ანიკენ ჰუიტფელდი საქართველოს რუსეთთან დიალოგის პოლიტიკას მიესალმება

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიკენ ჰუიტფელდი საქართველოს დიალოგის პოლიტიკას მიესალმება, რომლის მიზანია, რუსეთის აგრესიის ფონზე, სიტუაციის განმუხტვა. იგი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმება. თავის
ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ანიკენ ჰუიტფელდმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” ოკუპაციის გაგრძელება საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა. ხოლო რუსეთის „ბორდერიზაციის“ პოლიტიკა, გატაცებები და დაკავებები სირთულეებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, რაც სავალალო და სრულიად მიუღებელია.
„ვადასტურებ ნორვეგიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც მისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ. მივესალმებით საქართველოს დიალოგის პოლიტიკას, რომლის მიზანი, რუსეთის აგრესიის ფონზე, სიტუაციის განმუხტვაა,“- განაცხადა ანიკენ ჰუიტფელდმა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ის აფასებს საქართველოს მიერ წლების განმავლობაში საერთო უსაფრთხოებაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს და მადლობელია ჩვენს მიერ, გასული წლის შემოდგომაზე ქაბულიდან განხორციელებული ევაკუაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.
ავტორი: თაკო ბოკუჩავა

