სიღნაღის თეატრალური ფესტივალი დაარსდა

სიღნაღში თეატრალური ფესტივალი ყოველწლიურად, ივნისის ბოლოს გაიმართება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ქალაქ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია „სიღნაღის თეატრალურ ფესტივალს“ დააფუძნებენ. იდეა გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილს ეკუთვნის. ფესტივალი სამინისტროს, სიღნაღის მუნიციპალიტეტისა და კერძო დონორების ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდება.

როგორც სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა სიღნაღში თეატრალური ფესტივალი ყოველწლიურად, ივნისის ბოლოს გაიმართება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. დამფუძნებლები ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს, უახლოეს პერიოდში შეარჩევენ.

მისივე ინფორმაციით, ფესტივალის მიზანია, ქვეყანაში იმ სამოყვარულო ან სახალხო დასების მხარდაჭერა და ქართულ თეატრალურ სამყაროსთან ინტეგრაცია, რომლებსაც დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი არ აქვთ. ფესტივალი ასევე, საქართველოში თეატრალური პროცესების წახალისებასა და ხელშეწყობას ითვალისწინებს. მისი დანიშნულება, სიღნაღის კულტურულ-შემოქმედებითი მიზიდულობის ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციაა.

ფესტივალში მონაწილეობა საქართველოში მოქმედ სამოყვარულო ან სახალხო, მათ შორის, კულტურის სახლებთან არსებულ დასებს შეუძლიათ. ასევე, იმ სახელმწიფო და კერძო სამართლებრივი სტატუსის მქონე პროფესიულ თეატრებს, რომელთაც აქვთ/ექნებათ სამოყვარულო/სახალხო დასებთან ან თეატრებთან ისეთი ერთობლივი ნამუშევარი, სადაც ყველა სუბიექტი თანაბრად არის წარმოდგენილი ან წამყვანი სამოყვარულო/სახალხო თეატრი/დასია.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო „სიღნაღის თეატრალური ფესტივალისთვის“ პრემიებსაც აწესებს შემდეგ ნომინაციებში:

1. საუკეთესო სპექტაკლი – გრანპრი;

2. საუკეთესო რეჟისურა;

3. საუკეთესო სცენოგრაფია;

4. საუკეთესო მუსიკალური გაფორმება;

5. საუკეთესო მსახიობი, მათ შორის ეპიზოდური როლის შემსრულებელი (მამაკაცი);

6. საუკეთესო მსახიობი, მათ შორის ეპიზოდური როლის შემსრულებელი (ქალი).

როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ფესტივალის გამარჯვებულებს, ხუთკაციანი ჟიური გამოავლენს, რომელიც ორი პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და სამი თეატრის კრიტიკოსისგან იქნება დაკომპლექტებული. მათ, სამინისტრო სიღნაღის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, დაამტკიცებს. გამარჯვებულებზე გადაწყვეტილებას ჟიური ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით მიიღებს.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი