პოლონეთი გერმანიისა და რუსეთისგან II მსოფლიო ომის დროს ნაძარცვის უკან დაბრუნებას ითხოვს
სექტემბერში პოლონეთის კულტურის სამინისტრომ დაიწყო ახალი კამპანია მოპარული ნამუშევრების, განსაკუთრებით რუსეთიდან დაბრუნების მოთხოვნით.
პოლონეთმა გაეროს განათლების, ხელოვნების, მეცნიერებისა და კულტურის სააგენტოს – UNESCO-ს, დახმარების თხოვნით მიმართა. ვარშავას სურს, უკან დაიბრუნოს ხელოვნების ის ნიმუშები, რომლებიც, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ნაცისტური გერმანიის ოკუპაციის დროს დაიკარგა. მათი ინფორმაციით, ნაცისტური გერმანიისგან მიღებული ზარალი 1,3 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
“აგრესორმა პოლონური კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობა განსაკუთრებული სისასტიკით დააზიანა. ისინი სისტემატურად ანადგურებდნენ და ძარცვავდნენ პოლონელთა თაობის მიღწევებს, ნამუშევრებს, ისტორიულ არქიტექტურას, ხელოვნების კოლექციებს, ბიბლიოთეკებს, არქივებს”, ― აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არკადიუშ მულარჩიკი.
მან წერილობით მიმართა იუნესკოს გენერალურ დირექტორს, რომელშიც პოლონეთიდან წაღებული კულტურული ნიმუშების უკან დაბრუნებაში თანამშრომლობას ითხოვს.
“გერმანიას ჯერ არ აუღია პასუხისმგებლობა ამ ქმედებებისთვის. 1939-1945 წლებში გერმანიის შემოსევისა და ოკუპაციის შედეგად მიყენებულმა უკიდურესად ფართო და მძიმე დანაკარგებმა დიდი გავლენა იქონია მთელ ქვეყანაზე. განსაკუთრებით კულტურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და განათლების სფეროზე”, – აღნიშნულია მულარჩიკის წერილში.
პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ომის დროს მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, გერმანიისგან რეპარაცია ჯერ კიდევ სექტემბერში მოითხოვეს. ამ საპარლამენტო კომიტეტს მულარჩიკი ხელმძღვანელობს.
1939-1945 წლებში, სასტიკი ოკუპაციის დროს, მოკლეს პოლონეთის დაახლოებით ექვსი მილიონი მოქალაქე, რომელთაგან ნახევარი ებრაელი იყო. ეს რიცხვი წარმოადგენდა ომამდელი მოსახლეობის დაახლოებით 17%-ს. ამის გათვალისწინებით, პოლონეთს, ომის დროს, უფრო დიდი დანაკარგი ჰქონდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას.
გარდა ამისა, განადგურდა ქალაქები, მათ შორის დედაქალაქი ვარშავა, ასევე ხელოვნების ნიმუშები, წიგნები და სხვა კულტურული მემკვიდრეობა. ოფიციალურ ვარშავაში აცხადებენ, რომ ათასობით ასეთი ნივთის კვალი გამქრალია.
“დღეს ეს ნივთები გერმანიის სახლებში, სასახლეებში, მუზეუმებშია”, ― აცხადებს მულარჩიკი.
მან იუნესკოს ორმხრივ მოლაპარაკებებში ხელშეწყობისა და გერმანიის მიერ პოლონეთიდან გატანილი კულტურული ნიმუშების დაბრუნების საკითხში დახმარებისკენ მოუწოდა.
საბჭოთა კავშირმა, ნაცისტურ გერმანიასთან ერთად, პოლონეთი 1939 წელს დაიპყრო. სექტემბერში პოლონეთის კულტურის სამინისტრომ დაიწყო ახალი კამპანია მოპარული ნამუშევრების, განსაკუთრებით რუსეთიდან დაბრუნების მოთხოვნით.
ოქტომბერში პოლონეთმა ბერლინში გაგზავნა დიპლომატიური წერილი, რომელშიც ასახული იყო მათი პოზიცია. მაგრამ, მულარჩიკის თქმით, გერმანიიდან ოფიციალური პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღიათ. გერმანიის მთავრობის მტკიცებით კი, პოლონეთს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, რათა ომის რეპარაცია მოითხოვოს.
პოლონეთის მთავრობამ ნოემბერში დიპლომატიური წერილი გაუგზავნა ევროკავშირის, ნატოს და ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოს. მასში განმარტებული იყო გერმანიის წინააღმდეგ არსებული მოთხოვნები. ამით პოლონელები ცდილობენ საერთაშორისო ცნობიერების ამაღლებასა და მხარდამჭერთა მოძიებას.
წყარო: notesfrompoland.com
თარგმანი: მეგი მიქაბერიძე