ორმაგი სტანდარტის ფილოსოფია – სააკაშვილის დანაშაულების ხმაურიანი სათაურებით გადაფარვის დასავლური პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი

საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას სურს ქვეყანა სამართლებრივი და დემოკრატიული გზით განვითარდეს. ქართველი ხალხის სურვილია, პოლიტიკური მიზანშეწონილობით თითი არ გვიქნიონ დასავლეთის პოლიტიკური წრეებიდან ლობიზმის საფარქვეშ და ის, რაც იგივე ამერიკაში დანაშაულად ითვლება, ქართული რეალობიდან გამომდინარე, არ გვიმტკიცონ, უსამართლობაა და კანონის აღსრულებაზე უარი თქვითო.

ევროპარლამენტართა ორმაგი სტანდარტი კარგად ჩანს, მით უფრო, როცა საქმე კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებს ეხება და როცა საჯაროა ინფორმაცია დაქირავებული ლობისტური კომპანიისა და მისი დაფინანსების შესახებ. ლობიზმში, თავისთავად, ცუდი არაფერია და ამაში ვერც ყოველდღიურად საქართველოს მაკრიტიკებელ ფოტიგებს და სხვა ევროპელ დეპუტატებს გავაკრიტიკებთ. მაგრამ, როცა ევროპული პოლიტიკის ეს კონკრეტული წარმომადგენლები, მხოლოდ ცალმხრივად აფასებენ პროცესებს და თუნდაც, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაში, ცალსახად მიკერძოებულ განცხადებებს აკეთებენ, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია, რადგან მასზეც ისევე ვრცელდება ეროვნული კანონმდებლობა, როგორც ქვეყნის რიგით მოქალაქეზე.

საინტერესოა, რატომ ცდილობენ ევროპარლამენტის დეპუტატები საქართველოს ხელისუფლებას კანონგარეშე მოქმედება აიძულონ, რომ სააკაშვილის საკითხის გამო, ქართული მართლმსაჯულება სამართლის ჩარჩოებიდან გავიდეს. დავიჯეროთ, რომ აქ მხოლოდ ფინანსური ინტერესებია და არა, მაგალითად, გარკვეული გამიზნული დარტყმების მიყენება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინში მყოფი საქართველოს ხელისუფლებისთვის?

ამჯერად ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას უკმაყოფილებას ქართული სასამართლო იწვევს. როგორც ფოტიგა „ტვიტერზე“ წერს:

“მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემიდან, თითქმის ათი წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, მისი მდგომარეობა და ნიკა გვარამიას საქმე სიმბოლურია და აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ქართული სასამართლო სისტემა”.

ფოტიგას მხრიდან საქართველოს სასამართლო ხელისუფლებისადმი კრიტიკა და უკმაყოფილება, გასაგებია. მიზანი – ბრალდებული სააკაშვილის საქართველოდან ჰუმანიტარული მიზნით გაყვანაა, თუმცა მაინც კარგია, რომ ევროპარლამენტარი ამ საკითხს შეეხო – მრავალეტაპიანი და მრავალტალღიანი ქართული სასამართლო რეფორმის შედეგები, ბოლომდე არც ამ ქვეყნის უმრავლესობის მოწონებას იმსახურებს. თუმცა, ძალიან ბევრია იმ ადამიანთა შორის პასუხისმგებელი სასამართლოს დღევანდელ მდგომარეობაზე, ვინც დღეს მას ხმამაღლა აკრიტიკებს.

სასამართლოსადმი უკმაყოფილებას ღიად აფიქსირებს ამერიკის ელჩი, რომლის ხმაურიანი განცხადებაც საყოველთაოდ ცნობილია, ისევე როგორც ფაქტი, როგორ დაბლოკეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე და ამოიღეს აშშ-ში დაგეგმილი პროგრამის მონაწილეთა სიიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტი თავად მოსამართლემ არ დამალა და საჯაროდ განაცხადა – გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მას აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს. სწორედ ამ ფაქტზე გაბრაზებულმა კელი დეგნანმა და სავარაუდოდ, კიდევ არაერთი, მისთვის სასურველი შედეგის ვერ მიღწევის გამო, განაცხადა მედიასთან – 6 მლრდ დოლარით დაგეხმარეთ ანუ სტრატეგიული მოკავშირის მიერ ათწლეულების მანძილზე გაწეული დახმარება წამოგვაყვედრა, თუმცა იქვე სუბარმა და მისმა „ხალხის ხმამ“ არ დააყოვნა, რეალურად 3 მლრდ იყო ეს დახმარება და ისიც არასამთავრობო სექტორს გადაეცა, რომლებიც დღეს გავლენის აგენტურას წარმოადგენენო.

დღეს, სასამართლოზეც უპრეცედენტო ზეწოლაა, ისევე როგორც ხელისუფლებაზე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მართლმსაჯულებამ ობიექტური სიტყვა თქვას და პოლიტიკური სპეკულაციისთვის ადგილი არ დატოვოს.

თუმცა, როგორც ირკვევა, სასამართლოთი კმაყოფილებას ვერ მალავს, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამერიკელ ადვოკატთან ამტკიცებს, რომ ის პოლიტიკური პატიმარია.

„მიხეილ სააკაშვილი ძალიან კმაყოფილი იყო გუშინდელი პროცესით. რა თქმა უნდა, ერიკ დევიდ გოლდსმიტი ძალიან კარგი პროფესიონალია და რაც მან გუშინ გვაჩვენა, ეს იყო მასტერკლასი. მისი გამოსვლა ჩვენი პროფესიონალებისთვისაც ძალიან კარგი იყო გამოცდილების მისაღებად“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გიული ალასანიამ, შვილის გადარჩენის პარალელურად ქართველი ფსიქიატრების კვალიფიკაციის ამაღლებაზეც ზრუნავს.

ბუნებრივია, სააკაშვილის კმაყოფილების მიზეზი გასაგებია – დასავლურ მედიაში უკვე იბეჭდება სტატიები, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე. თუმცა, არსად, არცერთ სტატიაში, ამ დრომდე არ წერენ იმ ბრალდებების და მტკიცებულებების შესახებ, რომლის საფუძველზეც ექსპრეზიდენტი განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა. სამწუხაროა, რომ აქაც ორმაგი სტანდარტია – ხმაურიანი სათაურები, მძიმე დანაშაულს ფარავს და ამ გზით ხდება მცდელობა დასავლეთის მიერ ლობირებული რეჟიმის ავტორის – მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანის და პასუხისმგებლობის თავიდან აცილების.

გიორგი გლოველი


პოდკასტი