“საქართველოს ბანკის” გაუმართავი ბანკომატების გამო, მოქალაქეები ფულს კარგავენ
მედია სააგენტო “24”-ს მიმართეს მოქალაქეებმა, რომლებსაც “საქართველოს ბანკის” გაუმართავი ბანკომატებიდან თანხის აღებისას პრობლემა შეექმნათ, ან ბანკომატმა ანგარიშიდან თანხა ისე ჩამოაჭრა, რომ კლიენტს კუთვნილი კუპიურა ბანკომატიდან არ მიუღია.
ბოლო ხანებში “საქართველოს ბანკის” მომსახურების ხარისხის მიმართ ხშირად ისმის მოქალაქეების უკმაყოფილება, მათ შორის, თანხის უკონტროლოდ ჩამოჭრის გამო.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 19 დეკემბერს, მეტროსადგურ “სამედიცინო უნივერსიტეტში” მდებარე “საქართველოს ბანკის” ბანკომატთან მოხდა, როდესაც მოქალაქეს 50 ლარის ოდენობით თანხის მოხსნა სურდა და ბანკმა ანგარიშიდან თანხა ისე ჩამოაჭრა, რომ მოქალაქეს ფული არ მიუღია.
“ეს თანხა, იმ მომენტში ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ბანკომატმა თანხა არ გამინაღდა, თუმცა ანგარიშიდან 50 ლარი მაინც ჩამომაჭრა. დაახლოებით რამდენიმე წუთში მივმართე მეტროში მდებარე “ექსპრეს ბანკის” ფილიალს. ბანკომატის ხარვეზი სისტემური იყო, რადგან ჩემს თვალწინ ოპერატორს 5-მა მოქალაქემ მსგავსი პრობლემით მიმართა.
ვესაუბრე ოპერატორს, რომელმაც ამიხსნა რომ ბანკომატის ინკასაციის შემდეგ, თანხა დამიბრუნდებოდა. თუმცა ბანკომატში თანხა მეტობით არ აღმოჩნდა. თანხის განაღდების შესახებ სმს შეტყობინება კი დაახლოებით 20 წუთში მომივიდა”, – განუცხადა “24”-ს “საქართველოს ბანკისგან” დაზარალებულმა მოქალაქემ.
როდესაც მოქალაქემ ბანკს მიმართა, განუმარტეს, რომ თანხა, სავარაუდოდ ბანკომატმა გვიან გასცა და მისი კუთვნილი 50 ლარი სხვა მოქალაქემ აიღო. ამის შემდეგ, ბანკის თანამშრომელმა დაზარალებულს ურჩია სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიემართა.
“მივმართე ისევ “ექსპრეს ბანკს”, ბანკის ოპერატორმა დამიდასტურა, რომ იმ დღეს პრობლემა მართლაც სისტემური იყო და მათ არაერთმა მოქალაქემ მიმართა. ბანკში დავწერე განცხადება კამერების გახსნის მოთხოვნით. ვაპირებ მივმართო სამართალდამცავ ორგანოსაც”, – აცხადებს მოქალაქე “24”-თან საუბრისას.
გამომდინარე იქიდან, რომ საგამოძიებო პროცესი თვეობით გაიწელება, “საქართველოს ბანკის” დაზარალებული კლიენტი ითხოვს, საქმის გამოძიებამდე გაუმართავი ბანკომატის გამო დაკარგული თანხა ბანკმა დაუყოვნებლივ აუნაზღაუროს.
“ფაქტია, რომ ბანკმა ვერ დაიცვა ჩემი უსაფრთხოება და ინტერესები, ის რომ ბანკომატი დაზიანებული იყო, არის ბანკის დანაშაული და პასუხისმგებლობა, ის რომ ჩემი თანხა სხვა მოქალაქემ აიღო, ესეც ბანკის პასუხისმგებლობაა. მაშინ, როდესაც გადაცილებულ “მინუს 1 ლარზე” ბანკის ოპერატორები ყოველდღე მირეკავენ, რომ დავფარო, “მომხმარებელზე ორიენტირებული” ბანკი ჩემთვის მოპარულ თანხას რატომ არ მინაზღაურებს?” – აცხადებს “საქართველოს ბანკის” მიერ დაზარალებული მოქალაქე.
ანალოგიური პრეტენზიით მედია სააგენტო “24”-ს სხვა მოქალაქეებმაც მიმართეს. მათი ინფორმაციით, “საქართველოს ბანკის” ბანკომატების გაუმართავი მუშაობა მათთვის უცხო აღარ არის.
“ბანკომატები აშკარად ჭედავს, არ მომცა თანხა, თავიდან შევასრულე ტრანზაქცია და მერე რაღაც ყოყმანის შემდგომ გასცა თანხა. აშკარად პრობლემები აქვს ბანკომატებს და მიხედონ დროულად”, – აცხადებს ის.
კიდევ ერთი მოქალაქე. პენსიონერი ქალბატონი კი “24”-ს უყვება, რომ ბანკომატიდან პენსიის მოხსნა სურდა, თანხას დროულად ხელი ვერ მოჰკიდა და ფული ბანკომატში შებრუნდა.
“იმ წამსვე დავრეკე ბანკის ნომერზე და ჩაინიშნეს ყველაფერი, 2 კვირა ველოდე, სანამ თანხა დამიბრუნეს”, – აცხადებს იგი.
ვითარებაში გარკვევის მიზნით, მედია სააგენტო “24” “საქართველოს ბანკს” დაუკავშირდა.
ბანკში აცხადებენ, რომ მოქალაქემ მომხდარის გამო, სამართალდამცავ ორგანოებს უნდა მიმართოს. მათი თქმით, “საქართველოს ბანკის” ოპერატორები ცდილობენ მომხმარებელს ყველანაირად დაეხმარონ, თუმცა ბანკს შესაბამისი პროცედურები აქვს გაწერილი.
როგორც ბანკის ოპერატორმა გვითხრა, მოქალაქის პრეტენზიაზე ემოციური რეაგირების იქით, სხვა ვერაფერს გააკეთებენ. ბანკის ვალდებულება საკითხზე ადეკვატური რეაგირება იყო, რომლის ფარგლებში ყველა შესაბამისი ღონისძიება განახორციელეს.
“მოკვლევის დროს, ინკასაციამ თუ დაადასტურა, რომ თანხა ბანკომატში მეტობაში არ იყო, მაშინ თანხა რანაირად უნდა დააბრუნოს ბანკმა? მაშინ სამართალდამცავებს უნდა მიმართოს და სამართალდამცავები გაარკვევენ შემდგომ. როცა სხვა გზა არ არის, მაშინ რა უნდა ქნა? ხარვეზი ყველა ბანკომატს აქვს და ამისგან დაზღვეული არავინ არ არის”, – აცხადებენ “საქართველოს ბანკში”.
რაც შეეხება თანხის ანაზღაურებას, მათი განმარტებით, მსგავსი პრაქტიკა “საქართველოს ბანკში” უბრალოდ არ არსებობს.
“ყველა ბანკს გაწერილი აქვს კონკრეტულ შემთხვევაში, როგორ უნდა იმოქმედოს. გასაგებია, რომ თანხა ვიღაცას ერთ ან ორ დღეში სჭირდება, მაგრამ ასე ხომ თანხას ვერ გავცემთ. სანამ საქმეს სამართალდამცავები არ გაარკვევენ, ბანკი ნამდვილად ვერაფერს გააკეთებს და დაზარალებულს 1 ლარსაც ვერ ჩაურიცხავს”, – ამბობენ ბანკში.
როგორც აღმოჩნდა, “საქართველოს ბანკი” თავისი მთავარი მისიის – მომხმარებელთა ინტერესების და რაც მთავარია ფინანსური უსაფრთხოების დაცვას ვერ უზრუნველყოფს. მოქალაქეები ბანკომატიდან თანხის გამოტანის დროს, თანხის მიღების ნაცვლად, ფულს კარგავენ.