მკვიდრი მოსახლეობის ინტერესების, უფლებების დაცვა გაჭირდება.

ამ საფრთხეს მწერალი ცხადად ხედავს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეაჩეროს ეს მოღალატური პოლიტიკა.

ვაჟა ოთარაშვილი

“თეთრი ძაფით არის ნაკერი ის საქმე, რომლითაც უცხოელები ქართულ მიწებს იკანონებენ. ამაზე ხელისუფლება, ეკონომიკის სამინისტრო და ყველა, ვინც ეროვნულ ინტერესებზე და ქართული მიწების დაცვაზე უნდა ზრუნავდეს, დუმს. საქართველოს პრემიერს მივმართეთ წერილობით, მაგრამ რეაგირება არ არის. პრესცენტრი შეეხმიანა ბ-ნ პაატა კოღუაშვილს. ჩვენ ოფიციალური დოკუმენტები გავუგზავნეთ და კანონპროექტი, როგორ უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ ქვეყანა არ დაზიანდეს, სახელმწიფო უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე. ქართული სახელმწიფო დგება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს უცხოური კომპაქტური დასახლებები, მათი ახალი მფლობელები, ნელ-ნელა ბინადრობას იღებენ და ხვალ-ზეგ არჩევნებში რომ მიიღონ მონაწილეობა, ისე მრავლდებიან, დაგამხობენ. ალბათ, მერე ამ ტერიტორიას არა საქართველო, არამედ „ვილაია გურჯისტან“ დაერქმევა. ამის პრეცედენტი არის თრაკეა ბულგარეთში. თურქეთთან რომ შეერთებას მოითხოვენ. ამისი პრეცედენტები აგერ გვაქვს – ბაზალეთის ტბის გარშემო 5 არაბული სოფელი შენდება. შიგნით ვერ შეხვალ, დაცვის პოლიცია დგას, მავთულხლართები, შლაგბაუმები. ასეა ჯუგაანში, კახეთში. იქაც ირანელებისაა. იქეთ ინდოელების და ა.შ. ეს პროცესი არის ძალიან რთული. თბილისში, პლეხანოვს გულისტკივილით ამბობ, იმიტომ, რომ მილიონიანი ქალაქია და იქ, ვთქვათ, 20-30 ათასი უცხოელი არ ჩანს. როცა ქვემო ჭალა-სამთავისის მოსახლეობა 1000 კომლია და შენ აქ 1300 კომლ არაბს მისახლებ, ეს ნიშნავს, რომ მე, ძირძველმა ქართველმა, ქუდი უნდა დავიხურო და სხვაგან გადავსახლდე”, – ამბობს ვაჟა ოთარაშვილი.

პრობლემა რომ მეტად მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელია, ფაქტია, მით უმეტეს, როცა საქმე გვაქვს არა მხოლოდ ცალკეული სოფლების საძოვრების გასხვისებასთან, არამედ ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შემოგარენში არსებულ მიწების არაბებისა და ირანელების საკუთრებაში გადაცემასთან.

ამ მხრივ, არა მხოლოდ ეთნიკური ბალანსი ირღვევა ადგილებზე, ცალკეულ სოფლებში, არამედ ეს ტენდენცია საფრთხის შემცველია და ამაზე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური უნდა ზრუნავდეს მთავრობასთან ერთად.

“რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი საშიშროება. ამაზე არავინ ლაპარაკობს. ლაპარაკი მიდის სიაფანდობა მიშელის გეგმაზე, ნატოს ღია კარში ლივლივზე და ა.შ. ამ სისულელეზე მიდის საუბარი და დროის ხარჯვა, ქვეყანა კი რეალური საფრთხის წინაშეა”, – აცხადებს ვაჟა ოთარაშვილი.

აღსანიშნავია, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ, 2 დღის წინ, მოსამართლე დავით პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, არაბებს სოფლის აშენების უფლება მისცა სოფელ ქვემო ჭალაში, სამთავისის ტაძრიდან 2 კილომეტრში.

რატომ დუმს ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტის შესაბამისი რაიონების დეპუტაცია და ეკლესია?მიწების მასობრივად გასხვისებაზე ადგილობრივი დეპუტატები ხმას რატომ არ იღებენ? მათ მოსახლეობის პრობლემების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ თუ ამ საკითხს პრობლემად არ აღიქვამენ?

როგორც მედია სააგენტო “24”-ს ვაჟა ოთარაშვილმა განუცხადა, კასპი-გორის დეპუტატი არის ვინმე ხოჯევანოვი, გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ხოლო “ქართული ოცნებიდან” – ირაკლი მეზურნიშვილი. საკითხი ვერც კასპის საკრებულოს სხდომაზე გაატანინეს. ოთარაშვილი კასპის საკრებულოს ყრუ-მუნჯთა ბალაგანს უწოდებს.

“ეგენი ქვეყნის დაქცევისთვის არიან. თავისი ბიზნესები აქვთ და პირიქით, ხელს უწყობენ, ეს მიწები გაიყიდოს და უცხოელები შემოვიდნენ. ქეშებს იღებენ, ამაშია საქმე. უფრო მეტს გეტყვით, ჩვენ მოვძებნეთ სოფელ ქვემო ჭალის საკრებულოს დეპუტატი მიდელაშვილი. ხმა ვერ ამოვაღებინეთ, როგორც ყრუ-მუნჯი, ისეა. კასპის საკრებულოსაც მივმართეთ. ვუთხარით, თქვენ ხომ ამ სოფლის მოსახლეობის მიერ ხართ არჩეული, ამ ხალხის ინტერესები უნდა დაიცვათ-მეთქი! ეს დეპუტატები „ქართული ოცნების“ წევრები არიან. საკრებულოს სხდომაზე ვერ გავატანინეთ ეს საკითხი, საკრებულომ თავისი პოზიცია რომ გამოხატოს და შეფასება მისცეს ამ საკითხს. ეს ხომ ადგილობრივი პარლამენტია, ფაქტობრივად. ვერ თქვეს, რომ ეს სოფლის მოსახლეობის ეკონომიკურ და დემოგრაფიულ მდგომარეობას აუარესებს. აი, ეს ელემენტარული ვერ მივაღებინეთ და ვერ თქვეს – მიწების უცხოელებზე გასხვისება მოსახლეობას კარგს არაფერს მოუტანსო. ქვეყანა ამ უბედურებაშია. ასეთი უიმედო არასდროს ვყოფილვარ. ამ ამბით, შეძრული ვარ”, – აცხადებს ოთარაშვილი.

მისივე თქმით, ქვეყანა იყიდება, ქართულ მიწა-წყალს ისე ყიდიან, როგორც მწვანილს ან ვაშლს. ეკონომიკის სამინისტრო ფარულად ატარებს ვითომ ელექტრონულ აუქციონებს.

“მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე მწერს – აი, გავყიდეთ, ესა და ეს. ელექტრონული აუქციონია. თქვენ ხელს ვერ შეგვიშლითო”, – ამბობს ვაჟა ოთარაშვილი.

როგორც ოთარაშვილი განმარტავს, ქვათახევში, სადაც 14 ჰექტარი მიწა არაბებმა იყიდეს არაბული დასახლების ასაშენებლად, 4 ჰექტარი ოფიციალურად საპატრიარქოს კუთვნილებაა. ამ ტერიტორიაზეა ქართული სალოცავები, მაღალაანთ კოშკები და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. კონკორდატის თანახმად, რომელიც დადებულია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, აღნიშნული ტერიტორია ეკლესიის კუთვნილებაა.

“იმდენად თავხედები არიან ეს ეგვიპტელი არაბები, ამბობენ, რა გინდათ, აქ სახლებს არ ავაშენებთ, ნაგებობა გვექნება და ხეებს დავრგავთო. მათთვის არავითარი განსხვავება არ არის, მიწა ვისი საკუთრებაა. ჩემს სოფელში თაღლით კუხიანიძეს ხელში აქვს ჩაგდებული ამილახვრების სასახლეები, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, გივი ამილახვრის კოშკები და ა.შ. ამ უბედურებაშია ქვეყანა”, – განუცხადა “24”-ს ვაჟა ოთარაშვილმა.

ქვათახევის მამებთან ერთად, მეუფე ანდრიას კურთხევით, მოსახლეობამ ტერიტორიაზე ჯვარი აღმართა. მოსახლეობის მოთხოვნას მხარს უჭერენ მეუფე ანდრია, დედათა მონასტრის დედაოები და იღუმენია, დედა ისიდორა. საჩივარს ხელი ხუთმა მონაზონმა მოაწერა. ვაჟა ოთარაშვილის გაოცებულია იმით, რომ ამ საკითხში პასიურობს მეუფე შიო, ​პატრიარქის თანამოსაყდრე.

მისი აზრით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უფრო აქტიური პოზიცია უნდა ეკავოს, რადგან ქვეყნის ყოფნა-არყოფნაზე მიდის უკვე საუბარი და ეს ზოგადი ქადაგებები და განმარტებები, მრევლისთვის საკმარისი არ არის.

“თუ ვიღაც ამბობს, რომ კონკორდატიდან გამომდინარე, ეკლესია არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში და სახელმწიფო საქმეებში, ეს არის ბოლშევიკური მიდგმა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო ქართული სახელმწიფოს თავი, ეროვნული ინტერესების მატარებელი”, – აცხადებს მწერალი.

იმავე კონკორდატიდან გამომდინარე, რომ შევხედოთ საკითხს, გამოდის, რომ სახელმწიფო არღვევს კონკორდატს. ეკლესიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯადაც შეიძლება ჩავთვალოთ, იმიტომ, რომ თუ კი რაიონებში, სოფლებში, ბალანსი შეიცვალა და ამდენი მუსულმანი და სხვა რელიგიის წარმომადგენლები დასახლდებიან, მკვიდრი ქართული მოსახლეობა კატასტროფულ უმცირესობაში აღმოჩნდება. შემცირდება მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, რაც სიკეთეს ნამდვილად არ გვიქადის. ამას ემატება მიგრაციის კატასტროფული ზრდა.

“100 ათას ადამიანზე მეტი გავიდა ამ ბოლოს ქვეყნიდან, წარმოიდგინეთ, რამდენი იყო აქედან ეკლესიის მრევლი. ფაქტია, მრევლი ადგილზე მცირდება. თუ არაბები მომრავლდებიან, ისევე, როგორც აიასოფიას ტაძარი მეჩეთად გადააკეთეს, ხვალ-ზეგ შეიძლება სამთავისი და ქვათახევი მეჩეთად გადაგვიკეთონ, ისე, რომ ხმა ვეღარ ამოიღო. ჩემ ბოსტანს კი არ ვიცავ, ქართულ მიწას ვიცავ, ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყულ სამშობლოს ვიცავ, ქართულ მიწას, რომელიც, როგორც წარსულის, ასევე დღევანდელობის და მომავალი თაობის საკუთრებაა. იმ ქართველების საკუთრებაც არის, რომლებიც ჯერ არ დაბადებულან. რატომ ვყიდით, ღვთით ბოძებულს?! ამის გაყიდვის უფლება არავის აქვს. ღმერთმა გვიბოძა ეს მიწა”, – ამბობს ვაჟა ოთარაშვილი.

ადგილობრივი მოსახლეობა დრო გამოშვებით საპროტესტო აქციებს მართავს, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ეს საკმარისი არ არის. 20 დეკემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულები უფრო მასშტაბური აქციების დაწყებას გეგმავენ. როგორც ვაჟა ოთარაშვილი ამბობს, დიდი საპროტესტო ტალღა დაიძვრება მთავრობის სახლისკენ.

მისი თქმით, “ქართული ოცნებაც” და სააკაშვილის მთავრობაც ანტიქართული პოლიტიკის გამტარებლები არიან.

“სააკაშვილი ხალხს იჭერდა, აწამებდა, ციხეებში ამწყვდევდა და ბიზნესს ართმევდა. დღევანდელმა ხელისუფლებამ კი, ხალხს გაუძვირა ყველაფერი, საწვავი, მედიკამენტები, ცხოვრების პირობები და პლუს, ყველაზე მთავარი, მიწა-წყალს უყიდის ქართველობას. უფრო სწორად, ართმევს, კი არ უყიდის. ადგილობრივ მოსახლეობას ყველგან ავიწროებენ. საძოვრები აქვთ ყველგან აღრიცხული და სწორედ ეს მიწები იყიდება. მომავალი წლიდან, ეს მიწა რომ გაიყიდა, იმ გლეხმა, სად უნდა აძოვოს საქონელს?! ან უნდა გაყიდოს ან თვითონაც უნდა წამოვიდეს, აიყაროს. გესმით, რა საშიშროების წინაშე ვართ? ვერაგი პროცესი დაიწყო მთავრობამ. ესენი არიან გამყიდველები, სამშობლოს მოღალატეები. ამაზე დიდი პრობლემა, ქვეყანას არ აქვს. ჩვენ კი, მიშელის 12-პუნქტიან გეგმაზე ვლაპარაკობთ. ნატოში შესვლაზე და ა. შ. ყველა ეგენი სოდომისტები არიან. რაც ვეფერებით, რას ვლივლივებთ ამ ნატოს გაღებულ კართან ან ევროკავშირთან. ქვეყანა გვეცლება ხელიდან. მიმოიხედავთ ხვალ და რა შეგრჩებათ? დაიმახსოვრეთ, ამაზე საშინელი პროცესი, არ ყოფილა საქართველოში. ახლა რაც ხდება, მზარავს. ნეტა, საერთოდ ხელი არ მომეკიდა”, – აცხადებს ვაჟა ოთარაშვილი.

გიორგი გლოველი

ასევე წაიკთხეთ:

კასპის მოსახლეობა მიწებისთვის იბრძვის – ფრანგები თუ არაბები, ვისი სოფელი შენდება წინარეხში


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი