ამ აგრესიის პირობებში რუსეთთან ლიბერალური სავიზო რეჟიმი მიუღებელია: პრეზიდენტი

zurabishvili moldovashi

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოუწიოს.  რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივ შემოსვლას ზურაბიშვილმა გამოწვევა უწოდა, ხოლო საქართველოს სავიზო რეჟიმს რუსეთის მოქალაქეების მიმართ – ლიბერალური.

„არ არის გამორიცხული სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერაა გადასაწყვეტი“, – აცხადებს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით დღეს, მოლდოვის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც კოლეგასთან შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზეც ისაუბრა. „რუსეთის მოქალაქეებს შემოსვლა საქართველოში, ნამდვილად არის გამოწვევა. არ ვიტყოდი საფრთხეს, მაგრამ გამოწვევა არის. მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში იმ სიტუაციის გამო, რაც რუსეთში არსებობს. მაგრამ ასევე არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო შემოდიან საქართველოში”, – აცხადებს პრეზიდენტი.

ზურაბიშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება შესაძლო საფრთხის თავიდან არიდებისთვის ყველა მექანიზმს იყენებს და ყველა საჭირო ზომას იღებს, ახლა აუცილებელია საზოგადოების ამ კუთხით ინფორმირება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვის რესპუბლიკას დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოლდოვის რესპუბლიკაში ლევან დიასამიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი.

ქეთა მელიქიშვილი


“ჯორჯ ბუშმა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა დაუწუნა“ – მოგონებები ზვიად გამსახურდიაზე

31 მარტი ისტორიული რეფერენდუმისა და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა

ახალგაზრდა პიანისტი სანდრო გეგეჭკორი “ჯულიარდის სკოლაში” ისწავლის

31 მარტის ამინდის პროგნოზი

გერმანიაში ქართველი მძღოლები გაიფიცნენ – “მძიმე სამუშაო პირობები, სტრესი, აუღებელი ხელფასი”

პოდკასტი